ანდრო დოლიძე
ანდრო გიგოს ძე დოლიძე (დ. 1878, ამაღლება, ოზურგეთის მაზრა, — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული მოღვაწე, ფინანსთა სახალხო კომისარი 1926-1929 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისის საფერშლო სკოლაში. სწავლის პერიოდში დაუახლოვდა მესამე დასის წევრებს. თანამშრომლობდა გაზეთ „კვალში“. 1899 წელს სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ავრცელებდა პროკლამაციებს ჯარისკაცთან შორის. 1905 წელს ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას გურიის გლეხობაში, მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში. სტოლიპინის რეაქციის წლებში ბაქოში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთ „გუდოკში“. 1913 წელს გადაასახლეს ასტრახანში, საიდანაც 1915 წელს გაიწვიეს ჯარში. 1917 წლის თებერვლის რევოლუცის შემდეგ ჩავიდა თბილისში და მუშაობდა ბოლშევიკურ გაზეთ „ბრძოლაში“. 1918 წელს მონაწილეობდა სოხუმში ბოლშევიკური გადატრიალების მცდელობაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921-1923 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე. 1924 წელს საქართველოს კომპარტიის III ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ს საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ. ამავდროულად დაინიშნა მუშგლეხინის სახალხო კომისრად. სხვადასხვა დროს იყო ამიერკავკასიის ცაკ-ის მდივანი, საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი, რესპუბლიკის პროკურორი, საქართველოს კომერციული ბანკის მმართველი. 1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე, კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 609.