ათამ ონიკაშვილი
ათამ ონიკაშვილი (გ. 1880) — პირველი ფერეიდნელი ქართველი რეპატრიანტი საქართველოში.
ირანში, ფერეიდანში, სოფ. მარტყოფში დაბადებული ათამ ონიკაშვილი 20 წლის ასაკში სამუშოდ გადასულა თავრიზში, სადაც მუშაობდა ინგლისელ ინჟინერთან; შემდეგ მას ბაქოში გაჰყვა საქართველოში გამგზავრების მიზნით და 1871 წელს თბილისში ჩამოვიდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე მოულოდნელი სტუმრის გამოჩენას ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის იყო პირველი ფერეიდნელი, რომელმაც ჩამოიტანა ამბავი სპარსეთის ქართველობის შესახებ. ონიკაშვილს შეხვდნენ: დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი. ათამთან გასაუბრების საფუძველზე ნიკო ყიფიანმა გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი „ქართველების კალონია სპარსეთში“, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ პირველად გაიგო სინამდვილე ფერეიდნელების შესახებ.[1]
ონიკაშვილმა გრიგოლ ორბელიანს რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა ფერეიდნელების საქართველოში გადმოსახლების საკითხში, თუმცა ორბელიანისგან უარი მიიღო, რამაც ის ძლიერ გაანაწყენა.[2] გულგატეხილი ათამი საქართველოში დარჩა, საგარეჯოს რკინიგზის დეპოში დაიწყო მუშაობა, გაქრისტიანდა, ალექსანდრე დაირქვა და ქართველ ქალზე დაქორწინდა. მან სიცოცხლე გაურკვეველი მიზეზით, თვითმკვლელობით დაასრულა 1880 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭიჭინაძე ზაქარია, ქართველები სპარსეთში და საქართველოში მოსული სპარსელი ქართველი ათამ ონიკაშვილი. – თბ., სტამბა ე. ი. ხელაძისა, 1895.
- ბართაია ნომადი, „სამი პერიოდი საქართველოსა და ირანელ ქართველთა ურთიერთობაში“, კრ.: ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, III, თბილისი, 2014, – გვ. 15-24.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „დროება“, 1872, №13. – გვ.1-2.
- ↑ ზაქარია ჭიჭინაძე ასე გადმოსცემს ორბელიანის პასუხს: „ძმაო! ჩვენში არაფერი საზოგადოება არსებობს; მე ვერ გავბედე მათი თხოვნა, მიტომ რომ არაფერი იქნება, ჩვენ თხოვნას არ შეიწყნარებენ, იქიდან აქ ხალხს არ გადმოასახლებენ. ან რა საჭიროა მათი აქ გადმოსახლება, იყვნენ იქ, იცხოვრონ მშვიდობით და ხანდისხან აქაც მოვიდნენ.“ (ჭიჭინაძე, 1895: გვ. 36-37).