1934 წლის ლატვიის სახელმწიფო გადატრიალება
1934 წლის ლატვიის სახელმწიფო გადატრიალება | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1934 წლის 15–16 მაისი | ||
მდებარეობა | ლატვია | ||
შედეგი | სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
1934 წლის ლატვიის სახელმწიფო გადატრიალება (ლატვ. 1934. gada 15. maija apvērsums), ლატვიაში, ასევე ცნობილი, როგორც 15 მაისის სახელმწიფო გადატრიალება (15. maija apvērsums), ანუ ულმანისის გადატრიალება (Ulmaņa apvērsums) — ვეტერანი პრემიერ-მინისტრის, კიარლის ულმანისის ავტოგადატრიალება საპარლამენტო სისტემის წინააღმდეგ ლატვიაში. მისი რეჟიმის ფუნქციონირება გაგრძელდა 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციამდე.
15–16 მაისის ღამეს, ულმანისმა, ომის მინისტრის, იანის ბალოდისისა და უკანონო სამხედრო ორგანიზაციის „აიზსარგი“ მხარდაჭერით, მთავარ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებობებზე კონტროლი დაამყარა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ლატვიაში (ასევე, ცნობილი, როგორც საომარი მდგომარეობა), კონსტიტუცია შეაჩერა და ყველა პოლიტიკური პარტია და ლატვიის სეიმი დაშალა.[1][2]
ულმანისმა ამის შემდეგ დააწესა აღმასრულებელი არასაპარლამენტო ავტორიტარული რეჟიმი, რომელშიც თვითონ ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მოქმედი მთავრობა განაგრძობდა კანონების გამოცემას. ლატვიის პრეზიდენტი ალბერტს კვიესისი, რომელიც ულმანისის ლატვიური ფერმერების კავშირიდან იყო, გადატრიალებას დადებითად შეხვდა და 1936 წლის 10 აპრილს ვადის ამოწურვამდე იმუშავა. შემდეგ, ულმანისმა უკანონოდ დააწესა სახელმწიფო პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ოფიციალურად იყო ცნობილი, როგორც „პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი“ (Valsts un Ministru Prezidents), მაგრამ პუბლიკაციებში, როგორც წესი, უწოდებდნენ „ხალხის ლიდერს“ (Tautas Vadonis) ან მარტივად, „ლიდერს“ (Vadonis).
ულმანისი უნიკალური იყო იმდროინდელ ევროპელ დიქტატორებს შორის, რადგან არ ჩამოაყალიბა ერთადერთი მმართველი პარტია და არც ახალი კონსტიტუცია მიიღო. ნაცვლად ამისა, ულმანისმა შექმნა სახელწმიფო კონტროლს დაქვემდებარებული პროფესიების პალატები, რომლებიც ეფუძნებოდა კონსტანტინ პიატსის ესტონური და ანტონიუ დი სალაზარის პორტუგალიური ავტორიტარული რეჟიმების კორპორატიულ მოდელებს. რეჟიმი დიდწილად ეყრდნობოდა ხელისუფლებას, ულმანისის და ბალოდისის პერსონალურ კულტს და ლატვიის დამფუძნებლებს, რომლებმაც თითქოს ერი იხსნეს მრავალპარტიული ქაოსისგან.
ულმანისის ერთგულმა არმიამ და ეროვნული გვარდიის „აიზსარგი“ შენაერთებმა მოაწყვეს უსისხლო გადატრიალება. ისინი მოქმედებდნენ წამყვანი სამთავრობო თანამდებობების, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო დაწესებულებების წინააღმდეგ. მრავალი თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი (თითქმის მთლიანად ლატვიის სოციალ-დემოკრატთა მშრომელების პარტიიდან), ისევე როგორც უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების ფიგურები) და გადატრიალების მოწინააღმდეგე ყველა სამხედრო პირი დააპატიმრეს. თავდაპირველად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააპატიმრეს დაახლოებით 2 000 სოციალ-დემოკრატი, მათ შორის, დაშლილ-დანაწევრებული სეიმის სოციალ-დემოკრატთა წევრების უმრავლესობა და სხვადასხვა მემარჯვენე რადიკალი ორგანიზაციების წევრები, როგორებიცაა პიერკონკრუსტსი.[3] საბოლოო ჯამში, სოციალ-დემოკრატთა 369 წევრი, პიერკონკრუსტსის 95 წევრი, ბალტიისპირული გერმანიის თემის ნაცისტი აქტივისტები და სხვა პარტიების წევრი მრავალი პოლიტიკოსი მოათავსეს ციხის ბანაკებში, რომლებიც შეიქმნა ლიეპაიას კაროსტას რაიონში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე სოციალ-დემოკრატი, როგორიცაა ბრუნო კალნინში, სასამართლომ იარაღის ტარების საქმეში უდანაშაულოდ სცნო, დროდადრო დაპატიმრებულთა უმეტესობის განთავისუფლება დაიწყო, ხოლო ზოგიერთმა გადასახლებაში წასვლა გადაწყვიტა.[4] ისინი, რომლებიც პიერკონკრუსტსის ლიდერის, გუსტავს ცელმინშის მსგავსად, სასამართლომ დაადანაშაულა მოღალატეობრივ საქმიანობაში, გისოსებს მიღმა დარჩნენ თავიანთი სასჯელის ვადის განმავლობაში. ცელმინშის შემთხვევაში, სასჯელის ვადად სამი წელი განისაზღვრა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Kārlis Ulmanis. Deviņpadsmitais Ministru prezidents". Latvijas Vēstnesis. ციტირების თარიღი: December 23, 2003.
- ↑ The Emergence of an Authoritian Regime in Latvia, 1932–1934. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-24. ციტირების თარიღი: 2016-04-10
- ↑ 3.0 3.1 Kārlis Ulmanis Authoritarian Regime 1934–1940.(მკვდარი ბმული)
- ↑ (2003) 20. gadsimta Latvijas vēsture II: Neatkarīgā valsts 1918–1940 (Latvian). Riga: Latvijas Vēstures institūta apgāds. ISBN 9984-601-18-8. OCLC 45570948.
სასარგებლო ბმულები
რედაქტირება- Documentary examines the coup d'état of 1934. 20 May 2020. Public Broadcasting of Latvia.