G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორი

G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორი არის პლაზმურ მემბრანასთან დაკავშირებული რეცეპტორი, რომელიც G-ცილად წოდებული ცილის დახმარებით მოქმედებს. მრავალი განსხვავებული ცილა იყენებს G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორს, მათ შორის საფუარის შეწყვილების ფაქტორები, ეპინეფრინი და სხვა მრავალი ჰორმონი და ნეიროტრანსმიტერი. ეს რეცეპტორები განსხვავდებიან სასიგნალო მოლეკულებისა და უჯრედის შიგნით სხვადასხვა G-ცილების შესაცნობი დაკავშირების საიტებით. რეცეპტორული ცილები საგრძნობლად მსგავსნი არიან. თითოეულ მათგანს აქვს მემბრანის გამჭოლი 7 a სპირალი.

G-ცილა ნაჩვენებია წითლით და ლურჯით.

ეუკარიოტული რეცეპტორული ცილებისთვის დამახასიათებელია მეორეული სტრუქტურა, სადაც ერთ პოლიპეპტიდს, აქვს შვიდი ტრანსმემბრანული a სპირალი, რომლებიც უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ცილინდრისმაგვარად და ერთ მწკრივშია წარმოდგენილი.

G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორული სისტემები უკიდურესად ფართოდ გავრცელებული და განსხვავებული ფუნქციების მქონეა, მათ შორისაა მათი როლი ემბრიონულ განვითარებასა და სენსორულ აღქმებში. მაგალითად, ადამიანებში, როგორც მხედველობა, ასევე ყნოსვა დამოკიდებულია ასეთ ცილებზე.

G-ცილის სისტემები მონაწილეობს ადამიანის მრავალ დაავადებაში, ბაქტერიული ინფექციების ჩათვლით. დღეს გამოყენებული მედიკამენტების 60%-ზე მეტი თავიანთ ეფექტებს ავლენენ G-ცილის სასიგნალო გზაზე მოქმედებით.

G-ცილის მოქმედება

რედაქტირება

მემბრანის ციტოპლაზმურ მხარეზე თავისუფლად მიმაგრებული G-ცილა მოქმედებს როგორც მოლეკულური ჩამრთველი, რომელიც ან ჩართულია, ან კიდევ გამორთული, იმისდა მიხედვით, გუანინის ორი ნუკლეოტიდიდან, რომელი არის მასთან მიმაგრებული, გდფ თუ გტფ. სწორედ ამის გამო ჰქვია G-ცილა. როცა გდფ დაკავშირებულია G-ცილასთან, იგი არააქტიურია.

როდესაც შესაბამისი სასიგნალო მოლეკულა უკავშირდება რეცეპტორს უჯრედგარე მხარეზე, რეცეპტორი აქტივდება და ფორმას იცვლის, მისი ციტოპლაზმური მხარე შემდეგ უკავშირდება არააქტიურ G-ცილას და იწვევს გდფ-ის გტფ-ით შეცვლას, რაც G-ცილას ააქტივებს.

გააქტივებული G-ცილა რეცეპტორიდან დისოცირდება და მემბრანის გასწვრივ დიფუზირდება, შემდეგ უკავშირდება ფერმენტს და ცვლის მის აქტივობას. როცა ფერმენტი გააქტივდება, მას შეუძლია უჯრედის პასუხის განმაპირობებლი გზის მოდევნო საფეხურის ჩართვა.

ცვლილებები ფერმენტსა და G-ცილაში მხოლოდ დროებითია, რადგანაც G-ცილა ასევე მოქმედებს როგორც გტფ-აზური ფერმენტი და მასთან დაკავშირებული გტფ-ის ჰიდროლიზს ახდენს გდფ-ად. შემდეგ ისევ არააქტიური G-ცილა ტოვებს ფერმენტს, რომელიც თავის მხრივ, საწყის მდგომარეობას უბრუნდება. G-ცილის გტფ-აზური ფუნქცია მიმოცვლის გზის სწრაფად შეწყვეყის საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაში, როცა სასიგნალო მოლეკულა აღარ არის წარმოდგენილი.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 258. თბ., 2009 წელი.