აგიაპანტი
აგიაპანტი — ქართული მონასტერი ბიზანტიაში, ქ. კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი). ქართველები "ყოველთა მონასტერს" უწოდებდნენ. XI საუკუნის II მეოთხედში ბიზანტიის ხელისუფლებამ ქართველ ეპისკოპოსს ზაქარია ბანელს უბოძა. 1030 ამ მონასტერშია გადაწერილი ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი მაქსიმე აღმსარებლისა და გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებანი.
ქართული ხელნაწერების კოლოფონებში მოხსენიებული კონსტანტინოპოლის ნაკლებად ცნობილი მონასტერია ყოველთა წმიდა ანუ აგიაპანტი. ეს მონასტერი ბასილი II-ის მიერ 1022 წელს ბიზანტიის დედაქალაქში ექსორიაქმნილი ვალაშკერტელი, შემდგომში კი ბანელი ეპისკოპოსის და სვინგელოზის, ზაქარიას სახელს უკავშირდება. ზაქარიამ მის პირად საკუთრებაში არსებულ კონსტანტინოპოლის აგიაპანტის მონასტერში რომანოზ III-ის ზეობაში, 1030-1031 წლებში ბითვინიის ოლიმპის ღმრთისმშობლის ქართული მონასტრის ბერს, ისაკს გადააწერინა ეფთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი მაქსიმე აღმსარებლის თხზულებების კრებული (ხეც, Q-34). ანდერძის თანახმად, ხელნაწერი დაიწერა:
კონსტანტინოპოლში მდებარე აგიაპანტის ანუ ყოველთა წმინდას მონასტერი ვალაშკერტელ ეპისკოპოსს ზაქარიას რომანოზ III-ისაგან საკუთრებაში, სავარაუდოდ, უნდა მიეღო ხელნაწერის გადაწერის ახლო ხანებში, 1030/1031 წლებში, მაშინ როცა კონსტატინოპოლში ჩასული იყო წარმომადგენლობითი ელჩობა დედოფალ მარიამისადა ქართლის კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის შემადგენლობით. სავარაუდოდ, სწორედ იმხანად კონსტანტინოპოლში მყოფმა ზაქარია ვალაშკერტელმა მიიღო ბანას საეპისკოპო და სვინგელოზოს პატივი. ზაქარია ვალაშკერტელის მიერ ბანას მთავარეპისკოპოსის და სვინგელოზის პატივის მიღება ბიზანტიასთან პოლიტიკური დამოკიდებულების ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენდა, რაც, სავარაუდოდ, მას ქართლის და ყოვლის აღმოსავლეთის პატრიარქის თანამდგომის და დამხმარის სტატუსს ანიჭებდა. კონსტანტინოპოლის აგიაპანტის მონასტერში, ზაქარიას ბანელობის და სვინგელოზობის დროს უნდა იყოს გადაწერილი კიდევ ორი ხელნაწერი – გრიგოლ ღმრთისმეტყველის თხზულებათა კრებული (1031 წ., ხეც, A-1) და სახარება-სამოციქულო ([1031 წ.], ქიემ, K-176). Aამ უკანასკნელის ანდერძში ზაქარია მამამთავართა მთავრად იწოდება (განსხვავებით 1031 წელს გადაწერილ გრიგოლ ღვთისმეტყველის ხელნაწერის ანდერძისაგან, სადაც ზაქარია ბანაელ მამამთავრად და სჳნგელოზად არის მოხსენიებული), რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ბანას მთავარეპისკოპოსს ეს ტიტული მას მიენიჭა მისი განსაკუთრებული საპატიო მდგომარეობის გამო.
აგიაპანტის ადგილმდებარეობა ხელნაწერის ანდერძში მითითებული არ არის, თუმცა მინიშნებულია, რომ მონასტერი მდებარეობდა უშუალოდ კონსტანტინოპოლში. ე. მეტრეველის ვარაუდით, რამდენადაც ბერძნულ წყაროებში ამ მონასტრის შესახებ ცნობებს არ ვხვდებით, მონასტერი, სავარაუდოდ, მცირე ზომის უნდა ყოფილიყო და არც თუ სახელმოხვეჭილი, რომლის მსგავსიც ბევრი იყო ბიზანტიის დედაქალაქში. მისივე აზრით, აგიაპანტი ადგილმდებარეობის მიხედვით, შეიძლება გავაიგივოთ ზაქარია ვალაშკერტელის ქტიტორობით შექმნილ კიდევ ერთ ხელნაწერში მოხსენიებულ პიღურის მონასტერთან, სადაც 1030 წელს ბასილი მალუშიძის ხელით გადაინუსხა დედაქალაქური წრის, მაღალმხატვრული მინიატიურებით უხვად შემკული მცირე სვინაქსარის შესანიშნავი ნუსხა (ხეც, A-648). ე. მეტრეველის დასკვნით, ამ შემთხვევაში ხელნაწერის ანდერძში მითითებულ იქნა, მონასტრის სახელის დაუსახელებლად, მხოლოდ მონასტრის ადგილმდებარეობა – პიღური. ეს გაიგივება ნაკლებად ჩანს მისაღები, რამდენადაც შეუძლებლია კონსტანტინოპოლის პატარა, უმნიშვნელო მონასტერში შექმნილიყო, როგორც მხატვრული, ასევე ქართული და ბერძნული კოლოფონების თვალსაზრისით ყოველნაირად შემკული ისეთი შესანიშნავი ხელნაწერი, როგორსაც პიღურში გადანუსხული და მოხატული სვინაქსარი წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 55.
- კლდიაშვილი დ., კონსტანტინოპოლის მონასტრები XI საუკუნის 20-30-იანი წლების ქართულ წყაროებში, „კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, თბ., 2010, გვ. 506-521