ანზორ კავსაძე
ანზორ კავსაძე (დ. 7 აგვისტო, 1930, ჭიათურა — გ. 2008, თბილისი) — ქართველი საგუნდო დირიჟორი, მუსიკოსი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1970)[1]. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ — ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი 1957-1966 წლებში. ცნობილი მომღერლის სანდრო კავსაძის შვილიშვილი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).
ანზორ კავსაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1930 |
დაბ. ადგილი | ჭიათურა |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 2008 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ქართული ხალხური მუსიკა |
საქმიანობა | დირიჟორი , მომღერალი |
აქტიური | 1951-1999 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანზორ კავსაძე დაიბადა 1930 წელს ჭიათურაში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოეწყო, პარალელურად თბილისის II მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო ხელოვნების შესწავლა დაიწყო გრიგოლ კაპანაძესთან, რომელიც შთააგონებდა მას მომავალ პროფესიას - დირიჟორობას. შემდეგ იგი ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში შედის, იქიდან კი უკვე 1951 წელს თბილისის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აბარებს და 1956 წელს წარჩინებით ამთავრებს გიორგი ხახანაშვილის კლასს. მცირე ხნით სანდრო ინაშვილთანაც ეუფლება ვოკალს. შემდეგ სწავლას აგრძელებს ასპირანტურაში, ჯერ საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1961 წლიდან - სიმფონიურ-საოპერო დირიჟორის ოსტატობის დასაუფლებლად.
1949 წელს მღეროდა ბიძის, მიხეილ კავსაძის, გუნდში, სადაც სიმღერამ მას ბევრი რამ შესძინა. ანზორ კავსაძის მიერ ჭიათურაში მომზადებულმა გუნდმა 1951 წლის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა.
1952 წლიდან მუშობდა თავის მასწავლებელ გიორგი ხახანაშვილთან ერთად რადიოკომიტეტის კაპელაში.
1954 წლიდან კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის ქორმეისტერია, 1956 წლიდან - სახელმწიფო კაპელის დირიჟორი, ხოლო მომდევნო წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელია. 1958 წელს ანსამბლმა ქართული ხელოვნების მეორე დეკადაზე მოსკოვში თავი ისახელა კარგი რეპერტუარითა და დახვეწილი შესრულებით. ამავე წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
1951 წლიდან საქართველოს რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალია, შემდეგ კონსერვატორიასთან არსებული გუნდისა და სახელმწიფო ფილარმონიის კაპელის დირიჟორი. 1957-1966 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.