აბლიაქიმ აჯი-არიფ-ოღლუ ილმიი (ფსევდ. არიფზადე, ალათაილი; დ. 1887, სოფ. ესქი-ელი, ახლანდ. ვიშნევე, სევასტოპოლი — გ. 1947, მეჯიდია ან 1962, ბუქარესტი) — ყირიმელი თათარი მწერალი. სწავლობდა სტამბოლის მედრესეში. სტუდენტური ახალგაზრდობის ამხანაგობის აქტიური მონაწილის სახით ჩართული იყო თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1914 წელს დაბრუნდა ყირიმში, ხელმძღვანელობდა თავდაირის მედრესეს. 1916 წელს იყო გაზეთ „თერჯიმანის“ (ქართ. „მთარგმნელი“, „თარჯმანი“) მთავარი რედაქტორი. 1917 წლიდან გამოსცემდა გაზეთ „ყირიმ ოჯაღის“ („ყირიმის კოცონი“). ამავდროულად ასან საბრი აივაზოვთან და ჯ. აბლაევთან ერთად აირჩიეს ყირიმელი თათრების ყურულთაის პრეზიდიუმში. მედრესე „ზინჯარლიში“ ასწავლიდა გეოგრაფიას. 20-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ყირიმის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში. 1928 წელს დააპატიმრეს, ნაციონალიზმის ბრალდებით 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეწყალების შემდეგ მუშაობდა უკრაინაში. მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთში წავიდა. იკვლევდა ყირიმის ისტორიას. თურქულ ენაზე თარგმნა ყირიმელი უფლისწულის ალიმ გირეის ნაწარმოები „ხანების ვარდის ბუჩქი“ („Гульбуны ханан“) და გამოსცა იგი მრავალრიცხოვანი კომენტარებით (სტამბოლი, 1909). 1913 წელს გაზეთ „თერჯიმანში“ გამოაქვეყნა რიგი სტატიები ეთნონაციონალური განათლების რეფორმირების შესახებ, სადაც საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც მწერალიც, მოთხრობით „შვილო, ჩუბარ“ (1 ნოემბერი, 1914; ცალკე წიგნად — სიმფეროპოლი, 2004). მოთხრობებმა მოსწავლეთა ცხოვრებიდან „მოგონებები შიმშილის შესახებ: სუნდუსის დღიურიდან“ (გაზეთი „ილერი“, 1926–1929) და „მეფუტკრე ბექირი“ (სიმფეროპოლი, 1928; 2004) მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ყირიმული თათრული ლიტერატურის განვითარებაში. გამოცემულია ნაწარმოებების კრებული „ესერლერ თოფლამი“ (სიმფეროპოლი, 2004).[1]

აბლიაქიმ ილმიი
ყირიმ. Ablâkim İlmiy
დაბადების თარიღი 1887
დაბადების ადგილი ვიშნევე
გარდაცვალების თარიღი 1947
გარდაცვალების ადგილი მეჯიდია
საქმიანობა მწერალი და ნოველისტი
ენა ყირიმელი თათრების ენა
მოქალაქეობა  სსრკ
რუსეთის იმპერია
ჟანრი მოთხრობა და მოკლე რომანი
  1. Керімов, І. А.. Ільмій Аблякім. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2011). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2023