აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია
აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია, ახალი ზარზმა — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აშენდა 1896-1898 წლებში.
აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანი |
კურთხევის წელი | 1898 წლის 13 სექტემბერი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ისტორია
რედაქტირებაალექსანდრე ნეველის ეკლესიის კომპლექსი (გუმბათიანი ტაძარი, სამრეკლო, გალავანი) მრავალმხრივ საინტერესო ხუროთმოძღვრულ ანსამბლს წარმოადგენს, რომელიც მეტად საყურადღებოა მხატვრულ-ისტორიული და ურბანული თვალსაზრისით. მისი დამკვეთია რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ვაჟი, რუსეთის უკანასკნელი იმპერატოტრის ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა, დიდი მთავარი, უფლისწული გიორგი. შენობის პროტოტიპს წარმოადგენს სამცხეში არსებული ზარზმის მონასტრის მთავარი ეკლესია (XIV საუკუნის დასაწყისი) და სამრეკლო, რის გამოც აბასთუმნის ეკლესიას „ახალ ზარზმასაც“ უწოდებენ. პროექტის ავტორია ევროპელი არქიტექტორი ოტო სიმონსონი, რომელიც მოღვაწეობდა თბილისში. ტაძრის მოხატულობა ეკუთვნის რუს მხატვარს მიხეილ ნესტეროვს. ეკლესიის ინტერიერში, დასავლეთ კედელზე არსებულ მარმარილოს დაფაზე არსებული წარწერა გვაუწყებს, რომ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1896 წლის 27 ივნისს, ეკლესია აკურთხეს 1898 წლის 13 სექტემბერს. ამავე კედელზე განთავსებულია მ. ნესტეროვის ხელმოწერა და ტაძრის მოხატვის დასრულების თარიღი — 1904 წელი.
აღწერა
რედაქტირებამშენებლობის დაწყებისას ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ნაგებობა უნდა აგებულიყო ვიწრო ხეობაში არსებულ დასახლებაში. წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის კომპლექსი შესანიშნავადაა ჩაწერილი აბასთუმნის ურბანულ გარემოში და ბუნებრივ ლანდშაფტში. ამავე დროს, იგი მის გამორჩეულ დომინანტს წარმოადგენს. კომპლექსის შემადგენელი თითოეული ნაწილი ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, საყურადღებოა როგორც ცალ-ცალკე აღებული, ასევე მთლიანობაში. წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი მისდევს ზარზმის მონასტრის მთავარი ტაძრის გეგმარებას და ფასადების მორთულობას, თუმცა იგი არ წარმოადგენს ამ შენობის უბრალო ასლს და დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულების შემცველი ნაგებობაა, რაც არქიტექტორ ოტო სიმონსონის მხატვრული ალღოს დამსახურებაა.
ცალკე აღსანიშნავია შენობის მოხატულობა, რომელიც გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. ეკლესია მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე. შენობებისათვის შექმნილია სპეციალურად მოსწორებული, კლდეში შეჭრილი ბაქანი, რომელიც გალავნითაა გარშემორტყმული.
მდებარეობის გამო ნაგებობის ყველაზე მორთული აღმოსავლეთი ფასადი ამ ქვაბულში აღმოჩნდა ნაწილობრივ ჩაფლული, რაც ხუროთმოძღვარმა გააწონასწორა დასავლეთით არსებული მდიდრულად მორთული სტოა-კარიბჭით, სადაც განთავსებულია ეკლესიის მთავარი შესავლელი. წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯს და საკურთხევლის კუთხეებს. ფასადები შემოსილია მოყვითალო და რუხი ფერის კარგად თლილი ქვის რიგების მონაცვლეობით. ორნემენტული მორთულობა თავმოყრილია ღიობების გარშემო. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი, რომელიც აღმოსავლეთ სარკმლის საპირესთანაა შეზრდილი. დასავლეთით, ფასადის ცენტრში განთავსებულია ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სამნაწილიანი სტოა-კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი დამოუკიდებელი ორფერდა სახურავითაა გადახურული. კარიბჭის სამივე ნაწილი ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული. სარკმელთა საპირეები ორნამენტითაა დაფარული. შენობის ქვედა კორპუსზე სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლებია. თორმეტწახნაგა გუმბათზე თითოეული წახნაგის გამოტოვებით გაჭრილია ორნამენტული საპირით გაფორმებული ექვსი თაღოვანი, სარკმელი და ექვსი ცრუსარკმელი. შენობა დაბურულია თუნუქის სახურავით. შენობის შიდა სივრცე აღმოსავლეთით სრულდება ნახევარწრიული აფსიდით. საკურთხევლის წინ დაბალი კანკელია აღმართული, ხოლო საკურთხევლის მიმდებარე სათავსები კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ სივრცესთან. კედლები მხატვრობითაა დაფარული. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, გუმბათში - ქრისტე პანტოკრატორი. კედლებზე წარმოდგენილია სახარებიდან აღებული, ორნამენტულ ჩარჩოში ჩასმული სიუჟეტური სცენები და ცალკეულ წმინდანთა (წმინდა ნინო, წმინდა ბარბარე, წმინდა ნიკოლოზი და სხვა) გამოსახულებები. საკურთხევლის სამხრეთით არსებული სათავსის მხატვრობა უახლოეს დროშია შესრულებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6191