არტურ ზაის-ინკვარტი
არტურ ზაის-ინკვარტი (გერმ. Arthur Seyß-Inquart) (დ. 22 ივლისი, 1892, შტანერნი, მორავია (დღევ. სტონაროვი, ჩეხეთი) — გ. 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი იურისტი, ავსტრიის და შემგომში მესამე რაიხის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაარტურ ზაის-ინკვარტი დაიბადა 1892 წლის 22 ივლისს შტანერნში (დღ. ჩეხეთი), გიმნაზიის დირექტორის ოჯახში. 1907 წელს ოჯახი ვენაში (ავსტრია) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან დაამთავრა გიმნაზია და 1910 წელს სწავლა განაგრძო ვენის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1914 წლის აგვისტოდან იგი მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ტიროლის საიმპერიო ეგერთა (გერმ. Kaiserjäger) ბატალიონთან ერთად იბრძოდა რუსეთში, რუმინეთში და იტალიაში. ომში იგი დაიჭრა და დაჯილდოებულ იქნა მამაცობისთვის.
1917 წელს არტურ ზაის-ინკვარტმა აიღო იურისტის დიპლომი და 1921 წელს საკუთარი საადვოკატო კანტორა გახსნა ვენაში. 1925 წელს იგი სათავეში ჩაუდგა „გერმანულ-ავსტრიულ სახალხო კავშირის“ პარტიას და დაიწყო კონტაქტის დამყარება „NSDAP“-თან. 1933 წელს ავსტრიის კანცლერმა ენგელბერტ დოლფუსმა იგი თავისი კაბინეტის წევრი გახადა. 1937 წელს გერმანელ ნაცისტთა დაჟინებული ზეწოლის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტი ავსტრიის სახელმწიფო სათათბიროში მიიწვიეს.
1938 წელს არტურ ზაის-ინკვარტი „NSDAP“-ში შევიდა. იმავე წლის 12 თებერვალს ჰიტლერი ინტერვენციით დაემუქრა ავსტრიის კანცლერ კურტ ფონ შუშნიგს, თუ ეს უკანასკნელი არტურ ზაის-ინკვარტს მინისტრის პორტფელს არ მისცემდა. 4 დღის შემდეგ, 1938 წლის 16 თებერვალს ზაის-ინკვარტი დაინიშნა „შინაგანი მმართველობის და უშიშროების მინისტრად“. ამით მის განკარგულებაში მოექცა მთელი ავსტრიის პოლიცია. შუშნიგის გადადგომის შემდეგ, 1938 წლის 11მარტს არტურ ზაის-ინკვარტმა კანცლერის პოსტი დაიკავა და 2 დღის შემდეგ, 13 მარტს, პროტესტის ნიშნად გადამდგარი პრეზიდენტის ვილჰელმ მიკლასის თანამდებობაც გადაიბარა.
1938 წლის მარტის დასაწყისში ვერმახტის დივიზიებმა გადალახეს ავსტრიის საზღვარი და დაიწყო „ანშლუსის“ პროცესი, რომელიც 13 მარტს ზაის-ინკვარტის ხელმოწერით დასრულდა. ავსრტიამ, როგორც დამოუკუდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 16 მარტს ჰიტლერის ბრძანებით არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ახლადშექმნილი „ოსტმარკის“ რაიხსშტატჰალტერად და მიენიჭა „SS“-ის ობერგრუპენფიურერის წოდება.
1939 წლის 12 ოქტომბერს ზაის-ინკვარტი დაინიშნა დაპყრობილი პოლონური ტერიტორიის გენერალ-გუბერნატორის ჰანს ფრანკის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობის წევრების და ინტელექტუალთა დეპორტაციას საკონცენტრაციო ბანაკებში და მათ ფიზიკურ განადგურებას.
1940 წლის 29 მაისს ჰიტლერის ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა ოკუპირებული ნიდერლანდების რაიხსკომისრის თანამდებობაზე. 1940—1945 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ნიდერლანდებში „იძულებითი მუშაობის კანონის“ გატარებას, ებრაელთა დეპორტაციას საკონცენტრაციო ბანაკებში, იატაკქვეშა მოძრაობის წევრების ფიზიკურ განადგურებას, მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზირებას.
1945 წლის 1 მაისს ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა და ფიურერის ანდერძის თანახმად ეს თანამდებობა ზეის-ინკვარტმა დაიკავა, რომელიც მას სულ რამდენიმე დღით ეკავა. ზაის-ინკვარტი მაისის პირველ რიცხვებში დაპატიმრებულ იქნა კანადელი ჯარისკაცების მიერ ნიდერლანდებში და გადაცემულ იქნა სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალს.
1946 წლის 1 ოქტომბერს ნიურნბერგის მთავარ სამხედრო დამნაშავეთა პროცესზე მოკავშირეთა სამხედრო ტრიბუნალმა იგი დამნაშავედ ცნო პოლონეთსა და ნიდერლანდებში ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულში და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. განაჩენი შესრულდა 1946 წლის 16 ოქტომბერს ღამის 2 საათსა და 50 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.
ზაის-ინკვარტის ბოლო სიტყვები იყო: „მე მჯერა გერმანიის!“ (გერმ. „Ich glaube an Deutschland!“)