ჰიდრომეტრია (ბერძ. hydros — წყალი და Metron — ზომა) — ხმელეთის ჰიდროლოგიის დარგი, რომელშიც შემუშავებულია ხმელეთის წყლებისა და ზღვების ჰიდროლოგიური რეჟიმის ელემენტების გაზომვისა და დაკვირვების მეთოდიკა, აგრეთვე გაზომვის შედეგების დამუშავების, მათი შეკრების, შენახვისა და პუბლიკაციის წესები. წყლის შესახებ არსებული უძველესი მეცნიერებაა. ჩვეულებრივ პრაქტიკაში დამკვიდრებულ გაგებაში ჰიდრომეტრია შეიცავს მხოლოდ გაზომვისა და დაკვირვების მეთოდებს ხმელეთის ჰიდროლოგიაში, რომელიც გამოიყენება მდინარეთა რეჟიმის, ტბების, წყალსაცავებისა და ჭაობების შესასწავლად. ოკეანეებისა და ზღვების ჰიდრომეტრია ატარებს პრაქტიკული ოკეანოგრაფიის სახელწოდებას და მიეკუთვნება ოკეანოლოგიას.[1][2]

ჰიდრომეტრიის კვლევის სფეროში შედის სიღრმეების, დონეების, ფსკერისა და ნაკადის თავისუფალი ზედაპირის, რელიეფის, წნევებისა და დაწნევების, სიჩქარეთა და სითხის დინების მიმართულებების, სიჩქარეების და წნევების პულსაციების, ტალღის ელემენტების, ჰიდრავლიკური ქანობების, სითხის მოცულობითი, წონითი და მასითი ხარჯების, ნაკადის სიმღვრივის, ნატანისა და პულპის ხარჯების, ნაკადის თერმული და ყინულოვანი რეჟიმების მახასიათებელი ელემენტების განსაზღვრა.[3]

ჰიდრომეტრიული ინფორმაციის წყაროს ჰიდროლოგიურ სადგურებსა და პოსტებზე არსებული სტაციონარული დაკვირვებები შეადგენს, კვლევის საექსპედიციო, სპეციალური, დისტანციური და სხვა მეთოდები.[4]

ძირითადი ჰიდრომეტრიული სამუშაოების შემადგენლობაში შედის: 1) დაკვირვების პუნქტების მოწყობა; 2) სიღრმეების შესწავლა და ფსკერის რელიეფის გაზომვა; 3) წყლის დონის რყევის დაკვირვება; 4) წყლის ტემპერატურაზე, წყლის ობიექტების გაყინვასა და ყინულძვრაზე, ყინულსაფრის მდგომარეობაზე დაკვირვება; 5) დინების სიჩქარისა და მიმართულების გაზომვა; 6) წყლის ჩამონადენისა და ნატანის განსაზღვრა; 7) ნატანის მექანიკური შედგენილობისა და ფსკერული დანალექების გაზომვა; 8) მდინარეთა კალაპოტის დეფორმაციაზე, ტბებისა და წყალსაცავების ნაპირების დინამიკაზე დაკვირვება; 9) წყლის ქიმიურ შედგენილობასა და ხარისხზე დაკვირვება.[4]

ჰიდრომეტრიას ფართოდ გამოიყენებენ ფიზიკური მოვლენების შესწავლისას (განსაკუთრებით ექსპერიმენტულ ჰიდროაერომექანიკაში); წარმოებასა და მშენებლობის პროექტირების და აგრეთვე მდინარეებისა და ზღვების ჰიდროტექნიკური კონსტრუქციებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს და ა.შ. ჰიდრომეტრია შეიძლება განვიხილოთ ბუნებაში წყლის შესწავლისა და სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში, მანქანებსა და აპარატებში სითხეების გამოყენების თვალსაზრისითაც.[3]

  1. Ми­хай­лов В. Н., Доб­ро­воль­ский А. Д., Доб­ро­лю­бов С. А. Гид­ро­ло­гия. М., 2005.
  2. ნოე უკლება, ჰიდრომეტრია, თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1972.
  3. 3.0 3.1 რობერტ დიაკონიძე, ჰიდრომეტრია, თბილისი : ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018.
  4. 4.0 4.1 Гидрометрия | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-06-23.