ალია ბინტ ალი (არაბ. عالية بنت علي; დ. 1911, მექა, ოსმალეთის იმპერია — გ. 21 დეკემბერი, 1950, ბაღდადი, ერაყის რესპუბლიკა) — ჰაშიმიდების დინასტიის წარმომადგენელი. არაბი პრინცესა როგორც ჰეჯაზის მეფე ალი ბინ ჰუსეინის შუათანა ქალიშვილი. ერაყის უკანასკნელი დედოფალი 1934-1939 წლებში როგორც მეფე გაზი I-ის მეუღლე. ერაყის უკანასკნელი მეფის, ფეისალ II-ის დედა.

ალია ბინტ ალი
ერაყის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 იანვარი, 1934
მმართ. დასასრული: 4 აპრილი, 1939
წინამორბედი: ჰუზაიმა ბინტ ნასერი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1911
დაბ. ადგილი: მექა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 21 დეკემბერი, 1950, (39 წლის)
გარდ. ადგილი: ბაღდადი, ერაყი
მეუღლე: გაზი I, ერაყის მეფე
შვილები: ფეისალ II, ერაყის მეფე
დინასტია: ჰაშიმიდები
მამა: ალი ბინ ჰუსეინი, ჰეჯაზის მეფე
დედა: ნაფისა ხათუნი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები და დედოფლობა

რედაქტირება

პრინცესა ალია დაიბადა 1911 წელს მექაში, ოსმალეთის იმპერიაში. იგი იყო ჰეჯაზის მეფისა და მექას დიდი შარიფის, ალი ბინ ჰუსეინისა და მისი მეუღლის, ნაფისა ხათუნის მეორე ქალიშვილი და შვილი ხუთიდან.

1934 წლის 25 იანვარს, ალია ბინტ ალი დააქორწინეს თავის პირველი თაობის ბიძაშვილზე, ერაყის მეფე გაზი I-ზე, რომელიც იყო განსვენებული მეფის, ფეისალ I-ისა და დედოფალ ჰუზაიმა ბინტ ნასერის ვაჟი. საქორწინო ცერემონიალი ბაღდადში, სამეფო სახლეში შედგა.

ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1935 წლის 2 მაისს, ბაღდადის სამეფო სასახლეში დედოფალმა ალიამ თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი გააჩინა, რომელსაც პაპის პატივსაცემად ფეისალი დაარქვეს. მემკვიდრის გაჩენის შემდეგ დედოფალი განშორდა მეფეს, რის გამოც მათ სხვა შვილები აღარ ჰყოლიათ.

უკანასკნელი წლები გაზიმ და ალიამ ცალ-ცალკე გაატარეს, რის შემდეგაც 1939 წლის 4 აპრილს გაზი გარდაიცვალა. 27 წლის მეფე საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ბაღდადის მაგისტრალზე, რაშიც მაშინდელ პოლიტიკოსს, ნური აზ-საიდს ადანაშაულებდნენ, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს. მეფის დაკრძალვისას ხალხის უზარმაზარი ბრბო ასეთ რამეს ყვიროდა: „გაზის სისხლისათვის საკადრის პასუხს მიიღებ, ნურ !“. მეტად სავარაუდოა, რომ ნური დედოფალ ალიასთან ინტიმურ ურთიერთობაში იყო. ნური, ალია და მისი ძმა, აბდ ალ-ლაჰი ერთად გეგმავდნენ მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას. აღსანიშნავია, რომ ისინი ალიას ძმის, აბდ ალ-ლაჰის ტახტზე დასმასაც კი გეგმავდნენ ნაცვლად მცირეწლოვანი ფეისალ II-სა, რომელიც მამის დაღუპვის შემდეგ ერაყის მეფე გახდა. მსგავსი ეჭვის გამო, მთავრობამ დედოფალი ალია მცირეწლოვანი მეფის რეგენტად არ დანიშნა, თუმცა ახალი რეგენტი მაინც ნურის გავლენის ქვეშ იყო. ვინაიდან მისმა ვაჟმა, ერაყის ბოლო მეფე ფეისალ II-მ ახალგაზრდობის გამო დაქორწინება ვერ მოასწრო, ალია ერაყის ისტორიაში უკანასკნელ დედოფლად იქცა.

ბრალდებები და გარდაცვალება

რედაქტირება

მეფის დაღუპვიდან მალევე, მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა სამეფო სასახლის ერთ-ერთი მსახურის შვილიც. ბრიტანელი გამომძიებლების მტკიცებით, ბავშვი დედოფალმა ალიამ და მისმა მომხრეებმა მოკლეს, რადგან მეფე გაზი I-ს სიცოცხლეში ერთ-ერთ მსახურ ქალთან რომანი ჰქონდა. ბრიტანელთა მტკიცებით ეს ბავშვი მეფის უკანონო შვილი იყო და ისედაც რევოლუციის ზღვარზე მყოფი ერაყელების კიდევ უფრო არ გასაღიზიანებლად, დედოფალმა ქმრის უკანონო შვილი მოიცილა. ამით მან დინასტიისა და განსვენებული ქმრის სახელი დაიცვა, რომელიც აუცილებლად შეირყეოდა ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო. ბავშვის მკვლელობა დედოფალს ვერ დაუმტკიცეს, რის გამოც გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ იგი მან სხვას მოაკვლევინა.

1950 წლის 21 დეკემბერს, ბაღდადის სამეფო სასახლეში გარდაიცვალა 39 წლის დედა-დედოფალი ალია ბინტ ალი, რომელიც სამეფო საძვალეთში დაკრძალეს. ამ ამბიდან სულ რვა წელიწადში, 1958 წლის 14 ივლისს, 23 წლის ასაკში დაიღუპა მისი ვაჟი ფეისალ II-ც, რითაც ერაყში მონარქიას ბოლო მოეღო და დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "IRAQ – Resurgence In The Shiite World – Part 8 – Jordan & The Hashemite Factors". APS Diplomat Redrawing the Islamic Map. 2005.
  • "The National Archives of the UK, "1938, FO 406/76, telegram no. 31"". Drewhkinney.com. 1938. Archived from the original on 2017.