ალექსანდრე მაჭავარიანი (სამხედრო)
ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი (დ. 1872 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1] 1905 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, საიდანაც ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიის სალიანის 206-ე ქვეით პოლკში (1909 წლის სიით — პოდპორუჩიკი). ამავე პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). შტაბს-კაპიტანმა მაჭავარიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 16 აგვისტოს სოფ. დუბოვოსთან (ახლანდ. ბელარუსის ტერიტორია) ბრძოლაში, როდესაც ხელჩართულ შეტაკებაში კონტრიერიშით უკუაგდო გერმანელთა შეტევა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის პოზიციებზე. ამ დამსახურებისთვის მიიღო გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“ (1915). ასევე დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1915) და II (1917) ხარისხის, წმ. ანას IV (1915) და III ხარისხის (1916), წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (1917) ორდენებით. ომში სამჯერ იყო დაჭრილი. 1916 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი.[2]
ალექსანდრე მაჭავარიანი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1872 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 1923 |
გარდაცვალების ადგილი |
ტფილისი სსრკ |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სამხედრო სამსახურის წლები | 1914-1921 |
წოდება |
პოდპორუჩიკი შტაბს-კაპიტანი (რუსეთის იმპერია) პოლკოვნიკი (საქართველო) |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. საქართველოს წითელ არმიაში ქართული დივიზიის 1-ლი პოლკის უფროსის თანამდებობა ეჭირა. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
- ↑ Мадчавариани Александр Михайлович. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
- ↑ 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.