ალფონსო III დ’ესტე (იტალ. Alfonso III d'Este; დ. 22 ოქტომბერი, 1591, ფერარა, იტალია — გ. 26 მაისი, 1644, ლუკა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1628-1629 წლებში. ჰერცოგ ჩეზარე დ’ესტესა და ვირჯინია მედიჩის ვაჟი. ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის მამა. ცოლად ჰყავდა ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ის შვილიშვილი, იზაბელა სავოიელი.

ალფონსო III
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 11 დეკემბერი, 1628
მმართ. დასასრული: ივლისი, 1629
წინამორბედი: ჩეზარე
მემკვიდრე: ფრანჩესკო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ოქტომბერი, 1591
დაბ. ადგილი: ფერარა, იტალია
გარდ. თარიღი: 26 მაისი, 1644, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ლუკა, იტალია
მეუღლე: იზაბელა სავოიელი
(ქ. 1608 - გარდ. 1626)
შვილები: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
დინასტია: დ’ესტეები
მამა: ჩეზარე, მოდენის ჰერცოგი
დედა: ვირჯინია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალფონსო დაიბადა 1591 წლის 22 ოქტომბერს ფერარაში. იგი იყო პრინც ჩეზარე დ’ესტესა და მისი ცოლის, პრინცესა ვირჯინია მედიჩის უფროსი ვაჟი. მას სახელი მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ალფონსო II-ის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ დედამისი თავად ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო I-ის ასული და საფრანგეთის დედოფალ მარია მედიჩის მამიდა იყო. 1597 წელს ალფონსო II უშვილოდ აღესრულა, რის გამოც მოდენისა და რეჯიოს ახალი ჰერცოგი ჩეზარე დ’ესტე, ხოლო მისი პირველი მემკვიდრე ალფონსო ხდება.

 
იზაბელა სავოიელი 1612 წელს

1608 წელს ალფონსო დააქორწინეს იზაბელა სავოიელზე, სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და კატალინა მიკაელა ესპანელის ასულზე, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს შვილიშვილად, ხოლო ფილიპე III-ს დისწულად ერგებოდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს ერთობ ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა.

1613 წელს ალფონსო მონაწილეობდა ლუკას წინააღმდეგ ომში, 1617 წელს კი მთავარი როლი ითამაშა თავისი მამის მთავარი მტრის, ერკოლე პეპოლის მკვლელობის საქმეში.

1626 წელს მისი საყვარელი მეუღლე, პრიცნესა იზაბელა მშობიარობას გადაჰყვა, რამაც საშინლად იმოქმედა ალფონსოზე, რომელიც ამის შემდეგ თავით გადაეშვა რელიგიაში. 1628 წლის 11 დეკემბერს მამამისი, ჩეზარეც დაიღუპა და ალფონსო III ახალი ჰერცოგი ხდება, თუმცა იგი დაქვრივების გამო იმდენად ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა, რომ არ ისურვა ქვეყნის მართვა და სულ რამდენიმე თვეში, 1629 წლის ივლისში ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, ფრანჩესკო I-ის სასარგებლოდ.

გადადგომის შემდეგ იგი მერანოში გადასახლდა და კაპუცინების ორდენს შეუერთდა. 1630-31 წლებში იგი კათოლიკე მისიონერიც გახდა და მომაკვდავი ადამიანების დამხმარედ და მაზიარებლად მუშაობდა. 1632 წლიდან იგი მოდენაში ბრუნდება, თუმცა მას ადგილობრივები ერთობ მტრულად დახვდნენ, რის გამოც იძულებული გახდა დედის სამშობლოში, ტოსკანაში გადასახლებულიყო და ქალაქ ლუკაში, გარფანიანას ციხესიმაგრეში დასახლებულიყო, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა, 1644 წლის 26 მაისს, 52 წლის ასაკში.

 
ალფონსოს ვაჟი, ფრანჩესკო I 1638 წელს

ალფონსოს თავის მეუღლესთან თოთხმეტი შვილი შეეძინა:

  1. ჩეზარე (1609-1613), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ფრანჩესკო I (1610-1658), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. პირველად დაქორწინდა მარია კატერინა ფარნეზეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ მის დაზე, ვიტორია ფარნეზეზე, მეორე დაქვრივების შემდეგ კი ცოლად ლუკრეცია ბარბერინი შეირთო. მისი შვილები იყვნენ: მოდენის ჰერცოგი ალფონსო IV, პარმის ჰერცოგინია იზაბელა, პარმის ჰერცოგინია მარია და მოდენის ჰერცოგი რინალდო;
  3. ობიცო (1611-1614), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. კატერინა (1613-1628), მონაზონი;
  5. ჩეზარე (1614-1677), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  6. ალესანდრო (1615), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. კარლო (1616-1679), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. რინალდო (1618-1672), კარდინალი;
  9. მარგერიტა (1619-1692), ცოლად გაჰყვა გუასტალის ჰერცოგ ფერანტე III გონძაგას;
  10. ბეატრიჩე (1620), გარდაიცვალა ჩვილი;
  11. ბეატრიჩე (1622-1623), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  12. ფილიბერტო (1623-1645), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  13. ბონიფაციო (1624), გარდაიცვალა ჩვილი;
  14. ანა (1626-1690), ცოლად გაჰყვა ალესანდრო II პიკო დელა მირანდოლას. ალფონსოს ცოლი, პრინცესა იზაბელა მასზე მშობიარობას გადაჰყვა;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Romolo Quazza: ALFONSO III d'Este, duca di Modena. Dizionario Biografico degli Italiani. Band 2. Rom 1960.
  • Riccardo Rimondi: Estensi. Storie e leggende, personaggi e luoghi di una dinastia millenaria. 3. Auflage. Cirelli & Zanirato, Ferrara 2008, ISBN 978-88-902193-6-8, S. 210–213