Microsoft Cortana

(გადამისამართდა გვერდიდან Cortana)

Microsoft Cortana (მაიკროსოფტ კორტანა) — ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალური ხმოვანი დამხმარე Windows Phone-ზე მომუშავე სმარტფონებისთვის. Microsoft Cortana პირველად გამოჩნდა Windows Phone 8.1-ში, რომელიც უკვე მიიღეს დეველოპერებმა 2014 წლის 14 აპრილს[1]. ასისტენტი წარმოდგენილი იყო 2014 წლის 2 აპრილს, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენცია „Build“-ზე, სან-ფრანცისკოში[2]. Microsoft Cortana-მ საკუთარი პირადი სახელი მიიღო კომპიუტერული თამაშების სერიის — Halo-ს ერთ-ერთი პერსონაჟისგან, რომლისგან მან ხმაც მიიღო (ვირტუალურ დამხმარეს თამაშში ახმოვანებს მსახიობი ჯენ ტეილორი). ამჟამად კორტანას შეუძლია საუბარი მხოლოდ 2 ენაზე: ინგლისურად და ჩინურად, თუმცა შემქმნელების თანახმად, მალე პერსონალურ ასისტენტს კიდევ სხვა მრავალ ენასა თუ დიალექტზე შეეძლება საუბარი.

შესაძლებლობები

რედაქტირება
 
Cortana-ს ლოგო.

პერსონალურ დამხმარეს გააჩნია მომხმარებლის სურვილების წინასწარ ამოცნობის საშუალება. სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ კორტანას მისცეთ წვდომა პირად ინფორმაციასთან, როგორიცაა ელ.ფოსტა, ძიების ისტორია და ა.შ- ყველა ამ მონაცემს დამხმარე თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. კორტანა სმარტფონებში ანაცვლებს სტანდარტულ საძიებო სისტემას. საჭირო მოთხოვნის მიწოდება ასისტენტისთვის თქვენ შეგიძლიათ როგორც ხმით, ისე წერილობით. საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის ის გამოიყენებს Bing-ს, Foursquare-ს და მომხმარებლის პირად ფაილებს. ვირტუალური დამხმარე ასევე გამოირჩევა კარგი იუმორის გრძნობით: მას შეუძლია თქვენთან საუბრის გაბმა, თუ მოისურვებთ ის გიმღერებთ და ანეგდოტსაც მოგიყვებათ. ის წინასწარ შეგახსენებთ დაგეგმილ შეხვედრას, მეგობრის დაბადების დღეს ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენას. თუ თქვენი ავიარეისი გადაიდო, ან გზაზე დიდი საცობები გელოდებათ, კორტანა ამას დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.[3] კორტანას ინტერფეისს გააჩნია კონფიდენციალურობის საკმაოდ ვრცელი პარამეტრები, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას გააკონტროლოს კორტანას პირად ინფორმაციასთან წვდომა. დეველოპერების თქმით, კონტროლის ასეთი დონე არ გააჩნია არც Siri-ს და არც Google Now-ს.

მოსალოდნელია, რომ Cortana ინტეგრირებული იქნება უამრავ აპლიკაციასთან Windows Phone Store-დან, რაც დეველოპერებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.[4]

Cortana-ს ასაკობრივი შეზღუდვაც აქვს- ასისტენტის მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომელთა Microsoft-ანგარიშის ასაკში 13-წელზე ნაკლებია მითითებული. ასისტენტის აქტივაციისას ბავშვი მოისმენს შემდეგ შეტყობინებას: “ბოდიში, მაგრამ სანამ დაგეხმარებოდეთ, თქვენ ცოტა უნდა გაიზარდოთ„. შესაძლოა, მსგავსი შეზღუდვა უკავშრდება კორტანას ონლაინ-სერვისების სიმრავლეს, რომლებიც არაა განკუთვნილი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.[5]