აბდულა აჰმად ბადავი (მალ. Abdullah Ahmad Badawi; დ. 26 ნოემბერი 1939, კეპალა-ბატასი, მალაიზია) მოსახლეობაში ცნობილია როგორც პაკ ლაჰი — დამოუკიდებელი მალაიზიის მეხუთე პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი 2003 წლის 31 ოქტომბრიდან 2009 წლის 3 აპრილამდე. მმართველი პარტიის ბარისან ნასიონალი — მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის ლიდერი 2003-2009 წლებში.

აბდულა აჰმად ბადავი
აბდულა აჰმად ბადავი
მალაიზიის მე-5 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი, 2003 – 3 აპრილი, 2009
წინამორბედიმაჰათჰირ მოჰამადი
მემკვიდრენაჯიბ ტუნ რაზაკი

დაბადებული26 ნოემბერი, 1939
კაპალა-ბატასი
პოლიტიკური პარტიამალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია
მეუღლეენდონ მაჰმუდი
განათლებამალაიის უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბდულა აჰმად ბადავი დაიბადა რელიგიურ ისლამურ ოჯახში. 1964 წელს დაასრულა მალაიის უნივერსიტეტი. 1978 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი კეპალა-ბატასის ოლქიდან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაჰათჰირ მუჰამადის დიდი ხნის პარტიული მოკავშირე. 1984 წლიდან არის მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.

მთავრობაში მუშაობა დაიწყო 1978 წელს, როგორც ფედერალური ტერიტორიების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა. 1980 წელს კი გახდა მინისტრის მოადგილე. 1981 წელს მაჰათჰირ მუჰამადი სათავეში ჩაუდგა მთავრობას. ბადავის შესთავაზა პრემიერ-მინისტრის დეპარტამენტში მინისტრის პორტფელი, ხოლო 1984 წლიდან იგი დანიშნეს განათლების მინისტრად. 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ 1987 წლის აპრილშ ჩამოაშორეს მთავრობას, რადგან მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის ყრილობაზე მხარს უჭერდა დაჯგუფებას, რომელიც გამოდიოდა პარტიული ხელმძღვანელობის შეცვლის წინადადებით, რაც საბოლოოდ პარტიული განხეთქილებით დასრულდა. 1991 წლიდან კვლავ მთავრობაშია, 1999 წლამდე ეკავა საგარე საქმეთა მინისტრის, ასევე განათლებისა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობა. შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი.

1993 წელს კვლავ შევიდა განახლებული პარტიის მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის უზენაეს საბჭოში. 1996 წელს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2000 წელს გახდა მისი პირველი მოადგილე.

პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

2003 წლის 31 ოქტომბრიდან აბდულა აჰმად ბადავი პრემიერ-მინისტრია. პრემიერ-მინისტრის რანგში იგი დაუბრუნდა კორუფციასთან ბრძოლას, დააპატიმრა წინა მთავრობის მრავალი ჩინოვნიკი, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაჰათჰირ მოჰამადის უკმაყოფილება გამოიწვია.

წამოაყენა ცივილიზებული ისლამის, ე. წ. ისლამ ჰადარის დოქტრინა.

იგი მხარს უჭერდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, პირველ რიგში სოფლის მეურნეობისა და ბიოტექნოლოგიის. ასევე ისლამური ფასეულობების შენარჩუნებას. 2004 წელს მან კოალიციასხელმძღვანელობდა და მოიგო საპარლამენტო არჩევნები, რის გამოც ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა.

2008 წელს დაშალა პარლამენტი და გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები, რომლის შედეგები არ იყო ხელსაყრელი მმართველი ეროვნული ფრონტისთვის. კოალიციამ დაკარგა უმრავლესობა (ხმების 2/3) პარლამენტში და კონტროლი ექვს შტატზე[1]. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაჰათირ მუჰამადის ზეწოლისა და ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობის გამო 2009 წლის გაზაფხულზე აბდულა აჰმად ბადავიმ გამოაცხადა პენსიაში გასვლა და უფლემოსილება გადააბარა თავის მოადგილეს ნაჯიბ ტუნ რაზაკს[2].

2005 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2003 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის სექტემბრამდე მიუმხრობლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

2007 წელს დაქორწინდა მეორედ (პირველი მეუღლე გარდიაცვალა 2005 წელს ონკოლოგიური დაავადებისაგან).

2007 წლიდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საპატიო დოქტორია[3][4].

აბდულა აჰმად ბადავი წერს ლექსებს. მისი კრებული „მე ვეძებ მარადიულ მშვიდობას“ გამოცემულია მსოფლიოს 80 ენაზე[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Погадаев В. Малайзия в ожидании перемен: заметки о выборах. Азия и Африка сегодня, 2008, № 8 (613), c. 20-22. Библиогр.: с. 22.
  2. Погадаев В. А. Новые тенденции в политической жизни Малайзии — «Тихоокеанское обозрение» 2008—2009. M.: Университетская книга, 2010, с. 139—153
  3. Об открытии Центра АСЕАН в Москве — МГИМО-Университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
  4. Институт религии и политики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-12-13.
  5. Abdullah Ahmad Badawi. Ku Cari Damai Abadi. I Seek Eternal Peace. (Я ищу вечного мира) In 80 Languages. Editor Assoc. Professor Dr. Victor Pogadaev. Kuala Lumpur: Penerbit Universiti Malaya, 2008.