ანელი იაატენმიაკი
ანელი იაატენმიაკი, ფინ.Anneli Tuulikki Jäätteenmäki (დ.1955 წ.) - ფინელი პოლიტიკური მოღვაწე, "ცენტრის პარტიის" ყოფილი მეთაური, პრემიერ-მინისტრი 2003 წელს, ევროპარლამენტის წევრი 2004-19 წწ.
ანელი იაატენმიაკი | |
ფინეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აპრილი, 2003 – 24 ივნისი, 2003 | |
წინამორბედი | პაავო ლიპონენი |
მემკვიდრე | მატი ვანჰანენი |
დაბადებული | 11 თებერვალი, 1955 ლაპუა, ფინეთი |
მოქალაქეობა | ფინეთი |
პოლიტიკური პარტია | "ცენტრის პარტია" |
მეუღლე | იორმა მელერი |
განათლება | ჰელსინკის უნივერსიტეტი |
საიტი | annelijäätteenmäki.net |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანელი იაატენმიაკი დასავლეთ ფინეთში მდებარე ქალაქ ლაპუაში დაიბადა. მას პოლიტიკისკენ საკუთარმა მამამ, ოივამ უბიძგა, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ლაპუას მუნიციპალურ საბჭოში მსახურობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობდა.
1980 წელს ანელიმ დაამთავრდა ჰელსინკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და 25 წლის ასაკში სარეზერვო მოსამართლის თანამდებობა მიიღო. ჯერ კიდევ სტუდენტურ პერიოდში მას დიდი ინტერესი გაუჩნდა საერთაშორისო პოლიტიკის და დიპლომატიის მიმართ. გარდამტეხი მომენტი 1983 წელს დადგა, როცა სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრმა ის თავის თანაშემწედ დანიშნა. მოგვიანებით ანელი იაატენმიაკი მუშაობდა "ცენტრის პარტიის" საპარლამენტო ფრაქციის იურისტად 1987 წლამდე, ვიდრე თავად არ გახდა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი.
1994 წელს იგი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა პრემიერ ესკო აჰოს კაბინეტში, მაგრამ ამ პოსტიდან გადადგა მომდევნო წელს პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. 2000 წელს ანელი იაატენმიაკი "ცენტრის პარტიის" ლიდერად იქნა არჩეული, 2003 წელს კი - პარლამენტის თავმჯდომარედ.[1] ამ პერიოდში პარტიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა თავისი არსებობის მანძილზე.
2003 წლის 16 მარტის არჩევნებზე სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ბრძოლაში ცენტრისტებმა გამარჯვებას მიაღწიეს და ხმების მიღებული რაოდენობით უმსხვილესი საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს. ანელი იაატენმიაკი პირველი ქალი-პრემიერი გახდა. უფრო მეტიც, ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის მეთაურის პოსტი ქალს ეკავა.[2] 17 აპრილს ის სათავეში ჩაუდგა კოალიციურ მთავრობას, რომლის პრიორიტეტს ეკონომიკური სტიმულირებისთვის ახალი ღონისძიებების განხორციელება დასახელდა.
ივნისში პრემიერ-მინისტრი სკანდალის ობიექტად იქცა, რომელსაც "ერაყ-გეიტი" უწოდეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავისი წინამორბედის დისკრედიტაციის მიზნით მან გამოიყენა საგარეო უწყების საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ს პრეზედენტ ჯორჯ ბუშთან ფინეთის სოციალ-დემოკრატი პრემიერის პაავო ლიპონენის შეხვედრასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა ფინეთის მხრიდან ერაყის წინააღმდეგ ომში ამერიკელთა შესაძლო მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის ოფიციალური ნეიტრალიტეტის დარღვევის მანიშნებელი იქნებოდა.
იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალ-დემოკრატები ცენტრისტთა მეტოქეები იყვნენ, ახალი არჩევნების შემდეგ ისინი კვლავ კოალიციურ პარტნიორებად მოიაზრებოდნენ. კოლეგებმა პრემიერი დაადანაშაულეს ნდობის ბოროტად გამოყენებაში, რაც მას თანამდებობის ფასად დაუჯდა. ამასთან, მან პარტიის ლიდერის თანამდებობაც დატოვა.
პოლიტიკური სასჯელის გარდა, გამოძიებამ სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების ბრალდებით ექს-პრემიერის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა სასამართლოს წინაშე, თუმცა 2004 წლის მარტში ჰელსინკის საოლქო სასამართლომ ეჭვმიტანილი გაამართლა. ამავდროულად, მისი ყოფილი თანაშემწე დაჯარიმდა 80 დღის ხელფასის ოდენობით საიდუმლო დოკუმენტებით სარგებლობის წესის დარღვევის გამო.[3]
განაჩენმა ანელი იაატენმიაკს გზა გაუხსნა პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ. 2004 -2019 წწ. იგი ევროპარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო, მათ შორის 2015 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის რანგში.[4] ამ თანამდებობამ მას პლენარული სხდომების წაყვანის, აგრეთვე, ბიუროს წევრობის მეშვეობით უწყების საორგანიზაციო საქმეებში მონაწილეობა საშუალება მისცა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურობდა კლიმატის ცვლილების, ადამიანის უფლებების თუ დემოკრატიის საკითხზე. მაგალითად, 2011 წელს "არაბული გაზაფხულის" პერიოდში ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში უწესრიგობების დაწყების შემდეგ ის მოითხოვდა ადამიანის უფლებათა დარღვევაში მხილებული პოლიტიკური რეჟიმებისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას.[5]
2010 წელს, როდესაც პარტიის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური დარჩა, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია შიდა პოლიტიკაში ანელი იაატენმიაკის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით,[6] მაგრამ საბოლოოდ ეს ხმები არ დადასტურდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Anneli Jaatteeenmaki annelijaatteenmaki.net
- ↑ Biography: Anneli Jaatteenmaki britannica.com
- ↑ Former Finnish PM found not guilty euobserver.com, 22 April 04
- ↑ Anneli Jäätteenmäki elected as a new EP vice-president europarl.europa.eu, 20 May 2015
- ↑ MEPs criticize lack of action on Bahrain, Syria and Yemen news.bbc.co.uk, 6 April 2011
- ↑ Jäätteenmäki plays with a return, 18 January 2010