არაფარდი პარკხვევია

(გადამისამართდა გვერდიდან Lymantria dispar)

არაფარდი პარკხვევია, არაფარდი აბრეშუმხვევია[1] (ლათ. Lymantria dispar) — პეპელა ერებუსისებრთა ოჯახისა. ხეხილისა და ტყის ჯიშების მავნებელი. დედლების ფრთები მოყვითალო-თეთრია, შლილი 65–75 მმ შეადგენს; მამლებისა — მურა-რუხი, შლილი 45 მმ-მდეა.[2] დედალ-მამალი ერთმანეთისაგან განირჩევა სიდიდით, ფერით და ულვაშების ფორმით, რისთვისაც არაფარდი (არაერთნაირი) შეარქვეს.[3] მუხლუხი სიგრძეში 80 მმ-მდეა, შეფერილია მუქად, ტანზე არსებული მეჭეჭებიდან ამოსულია თმის კონები; ამ მეჭეჭების პირველი 5 წყვილი ლურჯია, დანარჩენი — წითელი. არაფარდი პარკხვევიას აზიური რასა კარანტინის ობიექტია.[2]

არაფარდი პარკხვევია

მამალი

დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ერებუსისებრნი
ქვეოჯახი:  ტალღურასებრნი
გვარი:  Lymantria
სახეობა:  არაფარდი პარკხვევია
ლათინური სახელი
Lymantria dispar (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Phalaena dispar (Linnaeus, 1758)
  • Ocneria dispar (Linnaeus, 1758)
  • Porthetria dispar (Linnaeus, 1758)

დედალი პეპელა კვერცხს დებს გროვებად (1500-მდე) შტამებზე, მსხვილ ტოტებზე და სხვა. წელიწადში ვითარდება ერთი თაობა.[3] იზამთრებს კვერცხი, ნოემბერიდან-მარტამდე,[4] თითქმის ჩამოყალიბებული მუხლუხებით, ნაყარის სახით, რომელიც ქეჩის ყვითელ-მურა ბალიშს გავს და განლაგებულია ხეების ტანსა და ტოტებზე.[2] კვირტების გაშლასთან ერთად, აპრილის დასაწყისში, კვერცხიდან იჩეკება მუხლუხი, რომელიც იკვებება აქტიურად და ახასიათებს 6 ხნოვანება.[4] გაზაფხულზე გამოსულ მცირე ზომის მუხლუხებს, რომლებსაც მთელ ტანზე გრძელი თმები აქვთ, შეუძლიათ ქარით გავრცელება. ვითარდებიან 35–50 დღის მანძილზე, რა დროსაც ჭამენ მცენარეთა ფოთლებს და მათგან ხშირად მხოლოდ ყუნწს და მთავარ ძარღვებს ტოვებენ; ჭუპრდებიან ვარჯში,[2] დაჭუპრებას იწყებენ საშუალოდ ივნისის შუა რიცხვებიდან, რომელიც გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში. პეპლები ფრენენ ივნისის ბოლო რიცხვებიდან აგვისტოს მეორე ნახევრამდე.[4]

არაფარდი პარკხვევია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.[3] გვხვდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს, ძირითადად ფოთლოვნებს, ნაკლებად წიწვოვნებს, როგორც ტყისას ისე ბაღ-პარკებისას.[4]

ბრძოლის ღონისძიებანი: კვერცხების გროვის გაჟღენთა კრეოზოტით, ნავთით ან მაზუთით. მატლების მოსასპოპად ხეებზე კონტაქტური და ნაწლავის შხამების შეფრქვევა.[3]

  1. დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 648.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Третьяков Н. Н. Непарный шелкопряд // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 469.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 544.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 159.