ნიკო ყიფიანი

ქართველი მწერალი

ნიკო ენეფეს ძე ყიფიანი (დ. 14 ივნისი, 1976, თბილისი ― გ. 19 ივნისი, 2005, ხაშმი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი მწერალი.

ნიკო ყიფიანი
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1976(1976-06-14)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 2005(2005-06-19) (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ერთხელ წასაკითხი მოთხრობები

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკო ყიფიანი დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 14 ივნისს. მშობლები, ცარო ხარაშვილი და ენეფე ყიფიანი მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად სოფელ ხაშმში, სადაც ნიკო გაიზარდა და მწერლად ჩამოყალიბდა. „ამ ადამიანს ახასიათებდა დიდი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა, გასაოცარი მეხიერების უნარი და სამართლიანი განსჯა, გარდა იმისა, რომ გარეგნულად გოლიათური აღნაგობა ჰქონდა“ — ამბობს მწერლის და, ნინო ყიფიანი. 1982-1993 წლებში სწავლობდა ხაშმის საშუალო სკოლაში. ნიკო ყველას საგანს ადვილად იმახსოვრებდა, მაგრამ გამორჩეულად უყვარდა ისტორია და ლიტერატურა და ამ სფეროებში იმდენი ჰქონდა ნაკითხი და ისე საფუძვლიანად იცნობდა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურას და ისტორიას, რომ მერვე კლასის მოსწავლე ამოარჩიეს ხაშმის კულტურის ძეგლებზე თბილისის სახელმწიფო ტელევიზიაში სასაუბროდ. ამას მოჰყვა მისი ნაწარმოებების (ლექსი „ვინ იცის“) პირველი გამოქვეყნება გაზეთ „ივრის განთიადის“ ფურცლებზე.

პროფესიული გამოცდილება

რედაქტირება

1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. უნივერსიტეტიში სწავლის პერიოდშივე მიიღო ოფიცერის ხარისხი. ნიკო ბავშვობიდან გაეცნო ბიბლიას და იქიდან შეისისხლხორცა ქრისტიანული სათნოება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც არაერთხელ უფიქრია ჩაებარებინა სასულიერო აკადემიაში, ან ბერად შედგომისთვის მომზადებულიყო. თუმცა მისი ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

მოღვაწეობა

რედაქტირება

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ ხაშმში დაბრუნდა საცხოვრებლად. იქ 2002 წლის შემოდგომაზე სოფლის საშუალო სკოლის მოსწავლეების სამხედრო საქმის მასწავლებლობა შესთავაზეს და რაკი სხვაგვარი დასაქმება თითქმის შეუძლებელი გახდა, ამ შემოთავაზებას ენთუზიაზმით დასთანხმდა. შემდეგ ეკონომიკის გაკვეთილებიც მიუმატეს და უფრო დაკავებული აღმოჩნდა სკოლაში.

თვითმკვლელობა

რედაქტირება

2005 წლის 13 ივნისს გამოძახებულ იქნა შაქრიანის რეზერვისტთა ბატალიონის 21 დღიან შეკრებაზე, სადაც პატრიოტული სულისკვეთებითა და სიხარულით გამოცხადდა 16 ივნისს. 19 ივნისს ნიკო ყიფიანმა სანადირო თოფით მოიკლა თავი.

„ერთხელ წასაკითხი მოთხრობები“

რედაქტირება

ნიკოს გარდაცვალების შემდეგ მიხო მოსულიშვილის რედაქტორობით გამოიცა კრებული იმ სათაურით, რომელიც თავად ავტორს სურდა დაერქმია თავისი წიგნისთვის: „ერთხელ წასაკითხი მოთხრობები“ - ISBN 99940-0-571-5. წიგნში მოთხრობებთან ერთად შესულია ნიკოს მიერ ინგლისურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ლორდ ბაირონის და ლორდ როჩესტერის ლექსები, ესსე და მასთან პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ. წიგნის წინასატყვაობა ეკუთვნის მწერალ ზაალ სამადაშვილს.

გამოქვეყნებული მოთხრობები

რედაქტირება
  • 2000: „არამი“ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
  • 2000: „კუდი“ „ცისკარი“ .
  • 2001: „ჯადობაზი“ „ცისკარი“ .
  • 2002: „ფრთებდამწვარი სულის წივილი“ „ცისკარი“.
  • 2004: „კაფკასეული სამყარო ქართულ სინამდვილეში“ „ცისკარი“.
  • 2005: „ივენი“ „ლიტერატურული პალიტრა“.
  • 2005: „მურმანი“ „ლიტერატურული პალიტრა“.
  • 2005: „მტრის სისხლი“ „ლიტერატურული პალიტრა“.
  • 2005: „კაცადქცეული“ „ლიტერატურული პალიტრა“.
  • 2005: „თუ ჩემი სული ცხონდება“ „ლიტერატურული პალიტრა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება