ალექსი ოჩიაური
ალექსი ოჩიაური (დ. 1892, ახიელი — გ. 1972) — ქართველი ეთნოლოგი, პედაგოგი, პოეტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამისი მამა ხევსურეთში ცნობილი დასტაქარი ალეკა ოჩიაური იყო, რომელიც თავის ქალის ოპერაციებსაც აკეთებდა. 1912 წელს ალექსი ოჩიაური ჯარში გაიწვიეს, საიდანაც კვლავ არხოტში დაბრუნდა. 1917 წელს იყო ფშავ-ხევსურეთის ოლქის შუაფხოს წმინდა გიორგის სახელობის საყდრის მედავითნე, საიდანაც ეპისკოპოს ლეონიდეს ხელდასმით, სოფელ ახიელის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს. ბოლშევიკების ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გაკრიჭეს და სასულიერო საქმიანობა აუკრძალეს. ალექსი ოჩიაური ხალხური პოეზიის კარგი მცოდნე იყო და თავადაც წერდა ლექსებს. 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1930-იან წლებში ასწავლიდა ბარისახოს სკოლა ინტერნეტში, შემდგომ, შუაფხოს სკოლაში. 1936 წელს დააპატიმრეს ცნობილი „ამერიკელების საქმესთან“ დაკავშირებით („ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას“). ალექსი ოჩიაურის „დანაშაული“ ის იყო, რომ მან წერილი გაატანა ამერიკელ ტურისტს ლიქოკში თავის ახლობელთან სტუმრის პატივისცემისა და მისი დაბინავების თხოვნით. სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. 1936-1941 წლებში მეულღე ნათელა ბალიაურთან ერთად, ჩაება ენიმკის (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ ფართოდ გაშლილ შემკრებლობით საქმიანობაში ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებლის — გიორგი ჩიტაიასა და ეთნოლოგ ვერა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი იწერდა მთიელთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ეთნოგრაფიულ მასალებს. ეს მასალები მოიცავს ხევსურთა და ფშაველთა რელიგიური და სოციალური ყოფის ძირითად მხარეებს. მის მიერ შეკრებილი განუზომლად ფასეული მასალების ნაწილი გამოცემულია. ალექსი ოჩიაურის გამოუქვეყნებელი ხელნაწერები დაცულია ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში, ესენია: „თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ“ (1938), „ფშაური წაწლობა და ნადობ-ნაძმობა“ (ნ. ბალიაურთან ერთად, 1941). „მასალები სამამო მიწათმფლობელობის შესახებ ხევსურეთში“ (1950), „სახატო მიწები ხევსურეთში“, „ხევსურეთის ზოგიერთი ამბები“ (1950), „ხევსურული მასალები“, „ხევსურული ანდრეზები“ (1937, 1948-1951, 1949, 1950) და სხვა. ალექსი ოჩიაური ცნობილი ეთნოლოგის თინა ოჩიაურისა და მოქანდაკეების ირაკლი და გოგი ოჩიაურების მამაა. დაკრძალულია სოფელ შუაფხოში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართული ხალხური დღეობების კალენდარი: ხევსურეთი II (ბუდე-ხევსურეთი, შატილ-მიღმახევი), თბ., ენა და კულტურა, 2005, გვ. 399
- ქართული ხალხური დღეობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი), თბ., მეცნიერება, 1991, გვ. 305
- ქართული ხალხური დღეობების კალენდარი: ხევსურეთი (არხოტის თემი), თბ., მეცნიერება, 198, გვ. 210
- ქართული ჩვეულებითი სამართალი, 1988 = Грузинское обычное право, 1988 = Georgian common law, 1988: კრებული, თბ., მეცნიერება, 1988, გვ. 208
- სტუმარმასპინძლობა ხევსურეთში: ეთნოგრ. ნარკვევი, თბ., მეცნიერება, 1980, გვ. 254
- ფშავ-ხევსურული პოეზია: შეკრებილი ალ. ოჩიაურის მიერ, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970, გვ. 329
ლიტერატურა
რედაქტირება- მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში/ალექსი ოჩიაური, თბ., 2019