ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა მანი (დ. 23 აგვისტო, 1918, ტრავანკორი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 16 აგვისტო, 2001, ტრივანდრუმი) — ინდოელი ფიზიკოსი და მეტეოროლოგი. იგი გახლდათ ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის  გენერალური დირექტორის მოადგილე, ასევე მუშაობდა რამანის კვლევით ინსტიტუტში მოწვეულ პროფესორად. მანიმ თავისი წვლილი შეიტანა მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების დარგში. ჩაატარა კვლევა და გამოაქვეყნა მრავალი სტატია მზის რადიაციის, ოზონის და ქარის ენერგიის გაზომვის შესახებ.[1][2]

ანა მანი
მშობლიური სახელი Anna Mani
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1918
ტრავანკორი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 2001 (82 წლის)
ტრივანათჰაპურანი, კერალა, ინდოეთი
მოქალაქეობა

ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი

ინდოეთის დროშა ინდოეთი
ალმა-მატერი ლონდონის იმპერიული კოლეჯი
საქმიანობა მეცნიერი, მეტეოროლოგი, ფიზიკოსი

ადრეული წლები

რედაქტირება

ანა მოდაილ მანი დაიბადა 1918 წელს პირმადაში, ახლანდელი ტრავანკორი, კერალას შტატში, (ინდოეთი), სირიელი ქრისტიანების რვაშვილიან ოჯახში. მისი მამა იყო სამოქალაქო ინჟინერი და აგნოსტიკოსი.  ანა ოჯახში მეშვიდე ბავშვი იყო. გოგონას უყვარდა კითხვა. მასზე დიდი შთაბეჭდილება  მოახდინა მაჰათმა განდიმ. მისი ეროვნული  მოძრაობით შთაგონებული, მხოლოდ ხადის ტანსაცმელს ატრებდა.[3]

ანა მანის რვა წლის ასაკში  წაკითხული ჰქონდა თითქმის ყველა წიგნი მალაიალამურ ენაზე. მერვე დაბადების დღეზე მან უარი თქვა ოჯახის ტრადიციულ საჩუქარზე ბრილიანტის საყურეების ნაკრების მიღებაზე და ამის ნაცვლად ენციკლოპედია ბრიტანიკას კომპლექტი მოითხოვა. წიგნების სამყარომ  ანა მანი ახალ   იდეებს აზიარა  და ჩაუნერგა  სოციალური სამართლიანობის ღრმა გრძნობა, რამაც  გავლენა მოახდინა მის მთელ ცხოვრებაზე.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ანა მანი მუშაობდა პროფესორ  ჩ.ვ. რამანთან, იკვლევდა ლალისა და ალმასის ოპტიკურ თვისებებს. მან დაწერა ხუთი სამეცნიერო ნაშრომი და წარადგინა სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ არ მიუღია დოქტორის ხარისხი, რადგან არ ფლობდა მაგისტრის ხარისხს ფიზიკაში. 1948 წელს ინდოეთში დაბრუნების შემდეგ იგი შეუერთდა  მეტეოროლოგიურ განყოფილებას პუნაში, სადაც გამოაქვეყნა მრავალი კვლევითი ნაშრომი მეტეოროლოგიური აღჭურვილობის შესახებ. მანი პასუხისმგებელი იყო დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების განთავსებაზე. 1953 წლისთვის იგი გახდა 121 კაციანი დანაყოფის ხელმძღვანელი.

მანის სურდა ინდოეთი დამოუკიდებელი ყოფილიყო მეტეოროლოგიური ინსტრუმენტების სფეროში. მან ასამდე მეტეოროლოგიური ინსტრუმენტის ნახატების სტანდარტიზირება მოახდინა. 1957-1958 წლებში  შექმნა სადგურების ქსელი მზის რადიაციის გასაზომად. ბანგალორში  გახსნა მცირე სახელოსნო, რომელიც აწარმოებდა ინსტრუმენტებს ქარის სიჩქარისა და მზის ენერგიის გასაზომად და ასევე მუშაობდა ოზონის საზომი ინსტრუმენტის შემუშავებაზე. მანი ოზონის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.  ააგო მეტეოროლოგიური ობსერვატორია და ტუმბას რაკეტების გამშვებზე —  საკონტროლო კოშკი.

მას კავშირები ჰქონდა მრავალ სამეცნიერო ორგანიზაციასთან, მათ შორის ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ამერიკის მეტეოროლოგიურ საზოგადოებასთან, მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოებასთან, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან (WMO) და მეტეოროლოგიისა და ატმოსფერული ფიზიკის საერთაშორისო ასოციაციასთან. 1987 წელს მანი დაჯილდოვდა INSA K.R. Ramanathan-ის მედლით.

მანი 1969 წელს გადაიყვანეს დელიში გენერალური დირექტორის მოადგილედ. 1975 წელს მუშაობდა WMO-ს კონსულტანტად ეგვიპტეში. იგი გადადგა ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან 1976 წელს.[4]

1994 წელს მანიმ ინსულტი გადაიტანა; გარდაიცვალა 2001 წლის 16 აგვისტოს ტირუვანანთაპურამში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე 83 წელი შეუსრულდებოდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ მანის 100 წლის იუბილეზე მეცნიერის პატივსაცემად მისი ბიოგრაფია ინტერვიუსთან ერთად გამოაქვეყნა.[5]

2022 წლის 23 აგვისტოს, Google-მა მანის 104 წლისთავთან დაკავშირებით  თემატური ნახატი  — Doodle მიუძღვნა.[6][7]

  1. Sur, Abha (14 October 2001). "The Life and Times of a Pioneer". The Hindu. Archived from the original on 13 April 2014. Retrieved 7 October 2012.
  2. Sur, Abha (2007). Lilavati's daughters: The women scientists of India. Indian Academy of Science. pp. 23–25.
  3. Gupta, Aravind. "Anna Mani" (PDF). Platinum Jubilee Publishing of INSA. Indian National science academy. Retrieved 7 October 2012.
  4. "Anna Mani Is One of India's Greatest Woman Scientists. Yet You Probably Haven't Heard Her Story". The Better India. 21 January 2017. Retrieved 20 January 2018.
  5. Celebrating pioneer Indian meteorologist Anna Mani დაარქივებული 2022-08-22 საიტზე Wayback Machine. // public.wmo.int
  6. Ashford, Oliver. Google Doodle pays tribute to Indian physicist and meteorologist Anna Mani // thehindu.com
  7. Anna Mani's 104th Birthday // Google Doodles
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_მანი“-დან