მრავალფარფლიანები (ლათ. Polypterus) — თევზების გვარი მრავალფარფლიანისებრთა ოჯახისა. აქვთ 14-16 ფარფლი, წაგრძელებული სხეული (სიგრძე 120 სმ-მდე), გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული, სხეული დაფარულია ქერცლით. საცურაო ბუშტი ასრულებს „ფილტვის“ როლს. მრავალფარფლიანები წყლის ზედაპირზე ამოდიან და ჰაერს ყლაპავენ. ატმოსფერული ჰაერის გარეშე 2-3 საათში იღუპებიან. გვარში 10 სახეობაა. ბინადრობენ აფრიკის მდინარეთა წყნარ ყურეებსა და ტბების ლაგუნებში. იკვებებიან წვრილი თევზებით და უხერხემლო ცხოველებით. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ხორცი გემრიელია. ზოგი სახეობა სააკვარიუმოა.