ათინას ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში. ქალაქ ფაზარის გასასვლელში.

ნაგებობა ზღვის სანაპირო ზოლში, ხმელეთიდან 40–50 მეტრით დაცილებულ კლდოვან კონცხზეა დაშენებული. აქ სულ სხვადასხვა ზომის ვულკანოგენური წარმოშობის ოთხი კლდოვანი ბორცვია. ციხე-კოშკის კედლები კლდოვანი ბორცვის გარე კონტურებს მიუყვება და კლდესთან ერთიანობაში ზღვიდან ამოზიდულის შთაბეჭდილებას ტოვებს. დღემდე მოღწეულ ნაგებობაზე დაკვირვებით მასში სულ ცოტა სამი საამშენებლო ფენის გამოყოფა შეიძლება. ქვედა საამშენებლო დონე, რომლის წყობები კარგად იკითხება აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხარეებზე, ნაგებია ქვიშაქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. მათი საშუალო სიმაღლე 60 სანტიმეტრია. შემაკავშირებლად კირხსნარის თხელი ფენაა გამოყენებული და წარმოადგენს ეგრედწოდებულ რომაული ისოდომის ტიპურ ნიმუშს. ამ პერიოდის წყობის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე ნაგებობის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში, 4 მეტრს აღწევს. დაკვირვებით ჩანს, რომ შემდგომში მისი განახლება მიმდინარეობს და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ძველი წყობის დახრილ სიბრტყეზე ამოყვანილია სრულიად ახალი წყობა, რომელიც ბიზანტიურ პერიოდს უკავშირდება. თუმცა, ამავე წყობაში ორი სხვადასხვა ქვე პერიოდი განირჩევა. პირველი ესაა მოწითალო-მოყავისფრო ფერის მცირე ზომის კვადრები,რომლის სიმაღლე 25–30 სანტიმეტრია. კედლის ეს წყობა აღმოსავლეთიდან ორ ვიწრო თაღოვან სარკმელს შეიცავს. იგი 4 მეტრი სიმაღლისაა. ბიზანტიურ პერიოდში ჩანს კედლის ამაღლების ცდა, რომელიც სამ ვიწრო თაღოვან სარტყელს შეიცავს. მშენებლობის ეს პერიოდი ითვალისწინებდა კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში, აღმოსავლეთის მხრიდან ფართე, მაღალ თაღოვან ღიობს. კარის სიმაღლე 3 მეტრია, ხოლო სიგანე 1.80 მეტრი. ეს წყობა წინამორბედისაგან იმით გამოირჩევა, რომ მონაცრისფრო და მოწითალო ფერის თლილი ქვებიერთმანეთში მონაცვლეობენ და წყობათა ზომები არათანაბარი ზომისაა.

კოშკის დასავლეთ კედელზე და ნაწილობრივ სამხრეთის მხარეს დარღვეულ ბიზანტიურ წყობაზე დაშენებულია ოსმალური პერიოდის კედელი, რომლითაც, როგორც ჩანს, მთლიანად განახლდა კოშკი. წყობა ხასიათდება იმით, რომ საამშენებლო მასალად გამოყენებულია 30 ადრეული პერიოდის ნაგებობათა მოშავო-მონაცრისფრო კვადრები, ხოლო მათ შემაკავშირებლად კირის სქელი ფენა. ჩრდილო-დასავლეთი კედელი ზედა სტრუქტურაში ფართო არქიტრავით გადახურულ სარტყლებსაც შეიცავს. მისი ფუძე კლდოვანი მასივი, სამხრეთი და ჩრდილოეთისაკენ მკვეთრადაა დახრილი. ჩანს, რომ საძირკვლისათვის გამოყენებული კვადრები, მათთვის საგანგებოდ ნაკვეთ ბუდეებშია ჩასმული. საკუთრივ კოშკის შესასვლელი გამართული უნდა ყოფილიყო ციხე-კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მაგრამ აქ საფეხურების ნაკვალევი არ ჩანს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მეციხოვნეები იყენებდნენ ხის სამხედრო დანიშნულების კიბეებს.

რაც შეეხება კოშკის დასავლეთ მხარეს, აქ დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეების ორი სართულია შემორჩენილი. ამ მონაკვეთის საამშენებლო წყობაში ოთხი შრე გამოიყოფა: ქვედა, რომელიც მხოლოდ კოშკის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს იკითხება სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვებით და კირხსნარით არის ნაგები. ეს უშუალოდ კლდეზეა ამოყვანილი. პირველი სართულის ფასადზე სამხრეთ-დასავლეთ არეში იკითხება ორი სარკმელი და ერთი კარის თაღოვანი ღიობი. პირველი სართული, ნაგებობის მეორე საამშენებლო დონეს ასახავსდა ნაგები კარგად შერჩეული, დაუმუშავებელი ქვიშაქვის კვადრებით, რომელთა სიმაღლე საშუალოდ 25 სანტიმეტრია. ქვედა სართულის სარკმლები ვიწრო 15-20 სანტიმეტრის სიფართის ღიობებია და ერთი მეტრის სიმაღლისაა ყოველგვარი მოჩარჩოების გარეშე. როგორც ირკვევა, თაღოვანი კარის ღიობი გვიანდელი ქმნილებაა, რომელსაც მესამე, ზედა საამშენებლო დონე ჩრდილო-დასავლეთის ნაწილში დარღვეული აქვს და თავიდან არი შევსებული უსისტემო წყობით. კარგად იკვეთება მესამე საამშენებლო დონე, რომელიც მეორე სართულის კუთვნილი ჩანს. ეს მეტრნახევარი სიმაღლის, ვიწრო ზოლია კვადრების ხუთი რიგისაგან შედგენილი. მეორე სართულის სარკმლების ძირის დონიდან, გამოიყოფა მეოთხე საამშენებლო დონე სხვადასხვა ზომის საგანგებოდ შერჩეული ქვებით. ეს სართული სამ სარკმელს შეიცავს. მათ შორის ორი-ქვედა სართულის სარკმლები გასწვრივ და შედგება საგანგებოდ გამოყვანილი წირთხლებისა და თაღოვანი დამაგვირგვინებელი კვადრებისაგან. ამ წყობის მიხედვით ეპოქათა ზუსტი დეფინაცია შეუძლებელია. პირველი სართულის წყობა შეიძლება ჩავთვალოთ გვიანბიზანტიურად, რომელმაც, სავარაუდოდ, მოსპო ან რაღაც მიზეზის გამო შეცვალა აღმოსავლეთის მხარეს დადასტურებული გვიანრომაული, ასევე ადრებიზანტიურ ისოდომური წყობა.

ათინა საკმაოდ ხშირად გამხდარა ანტიკურ ავტორთა დაინტერესების საგანი. არიანეს მიხედვით, იმის გამო, რომ მისი ნავსაყუდელი არასაიმედო იყო, აქ მცირე რიცხოვანი ხომალდები მხოლოდ ზაფხულობით შედიოდნენ. ახლომახლო იყო მიტოვებული კასტელუმიც. ფაქტობრივად, ათინას ლიმანზე იგივეს იმეორებს ჯ. პალგრევი, ხოლო ათინას კონცხზე აღმართულ კიზ-კალეს „ნახევრადდანგრეულს“ უწოდებს. 1474 წელს იტალიელმა მოგზაურებმა იოზეფ ბარბარო და ამბროჯი კონტარინინებმა, რომლებიც ყირიმიდან, კერძოდ, კაფადან უზუნ ჰასანთან შესახვედრად მიდიოდნენ, გაიარეს ათინა, რომელიც, მათი თქმით, ფაქტობრივად ბერძნებს ეკუთვნოდა და ერთადერთი საიმედო ადგილი იყო, ვინაიდან ბაიბურთისკენ მიმავალ გზაზე ხემშილი ყაჩაღებით არეშობდნენ.

როგორც ჩანს, ათინას ციხე პონტო-კავკასიის საზღვრის ფორმირების პირველი ეტაპის დროინდელია, რომელმაც რაღაც მიზეზის გამო მოგვიანებით დაკარგა მნიშვნელობა. ამ მხრივ საინტერესოა კლავდიუსი მმართველობის ბოლო წლებში არმენიაში, გორნეას სიმაგრეში მდგარი დამხმარე კოჰორტა, რომელმაც თავისი პოლიტიკური მისიის ამოწურვის შემდეგ, დატოვა იქაურობა. როგორც ჩანს, ჭანებისა და ძიდრიტების საცხოვრებელ არეალთან სულ ახლოს განლაგებული პუნქტი თავდაპირველად გარკვეულ სტრატეგიულ ამოცანებს ემსახურებოდა. მას შემდეგ, რაც დამპყრობელმა აქ მისთვის სასურველი მმართველობა დაამყარა მაქერონებისა და ჰენიოხების „სამეფოს“ სახით, ზედმეტად ჩათვალა „საიმედო ხელებში“ მოქცეული ტერიტორიის უშუალო კონტროლი.

ათინადან ერზრუმისკენ მიმავალ გზას სტრატეგიული ადგილი ეკავა. მას ახალი იმპულსი 421 წელს ერზრუმში თეოდოსი ოპოლისის ციხე-სიმაგრის დაფუძნებას უნდა მიეცა. ამის კონტექსტშია განსახილველი მდინარე მელესკურის ხეობაში, ერზრუმ-ათინას მაგისტრალის მაკონტრებელი ყალე და ისპირიდან მომავალ გზაზე გაბატონებული ჯიხა, სადაც ნ. მარმა თლილი ქვით ნაგები კედლის უხეშ წყობასა და ნაგებობის, ადგილობრივთა განმარტებით აბანოს ნაშთს მიაგნო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 28-31 ISBN 978-9941-0-6458-6.