ანტიატლასი
ანტიატლასი (არაბ. الأطلس الصغير) — ქედი მაროკოში. ატლასის მთების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 670 კმ-ზე, ხოლო ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 180 კმ-ზე. სამხრეთით საზღვარი გადის საჰარასთან. მაქსიმალური სიმაღლე 3304 მ (მთა ჯებელ-სირვა).[1]
ანტიატლასი | |
---|---|
კოორდინატები: 30°00′ ჩ. გ. 8°30′ დ. გ. / 30.000° ჩ. გ. 8.500° დ. გ. | |
ქვეყანა | მაროკო |
უმაღლესი წერტილი | ჯებელ-სირვა |
სიმაღლე | 3304 მ |
სიგრძე | 670 კმ |
სიგანე | 180 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
გაბატონებული სიმაღლეები 2500–2700 მ. ჩრდილოეთით გაწოლილია პლატო (1700–1800 მ), ხოლო სამხრეთით საჰარის მთიანეთი (700 მ). ძლიერაა დანაპრალიანებული, განსაკუთრებით სამხრული მიმართულებით. ანტიატლასის აღმოსავლეთი გაგრძელებაა ჯებელ-საგროს ქედი, ხოლო ჩრდილოეთი ჯებელ-სირვა, რომელიც უერთდება მაღალი ატლასის გარკვეულ ნაწილს. ანტიატლასის სამხრეთი ნაწილის გასწვრივ გადაჭიმულია შედარებით დაბალი ქედი ჯებელ-ბანი.[2]
ანტიატლასის ფუნდამენტი კრისტალური, მეტამორფული და დანალექი ქანების რთულ ერთობლიობას წარმოადგენს. აგებულია კამბრიუმამდელი გრანიტებითა და ქვიშაქვებით და ქმნის აფრიკის ფილის ნაწილს. პალეოზოური და მეზოზოური დანალექი ქანები გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთ სექტორშია ბელტური და მოწმე მთები, ასიმეტრიული სერები, აღმოსავლეთით ჭარბობს მაგიდა პლატოები.[3]
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იცის მშრალი ხმელთაშუაზღვიური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 100–300 მმ. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილშია არიდული ან საჰარული ხმელთაშუაზღვიური კლიმატი. ნალექების რაოდენობა 150 მმ-ზე ნაკლებია.[4]
გვხვდება ქვამუხის, არგანიას და ღვიის იშვიათი კორომები; სამხრეთი კალთები გაცილებით მშრალია და დაფარულია ღორღის ნაყარით. უადებშია სარწყავი მიწათმოქმედება.[5]
ანტიატლასი ბერბერებითაა დასახლებული, კერძოდ, შილჰას ხალხით. მთავარი ქალაქია თაფრაუთი, რომელიც აღწერილია როგორც „მაროკოს ბერბერების ცენტრი“.[6]
გარკვეულ კონტექსტში, ანტიატლასი, პრეფიქსის „ანტი“ (ე.ი. საპირისპირო) გარემოებებიდან გამომდინარე განირჩევა როგორც ატლასის მთათა სისტემის დამოუკიდებელი ნაწილი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anti-Atlas mountains, North Africa | Encyclopedia Britannica
- ↑ Searight, Susan. Maverick Guide to Morocco. Pelican Publishing Company, 1999
- ↑ Mineral Resources Development Survey of Anti Atlas, Kingdom of Morocco. 1974
- ↑ Jesús Charco. El bosque mediterráneo en el norte de África. 1999
- ↑ Антиатлас | Большая российская энциклопедия
- ↑ Tafraoute: Morocco's Berber heartland | The Guardian
- ↑ Anti-Atlas (or Jebel Saghru), The Encyclopædia Britannica, 1910.