ჰარალდ III (დან. Harald 3.; დ. 1040 — გ. 17 აპრილი, 1080) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის ვაჟი. დანიის მეფე 1076-80 წლებში.

ჰარალდ III
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 28 აპრილი, 1076
მმართ. დასასრული: 17 აპრილი, 1080
წინამორბედი: სვენ II
მემკვიდრე: კნუდ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1040
გარდ. თარიღი: 17 აპრილი, 1080, (39-40 წლის)
დაკრძ. ადგილი: სკონე, შვედეთი
მეუღლე: მარგრეტა ჰაშბიორნსდატერი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: სვენ II
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰარალდი დაიბადა 1040 წელს. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის უფროსი არალეგიტიმური შვილი ცხრამეტიდან, რომლებიც ყველა სხვადასხვა და ამასთან უცნობი საყვარლისგან ჰყავდა. სვენმა ჰარალდი 1069 წელს თან წაიყვანა ინგლისში საბრძოლველად, სადაც იგი ბიძამისის, იარლ აშბიორნისა და ძმის, კნუდის გვერდით იბრძოდა.

1076 წელს სვენ II გარდაიცვალა, რის გამოც დანიის მეფე ჰარალდ III გახდა. იგი ფაქტობრივად თავის ძმასთან, კნუდთან ერთად მართავდა ქვეყანას. მან ქვეყანაში რამდენიმე ძირეული რეფორმა გაატარა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა არისტოკრატიაში, განსაკუთრებით კი მის ძმებში. მისმა ძმებმა სულ მალე ჩამოაყალიბეს ოპოზიცია. აღსანიშნავია, რომ ჰარალდს თვით კნუდიც განუდგა, რომელმაც ნორვეგიის მეფე ოლაფ III-ის მხარდაჭერა მოიპოვა. პაპ გრიგოლ VII-ის ელჩობა ეწვია ოლაფს და ურჩია, რომ არ ჩარეულიყო დანიის კონფლიქტში.

ჰარალდი, ისევე როგორც ყველა მეფე, დიდწილად იყო დამოკიდებული დიდებულებზე, რომელთა უმეტესობაც მას განუდგა. მათი გულის მოსაგებად, ჰარალდმა დროებით შეწყვიტა ომები ინგლისსა და შვედეთთან. ასევე მის დროს შეიქმნა დანიის ეროვნული ვალუტა და მოიჭრა პირველი დანიური მონეტები, რომლებზეც რაღათქმაუნდა მეფე იყო გამოსახული. ასევე მან შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სამეფო ტყეებით ყველას შეეძლო სარგებლობა. აგრეთვე ცდილობდა აღმოეფხვრა დანიაში დამკვიდრებული ძველებური სამართალი, რომელიც წინააღმდეგობაში იყო ქრისტიანულ მორალსა და უამრავი სისხლის ღვრას მოიცავდა. ასევე განაგრძო მამის პოლიტიკა და ცდილობდა პაპისგან დანიის მთავარეპისკოპოსის წოდება მიეღო, მაგრამ ამაოდ.

ჰარალდ III 1080 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ძმა, კნუდ IV ავიდა. იგი დაკრძალეს სკონეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Monarkiet i Danmark – Kongerækken Archived 2009-11-18 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Stefan Pajung, Harald Hén ca. 1040–1080, danmarkshistorien.dk, Aarhus University, January 22, 2010
  • Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. VII [I. Hansen – Holmsted], 1893, p.74.