ალკალოიდები
ალკალოიდები (ლათ. alcali < არაბ. al-qilj „ტუტე“ და ბერძ. εἶδοςs „სახე“ — ტუტისებრი) — ფიზიოლოგიურად აქტიური, ფუძე თვისებების მქონე, ძირითადად მცენარეული წარმოშობის აზოტშემცველი ორგანული ნაერთები.
ისტორია
რედაქტირებამცენარეებში ალკალოიდების აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ფიქრობდნენ, რომ მცენარეული ნივთიერებები, ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებისგან განსხვავებით, არ შეიცავდა აზოტს. 1803 წელს კრისტალურ ნივთიერებათა ნარევის სახით აღმოაჩინეს ოპიუმის ალკალოიდები, რომლიდანაც 1806 წელს გერმანელმა მეცნიერმა სერტიურნერმა პირველად გამოყო სუფთა ალკალოიდი მორფინი. XIX საუკუნეშივე მიიღეს სტრიქნინი, ბრუცინი, ქინაქინი, კოფეინი, ნიკოტინი, კოკაინი, ეფედრინი, ანაბაზინი და სხვ.
კლასიფიკაცია და წარმოშობა
რედაქტირებაამჟამად ცნობილია ათასზე მეტი ბუნებრივი თუ სინთეზური ალკალოიდი. ალკალოიდების უმრავლესობა უფერო, კრისტალური, აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთია. უმარტივესი ალკალოიდი ნახშირბადის ათამდე ატომს შეიცავს, ყველაზე რთული_50-ზე მეტს. მჟავებთან ისინი კრისტალურ მარილებს წარმოქმნიან; ალკალოიდების აგებულების სხვადასხვაობის გამო მათი კლასიფიკაცია გაძნელებულია. კლასიფიკაციის ძირითად ნიშნად მიღებულია ალკალოიდის მოლეკულის აზოტშემცველი ნაწილის (პიროლიდინის, პირიდინის, ქინოლინის, ინდოლის და სხვ. წარმოებულები) აგებულება. ალკალოიდებით განსაკუთრებით მდიდარია: ქენდირისებრნი, ყაყაჩოსებრნი, პარკოსნები, ბაიასებრნი და ძაღლყურძენასებრნი. ერთლებნიან და წიწვოვან მცენარეებში კი ალკალოიდები იშვიათად გვხვდება. მცენარე ჩვეულებრივ რამდენიმე (15-20-მდე) ალკალოიდს შეიცავს და ეს რაოდენობა იმისდა მიხედვით იცვლება, თუ როგორია ნიადაგის ხასიათი, როგორ არის იგი დამუშავებული აგროტექნიკურად, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იზრდება მცენარე, როგორია დღის ხანგრძლივობა, მზის რადიაციის ინტენსივობა, წყლის რეჟიმი და სხვ.; ალკალოიდების წარმოქმნის მექანიზმი დღეს გარკვეულად უნდა ჩაითვალოს. ისინი ამინომჟავებისა და ნახშირწყლების გარდაქმნის პროდუქტებისგან წარმოიქმნება.
თვისებები და გამოყენება
რედაქტირებაბევრი ალკალოიდი, მაგ. კოფეინი, თეობრომინი, ეფედრინი და სხვ. სინთეზურად მიიღება. ზოგ შემთხვევაში ბუნებრივ ალკალოიდებს უფრო ეფექტურ სამკურნალო საშუალებად გარდაქმნიან. მრეწველობაში სინთეზურად მიიღება ალკალოიდების მსგავსი აგებულების სამკურნალო საშუალებები — ნოვოკაინი (კოკაინის ნაცვლად), აკრიქინი (ქინაქინის ნაცვლად) და სხვ.; ალკალოიდების უმრავლესობა ძვირფასი სამკურნალო პრეპარატია, ბევრი მათგანი ძლიერ შხამიანია. ისინი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. მაგ., ნიკოტინი თამბაქოში შხამია, დაჟანგვით კი ორგანიზმისთვის მეტად საჭირო ნიკოტინის მჟავას იძლევა. სტრიქნინი და კოფეინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მორფინი და სკოპოლამინი კი ადუნებს. პილოკარპინი აძლიერებს ჯირკვლების სეკრეციას, ატროპინი და სკოპოლამინი, პირიქით, ასუსტებს. ქინაქინი მალარიის პლაზმოდიუმებს სპობს; აპომორფინი პირღებინებას იწვევს, ადრენალინი ზრდის სისხლის წნევას, კოკაინი ამცირებს პერიფერიული ნერვების მგრძნობელობას და სხვ.
მედიცინაში იხმარება როგორც სუფთა ალკალოიდები (კოდეინი), ისე მათი მარილები (ქინაქინქლორიდი) და წარმოებულები (აპომორფინი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქომეთიანი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 313.