ანეტა დადეშქელიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანეტა დადეშქელიანი (დ. 1872, ქ. ჯვარი (ყოფილი ზუგდიდის მაზრა), წალენჯიხის რაიონი — გ. 1922) — ქართველი პოეტი, ქველმოქმედი.

ანეტა დადეშქელიანი და აკაკი წერეთელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თავად ალექსანდრე (ვამეხ) დადიანისა და თავადიშვილ მავრა (მატა) წერეთლის ოჯახში, სამეგრელოში, ჯვარში, 1872 წელს. აღსანიშნავია, რომ დადიანების ეს შტო სახლობდა ჯვარში, ზუგდიდის მაზრაში. აქ ისინი გადმოსულნი იყვნენ მარტვილიდან. ანეტას მამა იმდროინდელი არისტოკრატიის ტიპური წარმომადგენელი იყო. ის 1870-იან წლებში დაქორწინდა იმერელ თავადიშვილზე მავრა (მატა) წერეთელზე, რომელიც გახლდათ თავად როსტომ წერეთლის ასული, ანუ აკაკი წერეთლის და. ანეტა დედით ადრე დაობლდა და ის აღსაზრდელად წაიყვანეს დედულეთში როსტომ წერეთლის ოჯახში, სადაც მის განათლებაზე ზრუნავდა ბიძა – აკაკი წერეთლი. აკაკის განსაკუთრებით უყვარდა ერთადერთი დისშვილი და სწორედ მისი დამსახურებით ანეტამ იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. 1888 წელს ანეტა დაქორწინდა სვანეთის მთავართა შთამომავალზე, ჯანსუღ (გიორგი) დადეშქელიანზე (1858-1921). ანეტასა და ჯანსუღის ოჯახი პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, იმის მიხედვით, თუ სად მსახურობდა ჯანსუღი.

ანეტა საკმაოდ ნიჭიერი პოეტი და მთარგმნელი იყო. მისი ლექსები გამოქვეყნებულია იმდროინდელ ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია“, „ჯეჯილი“). XIX საუკუნის მიწურულისათვის ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებით ცნობილი იყო ანეტას ლექსი „გაზაფხული“.

ცნობილი ფაქტია, ასევე ისიც, რომ სვანეთში დიდი ხნის განმავლობაში არ იყო სკოლები და დადეშქელიანები ცდილობდნენ სკოლის გახსნას და ამ მხრივაც თვალსაჩინოა ანეტას წვლილიც, რომელიც მხარში ედგა მაზლს, თათარყანს, ადგილობრივი სკოლის შექმნის, მასწავლებელებზე ზრუნვის, მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. მათ 1899 წელს ეცერში გახსნეს სასწავლებელი კავკასიაში. მის გახსნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების მისიონერ-ინსპექტორებმა მამინაიშვილებმა. ეცერის სკოლაში, დაარსებიდანვე თავი მოუყრია ორმოცდაათამდე მოწაფეს, სწავლის მსურველთა სიმრავლის შედეგად 1901 წელს ეცერის სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ანეტას. ორკლასიან სკოლაში სწავლობდა დაახლოებით 65 შეგირდი.

სოფელ ჯვარში ტარიელ დადიანის ოჯახში დაცულია: მოგონებები ანეტას, ჯანსუღისა და მათი შვილების შესახებ; შემონახულია სურათები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ანეტა და ჯანსუღი, მათი შვილები (თათარყანი, ალექსანდრე), აკაკი წერეთელი, ომში დაღუპული თათარყანის ჩამოსვენების ამსახველი ფოტო და სხვა.

ანეტა დადეშქელიანი, ოჯახთან ერთად, ადგილობრივი თემის (ეცერი, ჯვარი) სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრში მუდამ იდგა და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზოგადოების მოდერნიზაციის საქმეში. ანეტა განსაკუთრებით მხარში ედგა ქართულ პატრიოტულ აზრს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ეხმარებოდა მას ნივთიერადაც და თავადაც მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროცესში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება