ჰანა შტურმი
ჰანა შტურმი ( გერმ. Hanna Sturm ; დ. 28 თებერვალი, 1891, კლინგენბახი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 9 მარტი , 1984, ზაგრები, იუგოსლავია ) — ავსტრიელი აქტივისტი, პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე და მშვიდობისთვის მებრძოლი, გერმანიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე მას შემდეგ, რაც ავსტრია ანექსირებული იქნა ნაცისტური გერმანიის მიერ 1938 წელს. მან რამდენიმე წელი გაატარა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში. რავენსბრიუკიუდან გაათავისუფლეს 1945 წლის 30 აპრილს. 1958 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა გამომცემელი. წიგნი გამოიცა 1982 წელს, შტურმის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. [1]
ჰანა შტურმი | |
---|---|
მშობლიური სახელი | გერმ. Johanna Sturm |
დაბადების თარიღი |
28 თებერვალი 1891 კლინგენბახი, აიზენშტადტი, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი |
9 მარტი 1984 (93 წლის) ზაგრები, ხორვატიის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია |
მოქალაქეობა | ავსტრია |
საქმიანობა | პოლიტიკური და მშვიდობის აქტივისტი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაიოჰანა შტურმი დაიბადა აიზენშტადტის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბურგენლანდის კომუნა კლინგენბახში. ბურგენლანდი ავსტრიის ნაწილი გახდა 1921 წელს. როდესაც და ჰანა და მისი ძმები დაიბადნენ, ავსტრია-უნგრეთის უნგრულ ნახევარში მდებარეობდა.ჰანა ოთხი შვილიდან მეორე და ერთადერთი გოგონა იყო ოჯახში. მამა დურგლად მუშაობდა. ოჯახი ბურგენლანდის ხორვატულ უმცირესობას ეკუთვნოდა.[2]
ჰანა სკოლაში მხოლოდ ორი წელი დადიოდა და შემდეგ, უნგრეთში სავალდებულო საყოველთაო განათლების არარსებობის გამო, რვა წლის ასაკში დაიწყო იძულებული გაცხდა მინდორში ემუშავა. შემდეგ შინამოსამსახურედ მუშაობდა. როდესაც ის ათი წლის იყო, მამამ ნოტარიუსს გადაუხადა ერთი გულდენი, იმის დასადასტურებლად, რომ გოგონა უკვე თორმეტი წლის იყო, რამაც მას საშუალება მისცა სამსახური დაეწყო მეზობლად მდებარე შატენდორფის შაქრის ქარხანაში. ერთი წლის მუშაობის შემდეგ ჰანა დააწინაურეს, რამაც ქარხანაში მომუშავე ბავშვებში შური გამოიწვია. მათ სამაგიერო გადაუხადეს და ჰანას ცარიელი ყავის ჭურჭელი შაქრის სიროფით აავსეს. დღის ბოლოს, შემოწმების დროს სიროფი აღმოაჩინეს და ჰანა გაათავისუფლეს სავარაუდო ქურდობისთვის. 14 წლის ასაკში მან სამსახური მიიღო Jute AG ქარხანაში ნეიფელდში, ბურგენლანდის კიდევ ერთ პატარა ქალაქში. იგი მუშაობდა იმავე ასაკის სამ სხვა ბავშვთან ერთად სამრეწველო დასუფთავების მანქანაზე, რომელიც გამოიყენება მასალების დამუშავებისას. თუმცა, გაფიცვის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა „სახელფასო თაღლითობას,“ ის ისევ ქუჩაში აღმოჩნდა.
მონაწილეობა ვენის მშრომელთა მოძრაობაში
რედაქტირებავენაში, ძმის დახმარებით, ჰანამ გაიცნო ჩეხების ოჯახი. მამა პროფკავშირის წევრი იყო: მან მოახერხა ჰანა დაესაქმებინა ფლორიდდროფში მდებარე Jute AG - ის ქარხანაში, რომელიც წარმოადგენდა მზარდ ინდუსტრიულ კვარტალს მდინარის გასწვრივ, ქალაქის ძირითადი ნაწილის ჩრდილოეთით (ქარხანა იყო შვილობილი. ნეიფელდისა, საიდანაც მანამდე ჰანა შტურმი გაათავისუფლეს). ფლორიდსდორფში იგი პირველად გაეცნო მზარდ შრომით მოძრაობას. 1908 წლის 15 მარტს ჰანა შტურმი შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1910 წლის 8 მარტს იგი გახდა პროფკავშირების წევრი. პარტიული თანამებრძოლების რჩევითა და მხარდაჭერით ისწავლა წერა-კითხვა.
1911 წელს ვენაში საყოველთაო გაფიცვა გაიმართა. ჰანა შტურმმა მონაწილეობა მიიღო რინგშტრასეზე გამართულ დიდ დემონსტრაციაში. პოლიციამ აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენა. შტურმი ავრცელებდა ბუკლეტებს მუშებს შორის, რის გამოც იგემა ძლიერი დარტყმა სახეში. შედეგად, თვალები გაუსისხლიანდა. დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დაკარგა სამსახური Jute AG-ში. დაიწყო მისი უმუშევრობის ახალი პერიოდი.
დედობა და ომი
რედაქტირება1912 წლის 7 ოქტომბერს ქალიშვილის ტერეზიას დაბადების შემდეგ შტურმი, როგორც გაუთხოვარი მარტოხელა დედა, ტრადიციულად დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მან მიიღო სამუშაო საბრძოლო მასალების ქარხანაში ბლუმაუში (მატერსბურგი) ვენის სამხრეთით. 1916 წლის აგვისტოში იგი დააპატიმრეს დივერსიის ბრალდებით და გარკვეული დროით მოხვდა წინასწარი დაკავების იზოლატორში. საბოლოოდ, საქმე სასამართლომდე მივიდა და მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. შტურმმა სხვა სამსახური იპოვა. თითქმის მთელ თანხას, დედას — ანას უგზავნიდა, რომელიც მის ორ ქალიშვილს უვლიდა. გოგონების მამა ომში დაიღუპა. უმცროსი— რელი, გარდაიცვალა ვენის საავადმყოფოში 1919 წელს. შტურმმა მონაწილეობა მიიღო 1918 წლის იანვრის გაფიცვის მზადებაში მშრომელი ქალების პირობების გასაუმჯობესებლად და ომის წინააღმდეგ. შედეგად, იგი კვლავ დააკავეს, მაგრამ ამჯერად იგი სწრაფად გაათავისუფლეს არამყარი მტკიცებულებების გამო.
133 საბჭოთა დღე
რედაქტირება1918 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმპერიის სწრაფმა დაშლამ გამოიწვია უნგრეთის გამოყოფა ავსტრიისგან და ბურგენლანდი გახდა სასაზღვრო რეგიონი. ვინაიდან ჰანა შტურმი დოკუმენტებში ბურგენლანდელ ხორვატად იყო ჩაწერილი, იგი ვენაში უცხოელად აღიარეს და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ჰანა იყო უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის მომხრე, რომელიც გამოცხადდა ბელა კუნის მიერ 1919 წლის 21 მარტს. მხარდაჭერა გამოიხატა მის პრაქტიკულ საქმიანობაში: შტურმი მუშაობდა კურიერად, აწვდიდა წინასწარ დანიშნულ ადგილას მნიშვნელოვან თანხებს, რომლებიც უნგრეთის წითელი არმიისთვისგროვდებოდა. ერთ დღეს იგი პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს, დააკავეს და წაიყვანეს ზალაეგერსზეგში. სამი დღის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთისას ნეიფელდში ის კვლავ იცნეს და დააკავეს. შტურმი სადგურის მოსაცდელ ოთახში იყო გამოკეტილი. მან მოახერხა ჩუმად გადახტომა ფანჯრიდან და მინდვრების გავლით გაემართა ბენფურტისკენ, რომელიც იმ დროს ავსტრიის შემადგენლობაში შედიოდა.
1919 წლის აგვისტოს დასაწყისში უცხოური სამხედრო ინტერვენციის გამო უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. შტურმმა რესპუბლიკის ლიდერებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზება დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი რომლის ვინაობაც არ იყო ცნობილი, იყო ბელა კუნი, იგი სამი დღის განმავლობაში იმალებოდა შტურმის ბინაში, თუმცა გამგზავრებამდე გაამხილა საიდუმლო.
ომის შუა პერიოდი
რედაქტირებააგვისტოში, ტერიტორია, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბურგენლანდის, უნგრეთიდან ავსტრიის შემადგენლობაში გადავიდა, რის შემდეგაც ორივე ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ იქნა ცალკეულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შტურმმა საბოლოოდ შეძლო სახლში ნეუფელდში დაბრკოლების გარეშე დაბრუნება. მან სამუშაო იპოვა ჯუთის ფაბრიკაში. იგი მალევე გახდა მუშათა საბჭოს წევრი. ომისშემდგომ წლებში იგი განაგრძობდა პოლიტიკურ აქტიურობას. მისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდნენ კათოლიკური თემის წარმომადგენელი ხორვატი მუშა ქალები, რომლებსაც დამსაქმებელი იყენებდა შტრეიხბრეკერებად. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჰანა შტურმმა მოახერხა ქალთა ცნობიერების ამაღლება და მათში გაფიცულების მიმართ სოლიდარობის გამოწვევა. [3]
1924 წელს ჰანა შტურმი ეწვია მოსკოვს, როგორც ავსტრიის დელეგატი კომინტერნის საერთაშორისო კონფერენციაზე. იგი შეხვდა გამოჩენილ პოლიტიკურ აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან: მისი ამხანაგები, რომლებთანაც მან გაიზიარა მოსაზრებები, იყვნენ სუნ იატ-სენი და მისი ახალგაზრდა მეუღლე სუნ მეილინი, რომელთანაც, როგორც მოგვიანებით შტურმი წერდა, მან გერმანულ ენაზე განიხილა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სცილდებოდა პოლიტიკას. ასევე შეხვდა ბელა კუნს, რომელმაც „მაშინვე იცნო იგი.“ ამ დროს, ავსტრიაში, 1925 წელს, მოეწყო ქალების ორი დიდი გაფიცვა. ისინი მოითხოვდნენ ხელფასების ზრდას. მოსკოვიდან სახლში დაბრუნებისთანავე შტურმმა ვერ შეძლო სამუშაოს პოვნა. იგი მაშინვე შეუდგა უმუშევართა ორგანიზებას ამ მხარეში, გახდა უმუშევართა კომიტეტის თავმჯდომარე ეიზენშტადტში, ბურგენლანდის დედაქალაქში, თუმცა შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერის პირობებში, თავად უკიდურესად გაჭირვებულ ვითარებაში იმყოფებოდა. ამავე დროს, ჰანას სდპ-ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტიც მოუვიდა. პარტიის თავმჯდომარემ, ოტო ბაუერმა ამასთან დაკავშირებით კალამბურიც წარმოთქვა: „Wir lassen uns die Sturm nicht über den Kopf wachsen“ ( გერმ. - „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება შტორმს(ქარიშხალს)/შტურმს, რომ გვძლიოს.“
1925 წელს (სხვა წყაროების მიხედვით, 1927 წელს), მიმდინარე უთანხმოების კონტექსტში, შტურმი გარიცხეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან ეს ფაქტი აღიქვა, როგორც ავსტრიის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანების საშუალება. [4] ჰანა ვერ მოახერხა სამსახურის პოვნა ბურგენლანდლში, სადაც, სავარაუდოდ, ყველა ქარხნის მფლობელმა იცოდა მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, [5] ამიტომ 1929 წელს, თავის ზრდასრულ ქალიშვილ ტერეზიასთან ერთად, გაემგზავრა ბრემენში, გერმანიაში, სადაც დასაქმდა ტექსტილის ქარხანაში. გერმანია ამ პერიოდში განიცდიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას: 15 კომუნისტი წარმომადგენლიდან 12 აირჩიეს მუშათა საბჭოში, სადაც შტურმი მუშაობდა. ამაში ჰანას საქმიანობაც ითამაშა გარკვეული როლი. ამის შემდეგ მალე დედა-შვილი გააძევეს გერმანიიდან.
ბურგენლანდში დაბრუნებისთანავე დაიწყო უმუშევრობის ახალი პერიოდი. 1930 წელს ჰანა და ტერეზია მაღაროელების ჯგუფთან ერთად გაემგზავრნენ მოსკოვში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ექვსი თვის შემდეგ, ლენინგრადის რაბოტნიცას ტექსტილის ქარხანაში ინსტრუქტორების რანგში ავარჯიშებდნენ სტაჟიორებს და სხვა ახალგაზრდა მუშაკებს მბრუნავი მანქანებზე სამუშაოდ დღის სამ ცვლაში.
დაბრუნება ავსტრიაში
რედაქტირება1932 წლის შემოდგომაზე ავსტრიის კომუნისტურმა პარტიამ ჰანა შტურმი ავსტრიაში გაიწვია. ტერეზია დარჩა საბჭოთა კავშირში და ჩაირიცხა ლენინგრადის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ეროვნულ ეკონომიკას. იგი ასევე მუშაობდა საბუთებთან მეზღვაურთა საერთაშორისო კლუბში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, გერმანელი მეზღვაური, რომელზეც 1932 წელს დაქორწინდა. მოგვიანებით, მისი ქმარი დააპატიმრეს, სავარაუდოდ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარის თქმის გამო და გაუჩინარდა. ერთი წლის შემდეგ, თავად ტერეზიაც დააპატიმრეს. მან 18 წელი გაატარა ციხეში და ცხოვრობდა კომის უქტინსკის რაიონში. აქ მან გაიცნო თავისი მეორე იუგოსლავიელი ქმარი, რომელთანაც 1957 წელს გადავიდა იუგოსლავიაში. [5]
1934 წელს ავსტრიაში ძალაუფლება გადავიდა ფაშისტური მთავრობის ხელში, და გერმანიაში განვითარებული მოვლენებით წახალისებული ქვეყანა სწრაფად გარდაქმნა პოსტ-დემოკრატიულ დიქტატურულ სახელმწიფოს. წყაროები ძირითადად დუმს ჰანა შტურმის პოლიტიკურ საქმიანობაზე 1930-იანი წლების ბოლოს. ცნობილია, რომ ხელისუფლებამ ის ოთხჯერ დააკავა 1933-1937 წლებში, 4-დან 24 დღემდე. [6] ამ პერიოდში იგი გარიცხეს ავსტრიის კომუნისტური პარტიიდან, თუმცა უცნობია ეს მოხდა პარტიის აკრძალვამდე თუ მას შემდეგ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრად რჩებოდა.
ლიხტენბურგი და რავენსბრიუკი
რედაქტირება1938 წლის მარტში ავსტრია გაერთიანდა ნაცისტურ გერმანიასთან. ცნობილი ანტიფაშისტების რეპრესიები სულ უფრო და უფრო სისტემატური გახდა. იმავე თვეში შტურმი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად გესტაპომ. 1938 წლის ივნისში იგი მოათავსეს ლიხტენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში, ცენტრალურ გერმანიაში, ლაიფციგსა და ბერლინს შორის. ჰანა ავად გახდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და შექმნა ოსტატთა მცირე ჯგუფი. ეგრეთ წოდებული „შტურმის კოლონა“, რომლის საქმიანობას შეადგენდა ბანაკში აღჭურვილობის შეკეთება, რითაც მცველების კეთილგანწყობა დაიმსახურა, რომლებმაც მათ ბანაკის სხვადასხვა ნაწილში მისვლის საშუალება მისცეს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების დროს, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და საკვები მოიპარეს. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, 1939 წლის მაისში, ლიხტენბურგის საკონცენტრაციო ბანაკი დაიხურა და ქალი პატიმრები გადაიყვანეს რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, ბერლინის ჩრდილოეთით. წყაროებიდან მიღებული შეზღუდული ინფორმაციის მიხედვით, შტურმი სისტემამ ვერ გატეხა. მას აღწერდნენ, როგორც „ავსტრიელ კომუნისტს და ხელმარჯვე ოსტატს, რომელსაც შეუძლია სხვებს ასწავლოს ღობეების აგება, ლურსმნების დარტყმა და საკეტების გატეხვა“, შემდეგ კი, მოულოდნელად, „წაიყვანოს დისკუსიები ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ შესახებ. 13 ბლოკის უკანა ნაწილში. …რავენსბრიუკში კვლავ ხელმძღვანელობდა „შტურმის კოლონას“ უფროსების მიერ „სანდო პატიმრად “ითვლებოდა. 1941 წელს ბანაკის ექიმ ვალტერ სონტაგის სახლის მსახურად დაინიშნა. შტურმი მოგვიანებით იხსენებდა, თუ როგორ სცემდა სონტაგი ცოლს მის თვალწინ, რომელიც სიმთვრალის გამო არ თვლიდა უცხო პირების იქ ყოფნას მნიშვნელოვნად.
ომის შემდგომი პერიოდი
რედაქტირება1945 წლის 30 აპრილს ჰანა შტურმი გაათავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკიდან. ათ წელზე მეტი იყო გასული, როდესაც სსრკ- დან განთავისუფლებული მისი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი კვლავ შეხვდნენ ჰანას. [7] მთავარ პრიორიტეტი ჯერ უბრალოდ გადარჩენა იყო. შტურმი დაბრუნდა ბურგენლენდში. 1948 წლამდე ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს დახმარება არ მიუღიათ და ომისშემდგომ პირველ წლებში შტურმი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო. როგორც ეთნიკური უმცირესობის, ბურგენლანდის ხორვატების წარმომადგენელი. იგი თავს უცხოდ გრძნობდა ახალ ოკუპირებულ ავსტრიაში. ამ დროს შტურმი მტკივნეულ წარსულს ებრძოდა: საკონცენტრაციო ბანაკის რეალობა მას სიზმარში არ ასვენებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ჰანა არ გატყდა. სასამართლო პროცესებზე რამდენჯერმე გამოვიდა რავენსბრიუკის ბანაკის ყოფილი მცველების წინააღმდეგ. ნეუფელდში, მშობლიურ ქალაქში, მან ააშენა სახლი. 1958 წლისთვის ავტობიოგრაფია დაწერა, რომელიც მზად იყო გამოსაცემად, თუმცა გამოქვეყნებამდე 24 წელი მოუწია მოცდა. წიგნი 1982 წელს გამოსცა გამომცემლობამ Verlag für Gesellschaftskritik.
ჰანა შტურმი გარდაიცვალა 1984 წელს მისი ქალიშვილის ტერეზიას სახლში ზაგრებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hanna Sturm: Die Lebensgeschichte einer Arbeiterin; Vom Burgenland nach Ravensbrück. Verlag für Gesellschaftskritik, 2nd edition, Vienna 1982
- ↑ Johanna Sturm, Geboren am 28. Februar 1891 in Klingenbach (Burgenland), Verfolgungsgrund: Politischer Widerstand. ÖsterreicherInnen im KZ Ravensbrück. Institut für Konfliktforschung, Wien.. ციტირების თარიღი: 2018-01-28.
- ↑ Svjetlana Hromin-Heidler. (2009-12) Hanna Sturm. Aus anlass des 25. todestages von Hanna sturm berichtet ihre enkelin über ihre Jugend und ihr politisches Wirken. გვ. 24–25. Mitteilungsblatt: Der Österreichischen Lagergemeinschaft Ravensbrück & FreundInnen, Wien. ციტირების თარიღი: 2018-01-28.
- ↑ Hanna Sturm: Geboren am 28. Februar 1891 in Klingenbach/Klimpuh, Österreich: Gestorben am 9. März 1984 in Zagreb, Jugoslawien. Für eine neue Kultur des Zusammenlebens. Kommunistische Partei Österreich, Wien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-25. ციტირების თარიღი: 2018-01-29.
- ↑ 5.0 5.1 Sturm Therese / Штурм Тереза Карловна. Österreichische Stalin-Opfer (bis 1945). Österreichisches Zentrum für russische Sprache und Kultur. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
- ↑ Johanna Sturm .... Haftweg. ÖsterreicherInnen im KZ Ravensbrück. Institut für Konfliktforschung, Wien.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-30. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
- ↑ Sturm, Therese. Dokumentationsarchivs des österreichischen Widerstandes. ციტირების თარიღი: 2018-01-30.