ჰაილბრონის აჩრდილი

ჰაილბრონის აჩრდილი, ხშირად მოხსენიებული, როგორც „უსახო ქალი“ — ნავარაუდები სერიული მკვლელი ქალი, რომლის არსებობაზეც მიუთითებდა 1993-2009 წლებში ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მრავალი დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი ერთი და იმავე დნმ-ის ნიმუში. ექვს მოკლულს შორის ერთ-ერთი იყო პოლიციის ოფიცერი მიშელ კიზევეტერი, რომელიც ჰაილბრონში (გერმანია) 2007 წლის 25 აპრილს მოკლეს.

მემორიალური ნიშნული ოფიცერი კიზევეტერის მკვლელობის ადგილას

დანაშაულებს ერთადერთი რამ ჰქონდათ საერთო — ერთი და იმავე ქალის დნმ-ის ნიმუში, რომელიც 40 დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს. დანაშაულები მოიცავდა როგორც ძარცვებს, ასევე მკვლელობებს. 2009 წლის მარტის დასასრულს გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ „კრიმინალი აჩრდილი“ არ არსებობდა, და ქალის დნმ ბამბის ჩხირებზე ნიმუშების აღებამდე მდებარეობდა; იგი ეკუთვნოდა ქალს, რომელიც ჩხირების მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა.[1]

გამოძიება

რედაქტირება

ავსტრიაში ნაპოვნი ნიმუშის მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ავლენდა ისეთ მახასიათებლებს, როგორსაც აღმოსავლეთ ევროპელები და რუსები ფლობდნენ. ეს დეტალი ვერ აღმოაჩინა გერმანიაში ჩატარებულმა გამოძიებებმა, რადგან იმ დროისთვის დნმ-ით შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული ატრიბუტების დადგენა, მაგალითად, სქესის.[2] სულ მცირე 2008 წლიდან, არაერთი ოფიცერი ეჭვობდა, რომ მტკიცებულებას გამოძიება შეცდომაში შეჰყავდა, და დნმ ნიმუშის არსებობა დაბინძურების შედეგი იყო, რაც 2009 წელს დადასტურდა.[3][4]

ჰაილბრონის პოლიციის განყოფილებაში შეიკრა გამომძიებელთა გუნდი „Parkplatz“ („ავტოსადგომი“). 2009 წლის იანვარში „აჩრდილის“ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისა და სამხილებისთვის დაწესებული ჯილდო 300 000 ევრომდე გაიზარდა.[3][5]

„აჩრდილის“ არსებობის შესახებ ეჭვი ადრეც არსებობდა, მაგრამ 2009 წლის მარტში საქმის გამოძიებამ გეზი ახალი მიმართულებით აიღო, როცა ცხედრის ვინაობის დადგენისას გამომძიებლებმა „აჩრდილის“ მდედრობითი დნმ-ის ნიმუში დევნილი მამაკაცის განცხადებაზე არსებულ თითის ანაბეჭდში იპოვეს. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იდუმალებით მოცული დამნაშავე არ არსებობდა და ლაბორატორიის შედეგებზე დნმ-ის ნიმუშების აღებისას გამოყენებულ ბამბის ჩხირებზე არსებული დაბინძურება ახდენდა გავლენას. მართალია, ჩხირები სტერილური იყო, მაგრამ ისინი ადამიანის დნმ-ის ნიმუშის ასაღებად სერტიფიცირებული არ იყო.[6]

დადგინდა, რომ პოლიციის განყოფილებების მიერ გამოყენებული ბამბის ჩხირები მიღებამდე იყო დაბინძურებული. გაირკვა, რომ ყველა დაბინძურებული ჩხირი ერთი და იმავე ქარხნიდან იყო, რომლის მუშებიც იყვნენ აღმოსავლეთ ევროპელი ქალები. ბავარიის პოლიცია ბამბის ჩხირებს სხვა ქარხნიდან იღებდა, რამაც ახსნა ის ფაქტი, რომ „აჩრდილის“ კვალი არასდროს უპოვიათ ბავარიაში, რომელიც ზოგიერთი დანაშაულის ადგილთან ახლოს მდებარეობს.[4]

დაკავშირებული დანაშაულები

რედაქტირება

„აჩრდილის“ დნმ აღმოაჩინეს შემდეგი დანაშაულის ადგილებიდან აღებულ ნიმუშებზე:

  • ჭიქაზე იდარ ობერშტაინში (გერმანია) 1993 წლის 25-26 მაისს 62 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ (დნმ-ის ანალიზი 2001 წელს გაკეთდა);
  • სამზარეულოს უჯრაზე ფრაიბურგში (გერმანია) 2001 წლის 21 მარტს 61 წლის კაცის მკვლელობის შემდეგ;
  • ჰეროინის შემცველ შპრიცზე გეროლშტაინთან (გერმანია) ახლოს, ტყის ტერიტორიაზე, 2001 წლის ოქტომბერში;
  • შემტვრეულ ტრაილერში ნამცხვრის ნარჩენზე ბუდენჰაიმში (გერმანია) 2001 წლის 24 ოქტომბერს;
  • სათამაშო რევოლვერზე 2004 წელს არბუაში (საფრანგეთი) ვიეტნამელი ვაჭრების გაძარცვის შემდეგ;
  • გასროლილ საგანზე ვორმსში (გერმანია) 2005 წლის 6 მაისს ძმებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ;
  • ძარცვისას ფანჯრის შესამტვრევად გამოყენებულ ქვაზე ზაარბრიუკენში (გერმანია) 2006 წლის 3 ოქტომბერს (დნმ-ის აღმოჩენა და ანალიზი 2008 წლამდე არ განხორციელებულა);[7]
  • 2007 წლის მარტში ოპტიკის მაღაზიის ძარცვის შემდეგ გალნოიკირხენში (ზემო ავსტრია);
  • 2003-2007 წლებში მომხდარი 20-მდე მანქანისა და მოტოციკლის ქურდობის შემდეგ ჰესენში, ბადენ-ვიურტემბერგსა და ზაარლანდში (გერმანია); ტიროლში (ავსტრია); და ზემო ავსტრიაში;
  • 2008 წლის 30 იანვარს მოკლული სამი ქართველის ცხედრების გადასატანად გამოყენებულ მანქანაზე ჰეპენჰაიმში (გერმანია; დნმ-ის ანალიზი 2008 წლის 10 მარტს გაკეთდა);
  • მიტოვებულ საცურაო აუზში 2008 წლის 22 მარტს მომხდარი ძარცვის შემდეგ ქალაქ ნიდერშტეტენში (გერმანია);
  • 2008 წლის მარტსა და აპრილში სახლებში შეჭრის ოთხი შემთხვევის შემდეგ კვირშიდში (ორჯერ), ტოლეისა და რიოლში (გერმანია);
  • 2008 წლის 9 აპრილს ობერსტენფელდ-გრონაუში საცხოვრებელ ბინაში შეჭრის შემდეგ;
  • 2008 წლის 9 მაისს ქალის გაძარცვის შემდეგ ზაარჰიოლცბახში;
  • 2008 წლის ოქტომბერს დამხმარე ექთნის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მის მანქანაში ვაინსბერგთან (გერმანია) ახლოს.

ადამიანის დნმ-ით დაბინძურებით გამოწვეული გამოძიებების შეცდომაში შეყვანის შედეგად სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) 2016 წელს გამოაქვეყნა სტანდარტი ISO 18385, რომელმაც მკაცრად განსაზღვრა ადამიანის დნმ-ით დაბინძურებისგან დაცული საგამოძიებო საშუალებების წარმოების მოთხოვნილებები: „ადამიანის დნმ-ით დაბინძურების რისკის შემცირება საგამოძიებო მიზნებით გამოყენებულ იმ ნაწარმში, რომლითაც ხდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება, შენახვა და ექსპერტიზა“.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 'დნმ-ის შეცდომა' გერმანიის პოლიციას თავზარს სცემს. BBC (2009-03-28). ციტირების თარიღი: 2021-11-09
  2. „ექსპერტიზა: გერმანია დნმ-ის მტკიცებულების კრიმინალურ საქმეებში ფართო გამოყენებას განიხილავს“. Nature. 543 (7647): 589–590. 2017-03-30. Bibcode:2017Natur.543R.589.. doi:10.1038/543589b. PMID 28358108. S2CID 4466872.
  3. 3.0 3.1 „ბამბის ჩხირი: პოლიცია შიშობს, რომ „სერიული მკვლელი“ უბრალოდ დნმ-ის დაბინძურების შედეგი იყო“. Spiegel Online. 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2019-08-19.
  4. 4.0 4.1 ბერლინში, ფრან იეომანი (2009-03-27). „ჰაილბრონის აჩრდილი, მცდარი დნმ და აჩრდილის დევნაში დახარჯული რვა წელი“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2019-08-19.
  5. "Phantom von Heilbronn" hat es nie gegeben“ (German). News von Morgen. 2009-03-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-01. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
  6. ჰიმელრაიხი, კლაუდია (2009-03-27). „გერმანიის სერიული მკვლელი აჩრდილი: დნმ-ის შეცდომა“. TIME. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
  7. Weitere DNA-Spur der "Phantommörderin" (8 აპრილი, 2008) Rheinische Post (გერმანულად). 15 აგვისტო, 2012.
  8. გასიოროვსკი-დენისი, ელიზაბედ (2016-07-06). „იდუმალებით მოცული ჰაილბრონის აჩრდილი“. ISO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-25. ციტირების თარიღი: 2020-04-18.