ჰანელორე კოლი
ჰანელორე კოლი (გერმ. Hannelore Kohl, ნამდვ. სახელი —იოანა კლარა ელეონორა კოლი (გერმ.Johanna Klara Eleonore Kohl), ქალიშვილობის გვარი რენერი (გერმ. Renner); 7 მარტი 1933, ბერლინი, ვაიმარის რესპუბლიკა — 5 ივლისი 2001, ლუდვიგსჰაფენი, გერმანია ) — გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერის ჰელმუტ კოლის (1982-1998) მეუღლე, აქტიური პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
ჰანელორე კოლი | |
---|---|
დაბადების სახელი | იოჰანა კლარა ელეონორა რენერი |
დაბადების თარიღი |
7 მარტი, 1933 ბერლინი. ვაიმარის რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი |
5 ივლისი, 2001 (68 წლის) რაინის ლუდვიგსჰაფენი, გერმანია |
მოქალაქეობა | გერმანია |
პროფესია | გერმანიის პირველი ლედი (1982-1998) |
მეუღლე(ები) | ჰელმუტ კოლი |
შვილ(ებ)ი |
ვალტერ კოლი (1963);; პეტერ კოლი (1965) |
მშობლები |
მამა: ვილჰელმ რენერი დედა: ირენ რენერი |
ჯილდოები | ორდენი-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის. |
2001 წელს თავი მოიკლა საკუთარ სახლში მორფინის მომაკვდინებელი დოზის მიღების შემდეგ.
ადრეული წლები
რედაქტირებაიოჰანა კლარა ელეონორა რენერი ბერლინში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა ლაიფციგში გაატარა. იოჰანას მამა ვილჰელმ რენერი, განათლებით ინჟინერი, ოპერაციების დირექტორად მუშაობდა ჰასაგის სამხედრო ქარხანაში , რომელიც ყველაზე დიდი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ხოლო დედა-ირენი, დამხმარედ მსახურობდა არმიის ნაწილში. გოგონა სკოლაში კარგად სწავლობდა, მშვიდი და წყნარი იყო. ბავშვობიდან ზედმეტსახელ ჰანელორეს ეძახდნენ, რომელიც იოჰანისა და ელეანორის სახელების ნაწილობრივ შერწყმას წარმოადგენდა.
1944-1945 წლის ზამთარში ჰანელორე, ბავშვთა ჯგუფთან ერთად, გაემგზავრა დებელნში, სადაც ჩამოვიდნენ მატარებლები სსრკ-დან დაჭრილ გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად. გოგონები უფროსებს ეხმარებოდნენ ყინვაში დაჭრილების მოვლაში ღია ვაგონებში. ბევრი მათგანი დაავადდა და გარდაიცვალა.[1]
ჟურნალისტ ჰერიბერტ შვანის წიგნში, რომელიც ჰანელორეს გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გამოიცა, ნათქვამია, რომ ომის ბოლო დღეებში, როდესაც საქსონიის ტერიტორია წითელი არმიის კონტროლს ექვემდებარებოდა, ირენი და ჰანელორე რენერები გააუპატიურეს საბჭოთა ჯარისკაცებმა , რის შემდეგაც ჰანელორე "ცემენტის ტომარასავით" გადააგდეს ფანჯრიდან. [2]ამან შემდგომში გავლენა მოახდინა მისი ხერხემლის მდგომარეობაზე, რომლის ტკივილიც ქალს მთელი ცხოვრება ტანჯავდა.[3][4]
1945 წლის მაისის დასაწყისში ჰანელორი და მისი დედა ლაიფციგში ჩავიდნენ ვილჰელმ რენერთან. იმავე წლის ივლისში, როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა დასავლეთ საქსონია და თიურინგია დატოვეს, რათა საბჭოთა ჯარს დაეკავებინა რეგიონი, ოჯახი პფალცში , რაინის ლუდვიგსჰაფენში გაიქცა, სადაც მამის მშობლები ცხოვრობდნენ. თავდაპირველად, ჰანელორი, მისი მამა და დედა ცხოვრობდნენ სამრეცხაოში, რომელიც რენერ უფროსის საკუთრებას წარმოადგენდა. შემდეგ კი რამდენჯერმე შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი.
სწავლის განახლების შემდეგ, ჰანელორემ ინგლისური და ფრანგული ენების შესწავლა დაიწყო, დადიოდა ფორტეპიანოსა და ორგანის გაკვეთილებზე. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მან გადაწყვიტა თარჯიმნის პროფესია აერჩია. იგი შესანიშნავად დაეუფლა ზემოხსენებულ ენებს. 1949 წლის გაზაფხულზე, ცეკვის დროს, გოგონა შეხვდა თვრამეტი წლის ჰელმუტ კოლს, რომელიც ლუდვიგსჰაფენის მაცხოვრებელი იყო. იმ დროისთვის კოლი უკვე აქტიურად მუშაობდა Rhineland-Palatinate რეგიონში ქრისტიან-დემოკრატების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.როდესაც შეიტყო, რომ ჰანელორი ესწრებოდა ცეკვის გაკვეთილებს, ჰელმუტიც ჩაეწერა ცეკვის გაკვეთილებზე დასასწრებად, რითაც ჰანელორი გააკვირვა თავისი სიმტკიცით.[5]
მომავალი კანცლერის და ჰანელორეს ურთიერთობა თითქმის თორმეტი წელი გაგრძელდა: ამ პერიოდში ჰელმუტმა მას დაახლოებით ორი ათასი წერილი მისწერა. მათი ქორწილი მხოლოდ 1960 წელს შედგა . ამ დროისთვის ჰანელორმა დაამთავრა მაინცის უცხო ენების ინსტიტუტი, სწავლის პერიოდში გაიარა სტაჟირება პარიზში .ინსტიტუტის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გახდა ფრანგულისა და ინგლისურის სერტიფიცირებული და სამუშაო დაიწყო დიდ ქიმიურ კონცერნში- BASF.[6]
ოჯახი
რედაქტირებაჰელმუტ კოლთან ქორწინების სამი წლის შემდეგ, ჰანელორეს შეეძინა ვაჟი, ვალტერი. სახელი ომში დაღუპული კოლის უფროსი ძმის პატივსაცემად დაარქვა. 1965 შეეძინათ მეორე ვაჟი პეტერი.
ვაჟების გაჩენის შემდეგ, ჰანელორემ მთელი დრო სახლსა და ოჯახს დაუთმო, ასევე ეწეოდა სოციალურ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას. ამასობაში, მისი მეუღლე წარმატებით აგრძელებდა პოლიტიკურ კარიერას: იგი ჯერ გახდა დეპუტატი, შემდეგ კი - რაინლანდ –პფალცის პრემიერ მინისტრი, ქრისტიან – დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე. 1982 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს გერმანიის ფედერალურ კანცლერად.
როგორც პირველი ლედი,ჰანელორე კოლი მაქსიმალურად კორექტულად და თავშეკავებულად იქცეოდა. მან უარი თქვა ჟურნალისტებისთვის რაიმე პოლიტიკური შეფასების მიცემაზე. იმყოფებოდა ქმრის ჩრდილში. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას
1983 წელს ჰანელორე კოლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის მქონე პირთა დახმარების ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც იგი თავად გახდა. ჰანელორეს ძალისხმევით, ფონდმა 25 მილიონი მარკა მოაგროვა. ეს თანხა გადანაწილდა ასზე მეტ გერმანიის კლინიკაში. გარდა ამისა, მას სამზარეულო უყვარდა: ის გამოჩნდა კულინარიულ სატელევიზიო პროგრამებში, მაყურებლის წინაშე ქმრის საყვარელი კერძების მომზადების დემონსტრირებით. მონაწილეობდა გასართობ თოქ-შოუებში. პირველი ლედი მთელ ჰონორარს ავადმყოფების დასახმარებლად ხარჯავდა.
1996 წელს გამოვიდა ჰანელორეს წინგნი „კულინარიული მოგზაურობა გერმანიის რეგიონებში“ (გერმ. Kulinarische Reise durch Deutsche Länder), რომელშიც პირველმა ლედიმ გამოაქვეყნა გერმანული ეროვნული კერძების კულინარიული რეცეპტების კრებული.[7]
ავადმყოფობა
რედაქტირება1993 წელს კანცლერის ცოლი გრიპით გახდა ავად. ავადმყოფობის დროს მან პენიცილინი მიიღო, რის შედეგადაც მას იშვიათი დაავადება გაუჩნდა - ალერგია სინათლეზე. აქ იგულისხმებოდა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე დღის სინათლის შიში. ჰანელორე ლუდვიგსჰაფენში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ პირველი ქალბატონის ავადმყოფობაზე არ ესაუბრათ, ბევრმა ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ მასსა და კოლს შორის უთანხმოება იყო. ჰანელორე სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე. თუმცა, როდესაც ჰელმუტ კოლმა ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე კვლავ წამოაყენა კანდიდატურა, ჰანელორე ავადმყოფობის მიუხედავად, მეუღლეს თან ახლდა საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც საბოლოოდ გერჰარდ შრედერის გამარჯვებით დასრულდა.
გარდაცვალებამდე წელიწადნახევრით ადრე ჰანელორეს მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ოთახებში ჟალუზები იყო ჩამოშვებული, სითბოს აუტანლობის გამო, ცდილობდნენ ტემპერატურა მინიმალურ ზღვარზე შეენარჩუნებინათ. ქალს მხოლოდ ღამე შეეძლო გარეთ გასვლა. გერმანელი და უცხოელი ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. ჰანელორე იძულებული იყო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, კერძოდ მორფინი მიეღო. ავადმყოფობის გამო, ჰანელორი 2001 წლის 28 მაისს სტამბოლში უმცროსი ვაჟისა და თურქი ქალის ელიფ სიზენის საქორწილო ცერემონიაზეც ვერ ჩავიდა.
სიკვდილი
რედაქტირება2001 წლის 5 ივლისს ჰანელორემ თავი მოიკლა. როგორც პოლიციის გამოძიებით გახდა ცნობილი, მან ძილის წამალს შეურია დიდი რაოდენობით მორფინი.
ჰელმუტ კოლს შეატყობინეს ცოლის გარდაცვალების შესახებ, როდესაც რაიხსტაგში შეხვედრაზე იმყოფებოდა. საათნახევრის შემდეგ ის თვითმფრინავით ჩაფრინდა ლუდვიგსჰაფენში. ქმრისადმი მიწერილ წერილში ჰანელორე წერდა: ”მე ყოველთვის ძალიან მიყვარდი. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. ” გარდა ამისა, ჰელმუტს სთხოვდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ იგი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, მაგრამ სანამ მან წერილი წაიკითხა, ეს უკვე შეუძლებელი იყო. საერთო ჯამში, გარდაცვლილმა დატოვა რვა ასეთი წერილი, რომელიც განკუთვნილი ქმრისთვის და ვაჟებისთვის, ასევე ზოგიერთი მეგობრისთვის (შემდგომში, არავინ გაასაჯაროვა წერილების შინაარსი).
ჰანელორის ცხედარი ლუდვიგსჰაფენში გადაასვენეს და დაკრძალეს კოლის ოჯახის საძვალეში, ლუდვიგსჰაფენ-ფრაიზენჰაიმის სასაფლაოზე, სადაც იმ დროისთვის კოლის მშობლებიც დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ კანცლერის მეუღლე რელიგიურად პროტესტანტი იყო .კოლმა მოითხოვა მისი დაკრძალვა კათოლიკური სასაფლაოს ტერიტორიაზე.[8]
ხსოვნა
რედაქტირება2004 წელს გამოიცა ჰელმუტ კოლის მემუარების პირველი ტომი, რომელიც მოიცავს მისი ცხოვრების პერიოდს 1982 წლამდე. მან წიგნი მეუღლის ხსოვნას მიძღვნა, კოლმა ხაზი გაუსვა: ”მის გარეშე, ჩემი ჰანელორეს გარეშე, ჩემი ყველა წარმატება და მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა”.
იმავე წელს, ჰანელორე კოლის სახელი მიენიჭა ლუდვიგსჰაფენში რაინის სანაპიროს.
2004 წლის 19 აგვისტოს ნეიკიოლნის ოპერის თეატრში შედგა დეა ლოერისა და ვოლფგანგ ბოემერის ოპერის „შუქი“ (გერმ. Licht) პრემიერა. იგი ეძღვნებოდა ჰანელორე კოლის ტრაგიკულ ისტორიას. იმავე წლის დეკემბერში ბონის საოპერო თეატრში მსგავს თემატიკაზე წარადგინეს იოჰან კრესნიკის ბალეტი.
ლიტერატურა გერმანულ ენაზე
რედაქტირება- Schwan, Heribert. Die Frau an seiner Seite: Leben und Leiden der Hannelore Kohl. — Munchen: Heyne, 2011. ISBN 978-3-453-18175-5.
- Kohl, Walter. Leben oder gelebt werden: Schritte auf dem Weg zur Versöhnung. — Munchen: Integral, 2011. ISBN 978-3-7787-9204-9.
- Kujacinski, Dona; Kohl, Peter. Hannelore Kohl. — Köln: Droemer Knaur, 2002. ISBN 3-426-27271-7.
- Clough, Patricia. Hannelore Kohl. — Stuttgart: DVA, 2002. ISBN 3-421-05615-3.
- Thadden, Elisabeth von. Die Perfektionistin. Das Leben und Sterben der Hannelore Koh[მკვდარი ბმული]l // Die Zeit. — 2002. — № 10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Nazi history in Leipzig". conne-island.de (გერმან.). Retrieved March 23, 2010.
- ↑ www.zeit.de Die Frau hinter dem Panzer[მკვდარი ბმული]
- ↑ Jan Fleischhauer: Sehnsucht nach dem Ende. In: Der Spiegel 24/2011 vom 11. Juni 2011.
- ↑ Hickley, Catherine (July 11, 2011). "Kohl's Wife Suffered War Rape Trauma, Life in His Large Shadow". Bloomberg.
- ↑ Clough, Patricia (6 July 2001). "Hannelore Kohl" – via The Guardian.
- ↑ Hitchens, Christopher. "The Wartime Toll on Germany".
- ↑ A Culinary Tour of Germany, München, Germany: Zabert Sandmann, 1996, ISBN 3924678871 (გერმ.)
- ↑ Германия прощается с Ханнелоре Коль, супругой бывшего канцлера ФРГ - Гельмута Коля (11 ივლისი 2001).