ალექსანდრე ამილახვარი (პოლკოვნიკი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ალექსანდრე ვლადიმერის ძე ამილახვარი (დ. 20 ოქტომბერი, 1879 ან 1880, გორი, — გ. 21 აგვისტო, 1968, ნიუ იორკი) — თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, 1921 წლიდან — პოლიტიკური ემიგრანტი.

დაიბადა ქ. გორში, ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი — პაჟთა კორპუსი. ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა დრაგუნთა ქართულ პოლკს. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914–1916 წლებში მსახურობდა „ველურ დივიზიაში“. რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისში დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. 1917 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კონსტანტინეპოლში, შემდეგ პარიზში გადასახლდა. თანამშრომლობდა ემიგრაციულ ჟურნალ-გაზეთებში; 1924 წელს იყო „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1926 წლიდან აქტიურად ჩაება „პრომეთეისტულ“ მოძრაობაში. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესა და ნიკოლოზ ჩქოტუასთან ერთად მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მხარეზე. 1945-1954 წლებში ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან — ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ნიუ-იორკის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1968 წელს ნიუ-იორკში. დაკრძალულია იქვე, ნოვო-დივეევოს რუსულ მონასტერში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • G.Mamoulia, Les combats independantistes des Caucasiens entre USSR et puissances occidentales. 2009, ISBN: 978-2-296-09476-5; p.254-257;
  • Русские в Северной Америке. Е.А. Александров. Хэмден (США)-Сан-Франциско (США)-Санкт-Петербург (Россия), 2005.
  • Памяти полковника князя А.В. Амилахвари // НРС [Новое русское слово (Нью-Йорк)]. 1968.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება