ალექსანდრა თოიძე
ალექსანდრა (შურა) მოსეს ასული თოიძე (დ. 11 მარტი, 1907, თბილისი, — გ. 30 მაისი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ოჯახში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო გ. პერინის საბალეტო სტუდიაში. ნ. შენგელაიას რეკომენდაციით 1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის „გუშინდელნი“, გაიანე ა. სუმბათაშვილის „ღალატი“, ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, ოტრადინა ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავე“, ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, დეზდემონა უ. შექსპირის „ოტელო“ და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართლიანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად. იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე.
ალექსანდრა თოიძემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელ წუთს“, ირინა „ქალაქში შესვლა აკრძალულია“, ჟუჟუნა „ჟუჟუნას მზითევი“, ნინო ჭავჭავაძე „მოგზაურობა არზრუმში“, მარო „გაყრა“, ნატო „ჭრიჭინა“, დედა „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ და სხვა. კინოსა და თეატრში მის მიერ შექმნილი როლებისათვის აღსანიშნავია ფილმში „ქეთო და კოტე“ ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოდ შესრულებული ცეკვა „ქართული“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 173, თბ., 1994