ამელია ბრიტანელი (1783-1810)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 2 სექტემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ამელია ბრიტანელი (ინგლ. Amelia of Great Britain; დ. 7 აგვისტო, 1783, უინძორი, დიდი ბრიტანეთი — გ. 2 ნოემბერი, 1810, უინძორი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. დიდი ბრიტანეთის ორი მეფის: ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის და, დედოფალ ვიქტორიას მამიდა.

ამელია ბრიტანელი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 7 აგვისტო, 1783
უინძორი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 2 ნოემბერი, 1810, (27 წლის)
უინძორი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამელია დაიბადა 1783 წლის 7 აგვისტოს უინძორის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის მეთორმეტე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. თავისი დების მსგავსად, პრინცესა ამელიაც საზოგადოებისაგან იზოლირებულად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ამის გამო, მან მთელი თავისი ბავშვობა მხოლოდ და-ძმებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად გაატარა. ამ გზით მეფე-დედოფალი თავიანთი ქალიშვილების „სწორად აღზრდას“ ცდილობდნენ.

პრინცესა ამელია 1783 წლის 17 სექტემბერს მონათლეს. იგი კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯონ მურმა მონათლა, ხოლო ნათლიები იყვნენ: უელსის პრინცი ჯორჯი (მისი უფროსი ძმა, მომავალში მეფე ჯორჯ IV), დამ მისი ორი უფროსი და — შარლოტა და ავგუსტა. ოჯახურ წრეში მას მოფერებით „ემილის“ უწოდებდნენ.

1795 წელს ამელია ტუბერკულოზით დაავადდა. მართალია ნელა, თუმცა პრინცესა საბოლოოდ მაინც გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით მან თითი გაიჭრა, რისგანაც კანის მტკივნეული ინფექცია განუვითარდა. ამ დროს იგი თავის უფროს დებთან: შარლოტასთან, ავგუსტასთან, ელიზაბეთთან, მერისა და სოფიასთან ერთად იყო გამოკეტილი სასახლეში.

1803 წელს ამელიას საუთჰემპტონის ბარონ ჩარლზ ფიცროის ვაჟი, სირ ჩარლზ ფიცროი (1762-1831) შეუყვარდა, თუმცა მათი ქორწინება გამორიცხული იყო და არც შემდგარა. ეს იმიტომ, რომ მეფე ჯორჯსა და დედოფალ შარლოტას არ სურდათ ქალიშვილების გათხოვება, რადგან უნოდათ სიბერე მათთან ერთად გაეტარებინათ. ამიტომ, ჯორჯ III-ის ექვსი ქალიშვილიდან მხოლოდ სამმა მოახერხა გათხოვება.

პრინცესა ამელია გარდაიცვალა 1810 წლის 2 ნოემბერს უინძორის სასახლეში, 27 წლის ასაკში, გაუთხოვარი და უშვილო. იგი დაკრძალეს იმავე სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ ყველა აღაშფოთა. განსაკუთრებულად უარყოფით შედეგი ჰქონდა მეფე ჯორჯისათვის, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამოჯანმრთელების გზაზე იყო, თუმცა ქალიშვილის გარდაცვალებამ იგი უარესად შეშალა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჭკუიდან შეშლილი ჯორჯ III უინძორის სასახლეში, ამელიას ოთახებში დადიოდა და მას ეძებდა ხოლმე, რადგან ვერ იჯერებდა მის გარდაცვალებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Black, Jeremy (2006). George III: America's Last King. Yale University Press. ISBN 0-300-11732-9.
  • Fraser, Flora (2004). Princesses: The Six Daughters of George III. London: John Murray. ISBN 0-7195-6109-4.
  • Hibbert, Christopher (2000). George III: A Personal History. Basic Books. ISBN 0-465-02724-5.
  • Panton, Kenneth J. (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Scarebrow Press, Inc. ISBN 0-8108-5779-0.
  • Purdue, A.W. (2004). "George III, Daughters of (act. 1766–1857)". Oxford Dictionary of National Biography. doi:10.1093/ref:odnb/42012. Retrieved 25 August 2011. (subscription required for online access)
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. London: Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Willson, Beckles (1907). George III, as man, monarch and statesman. London: T.C. & E.C. Jack. ISBN 0-559-65439-1.
  • Hibbert, Christopher (2007). George IV: The Rebel Who Would be King. St. Martin's Griffin. ISBN 1-4039-8379-8.