ჯორჯაძეების ციხე-დარბაზის კომპლექსი

ჯორჯაძეების ციხე-დარბაზის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, მდინარე ინწობის მარჯვენა ნაპირას, ვაკეზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ციხის გეგმა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. მისი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები სწორხაზოვანია, ერთმანეთის პარალელური. აღმოსავლეთისა კი, რომელშიც ადრე ამ ადგილას მდგარი სასახლეა ჩართული, ტეხილია. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდგარა გეგმით წრიული კოშკები. მათგან დასავლეთის ორივე კოშკი და ციხის დასავლეთ კედელი მდინარეს წაუღია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკი საცხოვრებლად იყო გამოყენებული. ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. ციხის ჩრდილოეთ კედლის შუაში დგას გეგმით ნახევარწრიული კოშკი, რომელიც გალავანზე მოგვიანებითაა მიდგმული. გალავნის სამხრეთ კედლის დას. ბოლოში, მდინარის ფლატის პირას, შემორჩენილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული, გაურკვეველი ნაგებობების ნანგრევები. გალავნის შიგნით და გარეთ მჭიდროდ არიანი დასახლებულნი, რაც ხელს უშლის ციხე-დარბაზის ნაგებობათა თავდაპირველი სახის წარდგენას. გალავნის სამხრეთ კედლის შუაში თაღოვანი ჭიშკარია, ციხის კედლები (სიმაღლე 5-6მ) ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლებს ქონგურები არ გააჩნია და თავი გადამრგვალებული აქვს. კედლების ქვედა ნაწილი ყრუა, ზემოთ კი ხის საბრძოლო ბილიკი იყო მოწყობილი. ამ დონეზე შორიშორს განლაგებულია პირდაპირ მიმართული და ძირს დახრილი სათოფურები გალავნის ჩრდილოეთ კედლის შუაში მოწყობილი ყოფილა ბუხარი.სასახლე გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (15,3x6,4მ), ნაგებია რიყის ქვით.

შესასვლელების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. შენობა შედგება ორი, თითქმის თანაბარი ზომის ნაწილისგან, რომელთა შორის მოქცეულია ვიწრო,კამაროვანი ტალანი.სასახლის თითოეულ ნაწილში თითო ოთხია (ფართობით დაახლოებით 25-30 კვ.მ). შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის ჩრდილოეთ კედლის ნაწილი. შესასვლელი ორივე ნაწილის ოთახებს ტალანიდან აქვს. ტალანში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტალანის დასავლეთ ბოლოში იწყება განიერი, ოთხკუთხა ხვრელი, რომელიც მესამე სართულამდე ადის. პირველი სართულის ორივე ოთახის თითქმის ერთანეთის მსგავსია. ორივე ოთახში გეგმით ნახევარწრიული თითო ბუხარია. კედლებში დატანებულია სწორკუთხა თახჩები. ორივე ოთახში მოწყობილი იყო ხის კიბე, რომელიც მეორე სართულის ოთახში ადიოდა.მეორე სართულის ოთახების გადაწყვეტა პირველის მსგავსია. ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებულია მეორე სართულის ტალანში, ერთმანეთის პირდაპირ მდებარე კარებით. ამავე ტალანში იწყება მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე. დასავლეთით მდებარე ოთახის ჩრდ. კედლის შუაში ბუხარია. მის გვერდებზე, ერთი მეორის ზემოთ, თითო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლები ანალოგიურადაა განლაგებული სამხრეთ კედელშიც, მხოლოს მათ შორის, ბუხრის ნაცვლად, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. მსგავსი ორი ნიშაა დასავლეთ კედელშიც. ხოლო ერთი — აღმოსავლეთ კედელში. აღმოსავლეთით მდებარე ოთახის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლოში და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში თითო განიერი სარკმელია. ოთახის კედლებში რვა სათოფურია გაჭრილი. მათგან ორ-ორი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ოთხი — სამხრეთ კედელში. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა.

სასახლის მესამე სართულიდან შემორჩენილია დასავლეთ ნაწილის ჩრდილოეთ კედელი, რომელშიც მოწყობილი იყო მაღალი, განიერი ნიშები. მათ შორის კი თითო შეწყვილებული სათოფური. სართულშუა გადახურვები გამართული ყოფილა ხის კოჭებზე (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდვები). ციხის ჩრდ. კედელზე მიდგმული კოშკი სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკის პირველი სართულის მომრგვალებულ კედელში ხუთი შეწყვილებული სათოფური და გეგმით ნახევარწრიული ერთი ბუხარია. ამ სართულს კარი ეზოსკენ აქვს. სართულს კოჭოვანი გადახურვა ჰქონია. კოშის მეორე სართული პირველის მსგავსადაა გადაწყვეტილი. მაგრამ,მისგან განსხვავებით, სათოფურები ნიშნებში არ არის მოთავსებული. სართული გადახურულია დადაბლებული გუმბათოვანი კამარით. კოშკის მესამე სართულის კედლებიდან მცირე ნაწილიღაა დარჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება