ჰელენ ბრუკ ტაუსიგი
ჰელენ ბრუკ ტაუსიგი (ინგლ. Helen Brooke Taussig; დ. 24 მაისი, 1898, კემბრიჯი, მასაჩუსეტში, ამერიკის შეერთებული შტატები, — გ. 20 მაისი, 1986, კენეტ-სქვერი, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი ექიმი, თანამედროვე ბავშვთა კარდიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გულის თანდაყოლილი მანკის, ფალოს ტეტრადის მკურნალობის პირველი წარმატებული მეთოდის შემუშავებაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰელენ ტაუსიგი დაიბადა მასაჩუსეტსის შტატში 1898 წელს. მამა იყო ცნობილი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ ტაუსიგი, დედა — რედკლიფის კოლეჯის (ჰარვარდის დანაყოფი) პირველი ქალი სტუდენტი. ბავშვობაში გამოუვლინდა დისლექსია; კითხვას რთულად, მამის დახმარებით დაეუფლა. 11 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაეცვალა დედა. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, სწავლობდა რედკლიფის კოლეჯში, შემდეგ კი — ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომელიც 1921 წელს დაამთავრა. მიზნად ჰქონდა მედიცინის შესწავლა ჰარდვარდში, თუმცა უარი უთხრეს, რადგან იმ დროს ამ უნივერსიტეტში აკადემიური ხარისხის დასაუფლებლად ქალებს არ იღებდნენ. სწავლა განაგრძო ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში (1922-1924), 1927 წელს კი დაამთავრა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა.[12]
ტაუსიგის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს კანადელმა პათომორფოლოგმა მოდ ებოტმა და ამერიკელმა პედიატრმა ედვარდს პარკმა. ებოტის კვლევებმა გულის თანდაყოლილი დაავადებების შესახებ შთააგონა ტაუსიგი განეგრძო ამ მიმართულებით მუშაობა. 1930 წელს ის პარკმა ჰოპკინზის ჰარიეტ ლეინის ბავშვთა კლინიკის დირექტორად დანიშნა. ტაუსიგის კარიერულ წინსვლასთან ერთად მისი პირადი პრობლემები მატულობდა. 40 წლისაც არ იყო, რომ სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითება განუვითარდა. ამ ნაკლის კომპენსირების მიზნით ისწავლა ტუჩების მოძრაობით ნათქვამის ამოკითხვა და შეიმუშავა ადამიანის გულისცემის ხელით შეფასების ინოვაციური მეთოდი. ამ გზით მან შენიშნა გულის მანკით დაბადებულ ციანოზურ ახალშობილებში გულისცემის თავისებურებანი. ტაუსიგმა დაადგინა, რომ ამ პრობლემის ძირი ფილტვებიდან გულში ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიდინების მოშლა იყო და გამოთქვა აზრი, რომ ხელოვნური არტერიული გზის ანუ შუნტის შექმნა ამგვარ მდგომარეობას შეამსუბუქებდა. მან ეს აზრი ჰოპკინზის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალფრედ ბლალოკს გაუზიარა. მათ ერთად შექმნეს შუნტირების მეთოდი, რომელიც ბლალოკ-ტაუსიგის შუნტის სახელითაა ცნობილი. 1944 წლის 29 ნოემბერს ამერიკელი ახალშობილი ეილინ საქსტონი გახდა პირველი პაციენტი მანამდე უკურნებელ სენად მიჩნეული ფალოს ტეტრადით, რომელსაც წარმატებით ჩაუტარდა ბლალოკ-ტაუსიგის ოპერაცია. შემდგომში ამ მეთოდის დახვეწაში წვლილი შეიტანა ამერიკელმა ლაბორატორიის ტექნიკოსმა ვივიენ ტომასმაც.[12]
ტაუსიგს გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ცნობილი წიგნი „გულის თანდაყოლილი მანკები“ (Congenital Malformations of the Heart, 1947). მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის, აშშ პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (1964). 1965 წელს ის აირჩიეს ამერიკის გულის ასოციაციის პირველ ქალ პრეზიდენტად. ტაუსიგმა ასევე ხელი შეუწყო პრეპარატ ტალიდომიდის გვერდითი ეფექტების გამოვლენას და მედიკამენტის გამოყენების აკრძალვას. მისმა იდეებმა დიდი გავლენა იქონია კარდიოლოგიის შემდგომ განვითარებაზე.[12] ტაუსიგი 1987 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.[13]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/helen-brooke-taussig/
- ↑ https://www.amwa-doc.org/awards/blackwell-exhibit/helen-b-taussig-md/
- ↑ https://laskerfoundation.org/award/clinical/
- ↑ http://dbpedia.org/page/Gairdner_Foundation_International_Award
- ↑ https://cfmedicine.nlm.nih.gov/physicians/biography_316.html
- ↑ https://www.hws.edu/about/history/elizabeth-blackwell/award/default.aspx
- ↑ http://geschichte.univie.ac.at/en/persons/helen-brooke-taussig-prof-dr
- ↑ https://www.societyforpediatricresearch.org/past-award-recipients/#toggle-id-4
- ↑ https://msa.maryland.gov/msa/educ/exhibits/womenshall/html/whflist.html
- ↑ https://aap-online.org/kober/
- ↑ https://www.aps1888.org/awards/#toggle-id-13
- ↑ 12.0 12.1 12.2 Karen McLaren (2019), Helen Brooke Taussig. Encyclopaedia Britannica.
- ↑ Van Robays, J (September 2016). „Helen B. Taussig (1898-1986)“. Facts, views & vision in ObGyn. 8 (3): 183–187. PMID 28003874.