არტაანის ციხე (თურქ. Ardahan Kalesi) — არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკაში, მდინარე მტკვრის აუზში, არტაანის პლატოზე. არტაანი საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა არტაანის ველს და მის ცენტრს წარმოადგენდა.

ტოპონიმი

რედაქტირება

ძველ ქართულ წყაროებში არტაანი გვხვდება ყველგან „არტან“ ფორმით. სახელი ორი „ა“-თი გვიანდელია. ვახუშტიც „არტანს“ იყენებს. XIX საუკუნიდან ქართულში მტკიცედ იკიდებს ფეხს „არტაან“ ფორმა. ქალაქის თურქული სახელწოდებაა Ardahan. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული მ. ბერიძეს:

 
„ამ გეოგრაფიული პუნქტის სახელის ფუძე უნდა იყოს „არტა“, ძველი სპარსული სიტყვა რომელიც საერთო ინდო-ევროპული ძირიდან მომდინარეობს და წარმოდგენილია ღვთაების სახელად.“

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

არტაანის ციხის შესწავლა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ციხის მეცნიერული შესწავლა დიმიტრი ბაქრაძის სახელს უკავშირდება, რომელმაც 1881 წელს იმოგზაურა ამ მხარეში. 1902 წელს არტაანის ციხე შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა.

არტაანის ციხეზე გაკეთებულია წარწერა:

 
„მე დიდებული მეფე, მეფეთა მეფე არაბების, ბერძნების, რუმის და სპარსელთა, პატრონი მიწათა და ზღვათა, მეფე სულეიმანი შვილი სელიმ ხანისა და ღმერთო განამრავლე მისი მფლობელობანი. შევალლიამ - ცა 963 (1545)“

ციხის გალავანი, მიუხედავად ფერდობებისა, მაინც შედარებით სწორ რელიეფზეა ნაგები. სამხრეთ მონაკვეთი საერთოდ მდინარე მტკვრის ხეობის ნაპირს მიუყვება. არტაანის ციხე ადვილი მისადგომი იყო, ამიტომ მას შუა საუკუნეებში დაცვის დამატებითი ელემენტები ჰქონდა თხრილის სახით. ზოგიერთ მონაკვეთში გალავანი 12 მეტრსაც აღემატებოდა. არტაანის ციხის გალავანში დღეისათვის 15 კოშკია ჩართული, თუმცა XVII საუკუნის მემატიანის ევლია ჩელების მიხედვით, ციხეს:

 
„ერთი მხრიდან ზღუდე არ ჰქონდა და სამოცდათორმეტი კოშკი და სამი კარი აქვს.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თბ., 1958, გვ. 497-498
  • ევლია ჩელების მოგზაურთა წიგნი, ნარკვევი I, თბ., 1971, გვ. 303