ჰანა სუხოცკა
ჰანა სუხოცკა (პოლ. Hanna Stanisława Suchocka; დ. 3 აპრილი, 1946) — პოლონეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1992–93 წლებში. ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი.
ჰანა სუხოცკა | |
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ივლისი, 1992 – 26 ოქტომბერი, 1993 | |
წინამორბედი | ვალდემარ პავლაკი |
მემკვიდრე | ვალდემარ პავლაკი |
დაბადებული | 3 აპრილი, 1946 პლეშევი, პოლონეთი |
მოქალაქეობა | პოლონეთი |
მამა | იუზეფ სუხოცკი |
დედა | ვანდა სუხოცკა |
განათლება | პოზნანის უნივერსიტეტი |
პროფესია | სამართალმცოდნე |
საქმიანობა | დიპლომატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰანა სუხოცკა დაიბადა პოზნანის სიახლოვეს მდებარე ქალაქ პლეშევში ფარმაცევტების კათოლიკურ ოჯახში. ბაბუა უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ხოლო ბებია 1918 წლის 11 ნოემბერს პოლონეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბებული პირველი სეიმის წევრი გახდა.
ჰანამ 1968 წელს პოზნანში დაამთავრა ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით, ხოლო 1975 წელს დასავლეთ გერმანიაში დაიცვა კონსტიტუციური სამართლის დოქტორის ხარისხი. ამ პერიოდში დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. 1969 წელს იგი შევიდა მმართველი "გაერთიანებული მუშათა პარტიის" მოკავშირე დემოკრატიულ პარტიაში, 1980 წელს კი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა სახალხო რესპუბლიკის სეიმის დეპუტატი.
პოპულარული პროფკავშირის "სოლიდარობის" აღმოცენების შემდეგ ჰანა სუხოცკა იურიდიულ საკითხებში მისი მრჩეველი იყო. როგორც დეპუტატმა, მან 1981 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ვოიცეხ იარუზელსკის გადაწყვეტილებას ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. 1982 წ. 8 ოქტომბერს ოთხ სხვა დეპუტატთან ერთად "სოლიდარობის" აკრძალვის წინააღმდეგ მისცა ხმა, რასაც პარტიული დისციპლინის დარღვევის მოტივით მისი გარიცხვა მოჰყვა. 1989 წ. სუხოცკა დეპუტატად იქნა არჩეული "სოლიდარობის" გახლეჩვის შემდეგ შექმნილი "დემოკრატიული კავშირიდან", სეიმის წევრობა კი მან 2001 წლამდე შეინარჩუნა.
იგი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მათ შორის 1992 წლის იანვარ-ოქტომბერში - თავმჯდომარის მოადგილე.[1]
ჰანა სუხოცკა გახდა პოლონეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში - მხოლოდ მეორე, ლიეტუველი კაზიმირა პრუნსკენეს შემდეგ. 1992 წლის 8 ივლისს ის სათავეში ჩაუდგა სამთავრობო კოალიციას, რომელიც შედგებოდა კონსერვატიული ქრისტიან-ეროვნული კავშირის, მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალ-დემოკრატიული კონგრესის და დემოკრატიული კავშირისგან.[2]
ცვალებადი პოლიტიკული ლანდშაფტის პირობებში კოალიციის შექმნის ან დაშლის მიზნით სხვადასხვა პარტიებს შორის გადაჯგუფებები ხშირად ხდებოდა. საერთო არასტაბილურობის გამო პოპულარული პრეზიდენტის ლეხ ვალენსას გავლენა დაეცა. ადმინისტრაციულ-გეგმიური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი ეტაპი ფართო ფენებისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რეგულარულად ეწყობოდა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვები, რომელმაც განსაკუთრებით ფართოდ მოიცვა ქვანახშირის მრეწველობის და სარკინიგზის სფერო. საკონსტიტუციო შესწორებით, მთავრობას მიეცა უფლება, საპარლამენტო პროცედურების გვერდის ავლით დეკრეტების მეშვეობით გაეტარებინა რეფორმები.[3]
მას შემდეგ, რაც საბაზრო რეფორმების მომხრე პრემიერმა უარი თქვა საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდაზე, 1993 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტში მისი კაბინეტის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა. ერთი ხმის უპირატესობით მისმა ოპონენტებმა იმარჯვეს, რაც კოალიციის დაშლით და მთავრობის დათხოვნით დასრულდა. რიგგარეშე არჩევნებზე მისმა "დემოკრატიულმა კავშირმა" ხმების 20% მიიღო, თუმცა ახალი კოალიციის მიღმა აღმოჩნდა.
პოსტის დატოვების შემდეგ სუხოცკამ თანამოაზრეებთან ერთად ლიბერალურ-დემოკრატიულ პლატფორმაზე ჩამოაყალიბა "თავისუფლების კავშირი".[4] 1994-97 წწ. იგი შედიოდა პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
იეჟი ბუზეკის მიერ შექმნილ მორიგ კოალიციურ მთავრობაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჰანა სუხოცკა 1997 წელს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. ორი წლის შემდეგ მთავრობამ იგი წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე, მაგრამ კანდიდატურამ ვერ შესძლო საჭირო ხმების მოგროვება. 2000 წელს კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით მან თანამდებობა დატოვა.
2001 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ ჰანა სუხოცკა ვატიკანში პოლონეთის წარმომადგენლად დაინიშნა[5], სადაც იგი 2013 წლამდე დარჩა.
1991-2016 წწ. იყო ევროსაბჭოსთან არსებულ სამართლებრივ საკითხთა საკონსულტაციო კომისიის (ვენეციის კომისია) წევრი, გადადგომის შემდეგ კი იგი საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
პოლონეთის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის 2014 წელს დაჯილდოებული იქნა ქვეყნის "თეთრი არწივის" უმაღლესი ორდენით.
არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ძირითადი თემებია სამართლის როლი სახელმწიფოს სისტემის ორგანიზაციის საქმეში, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ჯილდოები
რედაქტირება- წლის ადამიანი (ჟურნალი Wprost, 1992)
- რომის კათოლიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1992)
- ოკლაჰომის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1993)
- პოზნანის საპატიო მოქალაქე (2012)
- ევროპაში მშვიდობის, თავისუფლების და თანამშრომლობის წმ.ვოიცეხის სახელობის საერთაშორისო პრემია (2015)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ms Hanna Suchocka venice.coe.int
- ↑ People: Hanna Suchocka geni.com
- ↑ Biography, Hanna Suchocka britannica.com
- ↑ Hanna Suchocka self.gutenberg.org
- ↑ Academicians: Suchocka დაარქივებული 2021-04-15 საიტზე Wayback Machine. pass.va