Corynebacterium diphtheriae — პათოგენური ბაქტერია, რომელიც იწვევს დიფტერიას.[2] იგი ასევე ცნობილია როგორც კლებს-ლეფლერის ბაცილა, რადგან იგი 1884 წელს გერმანელმა ბაქტერიოლოგებმა ედვინ კლებსმა (1834 – 1912) და ფრიდრიხ ლეფლერმა (1852 – 1915) აღმოაჩინეს.

Corynebacterium diphtheriae

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Corynebacterium diphtheriae
(Kruse, 1886) Lehmann & Neumann, 1896
[1]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

განასხვავებენ ოთხ ქვესახეობას: C. d mitis, C. d. intermedius, C. d. gravis და С. d. belfanti. ისინი ერთმანეთისგან კოლონიების მორფოლოგიით და ბიოქიმიური აქტივობით განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტოქსიკური ან არატოქსიკური. C. diphtheriae წარმოქმნის ტოქსინს, რომელიც მასპინძელ უჯრედში ცვლის ცილის ფუნქციას ელონგაციის მე-2 ფაქტორთან (EF-2) დაკავშირების გზით. იწვევს ფარინგიტს და ფსევდომემბრანების განვითარებას ყელში. ტოქსინის მაკოდირებელი გენი ბაქტერიოფაგშია მოთავსებული. C. diphtheriae მხოლოდ მას შემდეგ ხდება პათოგენური, რაც ბაქტერიოფაგის გენომის ინტეგრაცია მოხდება ბაქტერიულ ქრომოსომაში.[3][4]

C. diphtheriae-ს იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება გრამის მეთოდით შეღებვა, იგი გრამ-დადებითი ჩხირია. აგრეთვე მას ღებავენ ალბერტსის საღებავით. ამ უკანასკნელით კარგად ჩანს ჩხირის ტერმინალური ნაწილში არსებული მეტაქრომატული გრანულები. მათ პოლარულ, ბაბეშ-ერნსტის ან ვოლუტინის გრანულებს უწოდებენ. კულტივირებისთვის გამოიყენება ლეფლერის ნიადაგი. ტელურიტიან აგარზე კორინებაქტერიები ტელურიტს აღადგენენ მეტალურ ტელურამდე, ამის გამო კოლონიებს შავი შეფერილობა აქვთ.

საკვებ ნიადაგში რკინის დაბალი კონცენტრაციაა საჭირო ტოქსინის წარმოსაქმნელად. დიდი რაოდენობის შემთხვევაში რკინა უკავშირდება ბაქტერიოფაგში არსებული გენების რეპრესორს და უზრუნველყოფს ტოქსინის წარმოქმნის შეწყვეტას.[5] დიფტერიის ტოქსინის არსებობა/არ არსებობას ადგენს ელეკის ტესტი.

პათოგენი და დაავადება

რედაქტირება
 
კანის დიფტერია ქვედა კიდურზე

Corynebacterium diphtheriae არის გრამ-დადებითი, უძრავი ჩხირი. იწვევს დიფტერიას. არ წარმოქმნის სპორას.[6] დაავადება გავრცელებულია ძირითადად ტროპიკულ რეგიონებში და განუვითარებელ ქვეყნებში, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება შემთხვევები. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ სუსტი იმუნიტეტისა მქონე პირები და არავაქცინირებული ბავშვები. დაავადების ტიპური მიმდინარეობის დროს ზიანდება ზედა სასუნთქი მიდამო. ხახის არეში ჩნდება მორუხო-მონაცრისფრო აპკი, რაც ავადმყოფს ყლაპვასა და სუნთქვაში უშლის ხელს. დაავადება გადამდებია სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. დაფიქსირებულია 1 თვის თავზე გადადების შემთხვევებიც. [7] დაავადების შეჭრის ჭიშკარს წარმოადგენს ცხვირი, ნუშურა ჯირკვლები და ყელი. სიმპტომები მოიცავს ყელის ტკივილს, სისუსტეს, სიცხეს, შესიებულ ჯირკვლებს. გადაცემის გზა აეროგენულია - დაცემინებით, ხველებით და უფრო იშვიათად დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით. თუ დროულად არ ვუმკურნალებთ ადამიანს, დიფტერიის ტოქსინი შეიძლება სისხლის ნაკადის საშუალებით სხვა ორგანოებამდე, კერძოდ, გულში, თირკმელებსა და თავის ტვინში, მივიდეს. ძალიან იშვიათია კრანიალური ნერვების პარალიზი.

პათოგენეზი

რედაქტირება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად ბაქტერია ხვდება ზედა სასუნთქ გზებში, თუმცა შესაძლებელია დაზიანებულ კანშიც შეაღწიოს. დიფტერიის ტოქსინი 2 ნაწილისგან შედგება: A (კატალიზური) და B (ტრანსმემბრანული რეცეპტორთან მისაბმელი ცილა). B სუბერთეული ებმის უჯრედის ზედაპირს და უზრუნველყოფს A სუბერთეულის უჯრედში შეღწევას. ამის შემდეგ კატალიზური ნაწილი რიბოსომებზე არსებულ ელონგაციის მეორე ფაქტორს უკავშირდება და ცილების სინთეზის ბლოკირებას იწვევს, შედეგად უჯრედი ვეღარ ფუქნციონირებს და ნეკროზდება. ხახა ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, ტოქსინი საწყის ეტაპზე მხოლოდ ზედაპირული შრის უჯრედებს აზიანებს, თუ ტოქსინი უფრო ღრმად შეიჭრა, მაშინ შეიძლება სისხლშიც მოხვდეს. სისხლის საშუალებით კი მივიდეს გულამდე (მიოკარდიტს გამოიწვევს), თირკმელებამდე და ნერვებამდე[8].

მგრძნობელობა

რედაქტირება

ბაქტერია მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების უმრავლესობისთვის, მაგალითად, პენიცილინების, ამპიცილინის, ცეფალოსპორინის, ქინოლინების, ქლორამფენიკოლის, ტეტრაციკლინების, ცეფუროქიმის და ტრიმეთოპრიმის მიმართ.

  1. Parte, A.C. „Corynebacterium“. LPSN.
  2. Hoskisson, P.A. (2018). „Microbe Profile: Corynebacterium diphtheriae – an old foe always ready to seize opportunity“ (PDF). Microbiology. 164: 865–867. doi:10.1099/mic.0.000627. PMC 6097034. PMID 29465341.
  3. Freeman, Victor J (1951). „Studies on the Virulence of Bacteriophage-Infected Strains of Corynebacterium Diphtheriae“. Journal of Bacteriology. 61 (6): 675–688. PMC 386063. PMID 14850426.
  4. Freeman VJ, Morse IU (1953). „Further Observations on the Change to Virulence of Bacteriophage-Infected Avirulent Strains of Corynebacterium Diphtheriae“. Journal of Bacteriology. 63 (3): 407–414. PMC 169283. PMID 14927573.
  5. Nester, Eugene W. (2004). Microbiology: A Human Perspective, Fourth, Boston: McGraw-Hill. ISBN 0-07-247382-7. 
  6. Diphtheria Infection | Home | CDC en-us (2017-04-10). ციტირების თარიღი: 2017-11-27
  7. „Diphtheria | MedlinePlus“ (ინგლისურად).
  8. „Diphtheria“. Healthline (ინგლისურად).