აბულეთაურთ ციხეარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთით, წყალგამყოფ ქედზე, სამანქანო გზიდან 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხეში შედის კოშკი, ციხე-სახლი და კედლებით შემოზღუდული შიდა ეზო. კოშკი (3,6 x 3,6 მეტრი) ხუთსართულიანია (სიმაღლე 14,5 მეტრი), I სართულის შიდა ზომებია 2,5 x 2,3 მეტრი, ბოლოსი — 2,1 x 2,1 მეტრი. კოშკის ერთადერთი კარი აღმოსავლეთ კედელშია, მიწის დონიდან 3,3 მეტრ სიმაღლეზეა გაჭრილი. კარის წინ 1,1 მეტრი სიმაღლის ქვის სწორკუთხა ბაქანია, რომელსაც შესასვლელთან მისადგმელი ხის კიბე აკავშირებდა. I სართული სამალავი იყო. II, III და IV — საცხოვრებელი. თითოეულ სართულს ჩრდილოეთით თითო სარკმელი აქვს, დანარჩენ კედლებში — თითო სათოფური. V (სათავდაცვო) სართულის საფასადო მხარეს სალოდეების კონსოლებია შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე. V სართული ძლიერ შემაღლებული, წვერწაკვეთილი გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. გარედან სახურავი პირამიდული ფორმისაა, საფეხურებიანი. ციხე-სახლი სამსართულიანია. თითოეულ სართულზე თითო ოთახია. I სართული (4,4 x 4 მეტრი, სიმაღლე 3 მეტრი) საქონლის სადგომია. თაღოვანი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. II სართული საცხოვრებელია, სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია, მის აღმოსავლეთით ვიწრო სათოფურია მოწყობილი. III სართული სათავდაცვოა. სართულის ჩრდილოეთ კედელში სალოდე და ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში — ორი სათოფური. დასავლეთ კედელში ერთი სათოფური და ორი სარკმელი. სამხრეთ კედელი შუა ნაწილში გახსნილია. კედლის განაპირა ნაწილებზე შემორჩენილია ღიობების კვალი. კოშკსა და ციხე-სახლს შორის მოქცეულია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სწორი კედლით შემოზღუდული შიდა ეზო. ჩრდილოეთ კედლის მაქსიმალური სიმაღლეა 2,8 მეტრი. მის შუა ნაწილში თაღოვანი შესასვლელია. აღმოსავლეთ კიდესთან კი — ღრმა სწორკუთხა ნიში.

ლიტერატურა

რედაქტირება