ავგუსტა სოფია ბრიტანელი

ავგუსტა სოფია ბრიტანელი (ინგლ. Augusta Sophia of Great Britain; დ. 8 ნოემბერი, 1768, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 22 სექტემბერი, 1840, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ასული. მეფე ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის და, დედოფალ ვიქტორიას მამიდა.

ავგუსტა სოფია ბრიტანელი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 8 ნოემბერი, 1768
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 22 სექტემბერი, 1840, (71 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ავგუსტა სოფია დაიბადა 1768 წლის 8 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის შუათანა ქალიშვილი. თავიდანვე, პრინცესა ავგუსტა თავის დანარჩენ დებზე უფრო ლამაზად ითვლებოდა. 1771 წლიდან მისმა უფროსმა დებმა ძმებთან ერთად დაიწყეს განათლების მიღება, ავგუსტამ კი მცირე ასაკის გამო შედარებით უფრო გვიან დაიწყო სწავლა. იგი სწავლობდა მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებასა და გეოგრაფიას, ასევე ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. დების მსგავსად, პრინცესა ავგუსტაც საზოგადოებისაგან იზოლირებულად, დედის გვერდით ცხოვრობდა. ამის გამო მას ყოველთვის ეშინოდა ხალხმრავლობის, იყო ძალიან მორცხვი, და მისი მეგობრები მხოლოდ მისი ყოფილი თანაკლასელები იყვნენ.

 
პრინცესა ავგუსტა სოფია 1782 წელს.

პრინცესა ავგუსტა საზოგადოებაში პირველად მხოლოდ 1782 წელს, მამის დაბადების დღის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში იგი დედ-მამასა და დებთან ერთად ესწრებოდა თეატრალურ და საოპერო წარმოდგენებს, მაგრამ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც სასახლეში იმართებოდა. საზოგადოებაში გამოჩენილმა ავგუსტამ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა დიდებულებზე თავისი სილამაზითა და მოხდენილი ფიგურით.

ცნობილია, რომ რადგან ისინი ყველასაგან იზოლირებულები იყვნენ, ავგუსტა და მისი დები ან ძალიან სადად იცვამდნენ, ან მთელი დღის განმავლობაში საერთოდ არც კი ივამდნენ კაბებს და სააბაზანოს სამოსით დადიოდნენ. თავისი დისა და უმცროსი ძმის ნაცვლად, პრინცესა ავგუსტა სოფიაც აქტიურად აგროვებდა მონეტებს.

ავგუსტა განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის უფროს ძმასთან, პრინც უილიამთან (შემდგომში მეფე უილიამ IV), რომელსაც გერმანიაში ყოფნის დროს წერილებს სწერდა ხოლმე. და-ძმისათვის ეს კონტაქტი ბევრს ნიშნავდა, თუმცა მათი დედა ამას არაფრად თვლიდა.

მიუხედავად განათლებისა და ფიზიკური მომხიბლავობისა, რაც სარფიანი ქორწინების გარანტი იყო, პრინცესა ავგუსტა სოფია გაუთხოვარი დარჩა. მას 1785 წელს ცოლობა დანიის პრინცმა სთხოვა, ხოლო 1788 წელს შვედეთის პრინცმა, ოსტერგოტლანდის ჰერცოგმა ფრედრიკ ადოლფმა, მაგრამ მამამისმა, მეფე ჯორჯ III-მ, რომელსაც რამდენიმე ქალიშვილის გათხოვება არ სურდა, ორივე სასიძოს უარი განუცხადა.

ამრიგად, ავგუსტა სოფიამ მთელი ცხოვრებ მარტოობაში გაატარა, გაუთხოვარმა და უშვილომ. იგი მოესწრო როგორც მამის, ისე ორივე ძმის გარდაცვალებას და 1837 წელს ტახტზე თავისი ძმისწულის, დედოფალ ვიქტორიას ასვლას. 1840 წელს იგი დაესწრო ვიქტორიასა და პრინცი ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის ქორწინებასაც. ავგუსტა სოფია ამავე წლის 22 სექტემბერს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Flora Fraser: Princesses – The six daughters of George III. Bloomsbury Publishing, London 2012, ISBN 978-1-4088-3253-0.
  • Cecilia af Klercker: Hedvig Elisabeth Charlottas dagbok VII 1800–1806 (The diaries of Hedvig Elizabeth Charlotte VIII 1800–1806). P.A. Norstedt & Söners förlag, Stockholm, 1936, S. 270–271.
  • L. J. Jennings (ed.), The Croker Papers The Correspondence and Diaries of the Late Right Honourable John Wilson Croker. Volume I (London, 1885), p. 406.
  • "No. 19902". The London Gazette (1st supplement). 7 October 1840. pp. 2222–2223.