ანასტასია ორბელიანი-გაგარინა

ქართველი დიდგვაროვანი, ქველმოქმედი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანასტასია (ტასო) დავითის ასული ორბელიანი-გაგარინა (დ. 13 ივლისი, 1825 — გ. 1907) — ქართველი დიდგვაროვანი, ქველმოქმედი.

ანასტასია ორბელიანი-გაგარინა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ანასტასია ორბელიანი-გაგარინას სასახლე

ანასტასია ორბელიანი იყო ასული მანანა ორბელიანისა და დავით ივანეს ძე ორბელიანის (1801-1830). დედა, მანანა ორბელიანი თავისი დროის ცნობილი ბანოვანი იყო. მას თბილისში ჰქონდა სახელგანთქმული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი მწერლები, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწეები. მამა, დავით ორბელიანი სამხედრო იყო და 1830 წელს დაიღუპა. მანანა ორბელიანი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში დაქვრივდა და სამი ობოლი დარჩა – ივანე, ტასო და ალექსანდრე. მანანა ორბელიანს ოჯახი მეორედ აღარ შეუქმნია.

ანასტასია ორბელიანი 1825 წლის 13 ივლისს დაიბადა. 1853 წელს იგი ცოლად გაჰყვა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, ქვრივ თავადს ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინს. ამ დროს ანასტასია 28 წლის იყო, ხოლო თავადი გაგარინი - თითქმის 25 წლით უფროსი. მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა - კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა. დაქვრივებული ანასტასია დასახლდა ყირიმში, ქუჩუქ-ლამბათში (ამჟამად უტიოსი), ქმრის მამულში.

ანასტასიას არ ჰყავდა საკუთარი შვილი, ამიტომ იგი აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში. მთელი ცხოვრება ეხმარებოდა გაჭირვებულებს - ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურით. ანასტასიამ თავის მამულში პატარა, კომფორტული საავადმყოფოც ააშენა, რომლის მედპერსონალს თავად ინახავდა და არასდროს ეუბნებოდა უარს მკურნალობაზე ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს, ამის გამო იგი ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო. 1901 წელს, ანასტასია გაგარინამ ანჩისხატის იატაკი მოაგებინა მოზაიკით.

ანასტასიას და მისი მეუღლის, თავადი გაგარინის სურვილი იყო, რომ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, პლაკას კონცხზე ციხე-სიმაგრე აეშენებინათ. ალექსანდრეს სიკვდილმა ხელი შეუშალა სურვილის ასრულებას, მაგრამ ანასტასიამ საბოლოოდ მაინც შეძლო ამ გეგმის განხორციელება.

ანასტასიამ დიდი დაგვიანებით, სიბერეში შესულმა, 1902 წელსღა წამოიწყო ციხე-სიმაგრის მშენებლობა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი ნიკოლაი კრასნოვი უძღვებოდა. დიდგვაროვან ქალბატონს ხშირად სთხოვდნენ ქონების გაყიდვას, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ, იცოდა მისი შეზღუდული ფინანსური მდგომარეობის შესახებ და დაუმთავრებელი ციხის ყიდვა შესთავაზა, თუმცა ანასტასია უარზე იყო.

1907 წელს მშენებლობა დასრულდა. კონცხის თავზე თეთრი მარმარილოთი და ვენეციური ბროლის ჭაღებით გაწყობილი სამსართულიანი სასახლე აღიმართა. სასახლე ფრანგული და გერმანული შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების სტილში, უნაკლო პროპორციებით, კოშკებითა და ქანდაკებებით. სასახლე წარმოადგენს შუა საუკუნეების გოთური სტილის ნაგებობას. ანასტასია გარდაიცვალა მშენებლობის დასრულების წელს, მას შემდეგ რაც მიაღწია თავის მიზანს. დაკრძალულია ყირიმში კარის ეკლესიის გვერდით.

ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ, სასახლე მის დისშვილს, რომელიც მან იშვილა, პრინცესა ელენა თარხან-მოურავს დარჩა. მოგვიანებით იქ სანატორიუმი მოეწყო და ელენა ცხოვრობდა მისთვის გამოყოფილ ორ ოთახში. გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალეს ანასტასიას გვერდით.

ადგილობრივებს ანასტასია ორბელიანის ამაგი არ დავიწყებიათ. ამჟამად სოფელ უტესში, სადაც სასახლე დგას, ორი ქუჩაა, რომელთაგან ერთი ანასტასია ორბელიანი-გაგარინას სახელობისაა.

1851 წელს ანასტასია ორბელიანი დახატა პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოსულმა მხატვარმა ლევ ლაგორიომ (1827-1905). აკვარელით შესრულებული ეს პორტრეტი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუში. ანასტასიას გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, 2007 წელს ქართველი თავადის ქალის პატივსაცემად უკრაინელმა არქიტექტორმა ვიქტორ გორდეევმა სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება დადგა, რომელსაც „სიყვარულის ხსოვნა“ დაარქვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება