ალექსანდრე ინოსტრანცევი

რუსი გეოლოგი

ალექსანდრე ინოსტრანცევი (რუს. Александр Александрович Иностранцев; დ. 24 ივლისი, 1843, პეტერბურგი — გ. 31 დეკემბერი, 1919, პეტერბურგი) — რუსი გეოლოგი, ბუნებისმეტყველი და არქეოლოგი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1901). ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი. არაერთი შრომის ავტორი გეოლოგიის დარგში.

ალექსანდრე ინოსტრანცევი
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი, 1843 ან 24 ივლისი, 1843(1843-07-24)[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1919(1919-12-31)[2] (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა პალეონტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე ინოსტრანცევმა 1867 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1871–72 წლებში სტაჟირება გაიარა ევროპის ქვეყნებში. 1868 წლიდან ასწავლიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც შექმნა გეოლოგიური კაბინეტი (მუზეუმი) და რუსეთში პირველი გეოლოგიური კათედრა.

ალექსანდრე ინოსტრანცევი 1873 წლიდან ექსტრაორდინარული პროფესორია, ხოლო 1880 წლიდან ორდინარული. ლექციებს კითხულობდა ბესტუჟევის კურსებზე, ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სამხედრო-სამედიცინო, ნიკოლაევსკის საინჟინრო და გენერალური შტაბის აკადემიებში.

სანქტ-პეტერბურგის საბუნებისმეტყველო საზოგადოების მეცნიერ-მდივანი (1869), გეოლოგიისა და მინერალოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1877) და პრეზიდენტი (1900); სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებული რუსული ანთროპოლოგიური საზოგადოების ორგანიზატორი (1888) და თავმჯდომარე; რუსეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მრავალი საზოგადოების წევრი.

ალექსანდრე ინოსტრანცევმა შეისწავლა ჩრდილოეთ რუსეთის, ალთაისა და კავკასიის გეოლოგიური აგებულება და ბუნებრივი რესურსები, სანქტ-პეტერბურგის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემები, წყალდიდობასთან ბრძოლის ხერხები, ლადოგის ტბის სამხრეთ სანაპიროზე არსებული ნეოლითური სადგომები. რუსეთში ქანების შესასწავლად ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო პოლარიზაციული მიკროსკოპი (1867). შემოგვთავაზა დანალექი ქანების ფაციესების წარმოქმნის მოდელი როგორც დედამიწის ქერქის მოძრაობის რყევის შედეგი. შეიმუშავა საერთაშორისო სტრატიგრაფიული სკალის შექმნის პრინციპები და გეოლოგიური ტერმინოლოგიის უნიფიკაციები (1881).

არქეოლოგიური მასალების შესწავლის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მეთოდების კომპლექსური გამოყენების პიონერია. არის მრავალი შრომის ავტორი გეოლოგიის, პეტროგრაფიის, პალეონტოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა და არქეოლოგიის დარგში. სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელი; მის მოწაფეთა შორის არიან ნიკოლოზ ანდრუსოვი, ფრანც ლევინსონ-ლესინგი, ალექსანდრე პოლკანოვი, პეტრე ზემიატჩენსკი, სერგეი იაკოვლევი, ვლადიმერ დოკუჩაევი, ნიკოლაი კარაკაში, ვლადიმერ კოვალევსკი, ბორის პოლენოვი.

ალექსანდრე ინოსტრანცევი დაჯილდოებულია რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თედორე ლიტკეს ოქროს მედლით (1879), წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით (1890), წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენითა და სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენით.

ალექსანდრე ინოსტრანცევის პატივსაცემად სახელი ეწოდა პერმული დროის ცხოველს — ინოსტრანცევიას და მყინვარსა და ყურეს კუნძულ ახალ მიწაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

თხზულებები

რედაქტირება
  • Гео­ло­ги­че­ские ис­сле­до­ва­ния на се­ве­ре Рос­сии в 1869 и 1870 гг. СПб., 1872;
  • Дои­сто­ри­че­ский че­ло­век ка­мен­но­го ве­ка по­бе­ре­жья Ла­дож­ско­го озе­ра. СПб., 1882;
  • Че­рез Глав­ный Кав­каз­ский хре­бет. СПб., 1896;
  • Гео­ло­гия: Об­щий курс лек­ций. 4-е изд. СПб., 1905–1912. Т. 1–2.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • До­ман­ский Я. В., Сто­ляр А. Д. По бе­со­вым сле­дам. Л., 1962;
  • Куз­не­цов С. С. А. А. Ино­стран­цев. Л., 1969;
  • Со­ко­лов В. А. А. А. Ино­стран­цев. М., 1981.