არადეთის ციხე — ციხე-დარბაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე ფრონის მარჯვენა სანაპიროზე. ციხე აგებულია XVII საუკუნის შუა წლებში.

არადეთის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
არადეთის ციხე — საქართველო
არადეთის ციხე

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

1960 წელს ჩატარდა აღმოსავლეთ კოშკის კონსერვაცია. კომპლექსი ძლიერი ფეოდალების (სავარაუდოა სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებული იშხნელების) რეზიდენცია იყო.

ციხე-დარბაზის კომპლექსში შედის: გალავანი, წმ. საბას ეკლესია და სასახლე.

გალავანი გეგმით კვადრატს უახლოვდება (დაახლოებით 40 X 40 მ). შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი ოთხი კოშკით და გალავნის 50 მ სიგრძის მონაკვეთი (კედლების სისქე 1,2 მ) სამხრეთით. სამხრეთ კუთხეში მდგარი ცილინდრული კოშკი ოთხსართულიანია. ქვედა სამი სართული საბრძოლო და საცხოვრებელია, ხოლო IV სართული - საბრძოლო ბანი. შესასვლელები ეზოდანაა, I და II სართულზე, ცალ-ცალკე. ბუხარი მხოლოდ II სართულზეა. ნისკარტა სალოდეები და ერთი საზარბაზნე ბანის კედლებშია განლაგებული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას თითო ცილინდრული და ოთხკუთხა კოშკი. ისინი ეკლესიის კედლებშია ჩართული. ცილინდრული კოშკის ნახევარი ჩამონგრეულია. მისი პირველი ორი სართულის კედლები ყრუა. II სართულზე მხოლოდ ერთი კარია, რომელიც ოთხკუთხა კოშკში გადის. III და IV სართულის შემორჩენილ კედლებში სათოფურებია.

ოთხკუთხა კოშკი ოთხსართულიანი იყო. I სართულის კარიდან შეიძლება მოხვედრა II სართულზე და გვერდით მდგარ ცილინდრულ კოშკშიც. II სართულის კარი შვერილ აივანზე გადის. კოშკების ზედა სართულების კედლებში ბუხრები და სათოფურებია დატანებული. გალავნის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ერთი ნახევარცილინდრული კოშკიც მდგარა (გალავნის გარეთ გადიოდა). შემორჩენილი 4-5 მეტრი სიმაღლის კედლები ყრუა. სავარაუდოა, რომ ასეთივე კოშკები გალავნის სხვა კედლებშიც იყო.

წმ. საბას ეკლესია დგას ციხე-დარბაზის კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1666 წელს დადიანის ასულის დედოფალ მარიამის დაკვეთით.

ეკლესია დარბაზულია (9,35 X 5 მ), ნაგებია ცუდად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის კვადრებით, ზოგან რიყის ქვაც არის გამოყენებული. გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. ნალისებურ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომელსაც შიგნით რთული ლეკალური თაღი აქვს. აფსიდის სარკმლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთის სარკმელი სწორკუთხაა, დასავლეთისა - თაღოვანი. ეკლესიის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამარა გვერდებზე ამოზნექილია, შუაში კი ცილინდრულია. ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლები ამჟამად შეთეთრებულია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ქრისტეს გამოსახულება. ნაგებობა გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

სასახლის ნანგრევები შემორჩენილია გალავანთან, ეკლესიის ახლოს.

ლიტერატურა

რედაქტირება