ალექსანდრე ჯავახიშვილი (მეზღვაური)
ალექსანდრე ჯავახიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1932, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2017) — ქართველი მეზღვაური, სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარჩინებით დაამთავრა 35-ე საფეხბურთო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში.
თავისი სურვილით ჩრდილოეთის ფლოტში გაემგზავრა, სადაც კარიერა ლეიტენანტის პოზიციიდან ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაურობამდე განავითარა. სამეთაურო კურსებისა და დახურული ცენტრის დასრულების შემდეგ გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაურობა ჩაიბარა. მისმა ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი წყალქვეშა საბრძოლო მორიგეობა ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. 1972 წლის 15 იანვარს დაიწყო ფარული წყალქვეშა ნაოსნობა ბარენცის ზღვის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან. მან გადალახა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დრეიკის სრუტე და წყნარი ოკეანე. იმავე წლის 31 მარტს კი ბერინგის ზღვასთან ამოყვინთა. საერთაშორისო საზღვაო დებულების მიხედვით, ეს მარშრუტი დედამიწის გარშემო მოგზაურობად ითვლება. 75 დღის განმავლობაში მან განვლო 41,000 კილომეტრი ისე, რომ მისი წყალქვეშა კრეისერი არ შეუმჩნევია არც ერთი ქვეყნის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ან კოსმოსური სამეთვალყურეო სამსახურებს. კრეისერის სიგრძე იყო 140 მ, სიგანე 12 მ, ბორტის სიმაღლე 12 მ, წყალწყვა 1400 ტ და მაქსიმალური სიჩქარე 47 კმ/სთ. გარსაქვეყნო მოგზაურობის შემდეგ, იგი 17 წელი მსახურობდა წყნარი ოკეანის ფლოტში, ატომური წყალქვეშა ხომალდების ბრიგადის მეთაურად და ფლოტილიის სარდლის მოადგილედ. 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 114 დღე მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. 1992-1997 წლებში ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი იყო, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი.
მონაწილე იყო 5 ოფიციალურ მოლაპარაკებაში, რომლებიც სამხედრო-საზღვაო დარგში ორი მნიშვნელოვანი შეთანხმებით დასრულდა. ის ასევე იყო საქართველოს სამხედრო-საზღვაო დოქტრინისა და თავდაცვის სტრატეგიული პროგრამის შემუშავებაში მონაწილე პირი, პირველი სარდალი დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში, წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაური და პირველი კონტრ-ადმირალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003, გვ. 318-319
- წიგნი ღირსებისა: ტ. 1, შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბ., 2000, გვ. 113