ანა კომნენე

(გადამისამართდა გვერდიდან ანა კომნინა)

ანა კომნენე ან ანა კომნენოსი (ბერძ. Άννα Κομνηνή; დ. 1 დეკემბერი, 1083 — გ. 1153) — ბიზანტიელი დედოფალი, იმპერატორ ალექსი I კომნენეს და ირენე დუკაინას ქალიშვილი. ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი.

ახალგაზრდობაში ანა დანიშნეს თავის შორეულ ნათესავზე – კონსტანტინე დუკაზე, იმპერატორ მიხეილ VII დუკას და მარიამი დედოფლის (ბაგრატ IV-ის ასული) ვაჟზე და თანამმართველზე. ფიქრობდნენ, რომ ალექსის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინე მემკვიდრეობით მიიღებდა მიიღებდა ბიზანტიის იმპერატორის ტახტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალექსის შეეძინა ვაჟი იოანე, ამ პოლიტიკური საქორწინო კავშირის აუცილებლობა აღარ იყო. კონსტანტინეს მოეხსნა ყველა პრივილეგია, ხოლო 14 წლის ანა ცოლად გაჰყვა კეისარ ნიკიფორე ვრიენოსს. ზოგიერთი ცნობით, მამის სიკვდილის შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანიც მისი ძმის, იოანეს ტახტიდან ჩამოცილება იყო. 1137 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მონასტერში წავიდა.

ანა არის ალექსი კომნენეს მმართველობის ეპოქის აღმწერელი თხზულების, „ალექსიადას“ ავტორი. „ალექსიადა“ ჯვაროსნული ომების დროინდელი ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა.

ანა დიდად განსწავლული ქალბატონი იყო, იგი ეუფლებოდა ფილოსოფიას, კარგად იცოდა როგორც სასულიერო, ასევე საერო ლიტერატურა, მათ შორის, იმხანად „სახიფათოდ“ მიჩნეული ანტიკური ნაწარმოებებიც. მის მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ დაუმთავრებელი დარჩა ისტორიული ნაწარმოები, რომელიც ალექსი კომნენოსის მმართველობას ეძღვნებოდა. ანამ გააგრძელა ეს ნაშრომი და მას „ალექსიადა“ უწოდა. მაღალმხატვრულ დონეზე დაწერილი ეს ნაწარმოები ძირითადი წყაროა XI-XII საუკუნეთა მიჯნის ბიზანტიის ისტორიისათვის. საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის აღწერასა და ბიზანტიის ურთიერთობებს ჯვაროსნებთან.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება

კეისარ ნიკიფორე ვრიენოსთან მან გააჩინა რამდენიმე შვილი, მათ შორის:

  1. ალექსი ვრიენოსი კომნენე (დაახ. დ. 1102 — გ. 1161–1167 წლებს შორის)
  2. იოანე დუკა (დაახ. დ. 1103 — გ. არა უადრეს 1173 წლისა)
  3. ირინე II დუკინა (დაახ. დ. 1105 — ?)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Peter Frankopan: Perception and projection of prejudice. Anna Comnena, the Alexiad and the First Crusade. In: Susan B. Edgington, Sarah Lambert (Hrsg.): Gendering the crusades. University of Wales Press, Cardiff 2001, S.45-59, Columbia University Press, New York 2002. ISBN 0-231-12598-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება