ალექსი ნიკოლოზის ძე ინაური (დ. 29 აპრილი (12 მაისი), 1908, გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 ივნისი, 1993, თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა) — საბჭოთა გენერალ-პოლკოვნიკი (1967), საბჭოთა კავშირის გმირი (1985). სკკპ წევრი 1932-იდან.

ალექსი ინაური
ალექსი ინაური
საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აპრილი, 1954 – 1 დეკემბერი, 1988
წინამორბედიკომიტეტის დაარსება
მემკვიდრეგივი გუმბარიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1953 – 10 აპრილი, 1954
წინამორბედივლადიმერ დეკანოზოვი
მემკვიდრევლადიმერ ჯანჯღავა

დაბადებული29 აპრილი (12 მაისი), 1908
გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი23 ივნისი, 1993
თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსი ინაური დაიბადა 1908 წლის 12 მაისს გორში. მამა მეკარეტე, მჭედელი იყო. დაწყებითი განათლება ქ. გორში მიიღო. 1916-1926 წლებში სწავლობდა ქ. გორის მესამე შრომის სკოლაში.

1924 წლის მაისიდან 1925 წლის მაისამდე მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში შავ მუშად – მტვირთავად, 1925 წლის მაისიდან 1926 წლის ივლისამდე — ამავე ქარხნის უროსმცემლად, 1926 წლის ივლისიდან 1927 წლის აგვისტომდე კი სადგურ ტფილისის სავაგონო დეპოს უროსმცემლად. პროფესიის არჩევისას მასზე გავლენა იქონია სახლის მახლობლად განლაგებულმა კავალერიის ესკადრონმა, ამიტომ თხოვნით მიმართა საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტს, რათა იგი სამხედრო სასწავლებელში გაეგზავნათ. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, ა. ინაურმა 1927 წლის აგვისტოში წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა ჩრდილო კავკასიის მთის ეროვნებებისათვის განკუთვნილ კრასნოდარის საკავალერიო სკოლაში კურსანტად, რომელიც ვადამდე, 1931 წლის აპრილში წარჩინებით დაამთავრა და გაიგზავნა უკრაინაში, კიევის სამხედრო ოლქში კოტოვსკის სახელობის მე-3 ბესარაბიული საკავალერიო დივიზიის მე-16 საკავალერიო პოლკის ესკადრონის მეთაურად, ოცეულის მეთაურად. 1925-1932 წლებში იყო ალკკ-ს წევრი. 1932 წლის მაისში მე-3 კავკასიური დივიზიის პარტიული ორგანიზაციიდან მიღებულ იქნა სკკპ-ის რიგებში. 1932 წლის იანვრიდან 1933 წლის მარტამდე იყო მე-3 საკავალერიო დივიზიის მე-16 საკავალერიო პოლკის ოცმეთაური, 1933 წლის მარტიდან 1934 წლის დეკემბრამდე — ამავე დივიზიის მე-16 საკავალერიო პოლკის ესკადრონის მეთაური, 1934 წლის დეკემბრიდან 1936 წლის ივნისამდე — მე-3 საკავალერიო დივიზიის მე-14 საკავალერიო პოლკის სკოლის უფროსი, 1936 წლის ივნისიდან 1938 წლის დეკემბრამდე — მე-3 საკავალერიო დივიზიის მე-16 საკავალერიო პოლკის სკოლის უფროსი, 1938 წლის დეკემბრიდან 1940 წლის აპრილამდე — მე-3 საკავალერიო დივიზიის მე-60 საკავალერიო პოლკის მეთაურის თანაშემწე სამწყობრო ნაწილში, 1940 წლის აპრილიდან 1941 წლის აპრილამდე — მე-3 საკავალერიო დივიზიის 158-ე საკავალერიო პოლკის მეთაურის თანაშემწე, 1941 წლის აპრილიდან 1942 წლის აპრილამდე — მე-3 საკავალერიო დივიზიის 99-ე საკავალერიო პოლკის მეთაური, 1942 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე — სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე მოქმედი მე-5 საკავალერიო კორპუსის 34-ე საკავალერიო დივიზიის მეთაური. 1942 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის იანვრამდე ა. ინაური იმყოფებოდა ირანში, ქ. თავრიზში და მეთაურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პირველ საკავალერიო დივიზიას. 1943 წლის დამდეგს მისი დივიზია უზრუნველყოფდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სამი მოკავშირე სახელმწიფოს მეთაურთა თეირანის კონფერენციის უსაფრთხოებას. ომის დამთავრების შემდეგ თავრიზში გაიმართა საბჭოთა ჯარების პარადი, რომელსაც ალექსი ინაური სარდლობდა. ირანში იგი ომის დამთავრებამდე მსახურობდა. 1946 წლის თებერვლიდან 1948 წლის თებერვლამდე Dგენერალი ალექსი ინაური სწავლობდა მოსკოვში, ვოროშილოვის სახელობის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. გენშტაბის აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1948 წლის თებერვლიდან 1953 წლის იანვრამდე იმყოფებოდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქებში — პარხიმსა და შვერინში, სადაც მე-18 მექანიზირებულ დივიზიასა და მე-9 მსროლელთა კორპუსს მეთაურობდა. 1953 წლის იანვრიდან ივლისამდე მსახურობდა იმიერკარპატეთის სამხედრო ოლქში, სადაც იყო მე-3 სამთომსროლელი კორპუსის მეთაური. 1953 წლის 20 ივლისიდან 1954 წლის 10 აპრილამდე გენერალ-ლეიტენანტი ალექსი ინაური საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 1954 წლის 10 აპრილიდან 1988 წლის 1 დეკემბრამდე ალექსი ინაური იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა ამ სტრუქტურას. 1953 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის და მისი ბიუროს წევრი. სკკპ XX-XXV ყრილობების დელეგატი, სსრკ IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1]

ალექსი ინაური 1993 წლის 28 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა.

სპეციალური წოდებები

რედაქტირება
  • უფროსი ლეიტენანტი (1935),
  • მაიორი (1941),
  • პოდპოლკოვნიკი (1942 – ვადამდე მიენიჭა),
  • პოლკოვნიკი (1942 – ვადამდე მიენიჭა),
  • გენერალ-მაიორი (13.09.1944),
  • გენერალ-ლეიტენანტი (09.01.1957),
  • გენერალ-პოლკოვნიკი (27.10.1967).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

1985 წლის 7 მაისს ალექსი ინაურს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. იყო 43 ორდენისა და მედლის კავალერი.

1988 წლის მაისში დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „ვ. ი. ლენინი საბჭოთა ადამიანების რევოლუციური სიფხიზლის შესახებ“ (1967 წ.),
  • „ვ. ი. ლენინი იმპერიალიზმის იდეოლოგიური დივერსიებისა და საბჭოთა ხალხის რევოლუციური სიფხიზლის შესახებ“ (1970 წ.),
  • „ფარი — საიმედო, მახვილი — ბასრი“ (1987 წ. ავტორ-შემდგენელი იური ბენი, ალექსი ინაურის საერთო რედაქციით).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კალაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 126.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Отдадим свои голоса за Алексея Николаевича Инаури. 16 Марта 1958 года выборы в Верховный Совет СССР. Все на выборы! // Тбилиси : Издательство Цк. Пк. Грузий, тип. "Заря Востока"