ჯოდი უილიამსი (ინგლ. Jody Williams; დ. 9 ოქტომბერი, 1950, პუტნი, ვერმონტი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის დამფუძნებელი. 1997 წელს უილიამსმა და მისმა კამპანიამ მიიღეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ჯოდი უილიამსი

ჯოდი უილიამსი 2001 წელს.
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1950
პუტნი, აშშ

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯოდი უილიამსი დაიბადა ვერმონტის შტატის ქალაქ პუტნიში 1950 წელს. სწავლობდა პოლ ნიცეს საერთაშორისო კვლევების სკოლაში (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის განყოფილება) ვაშინგტონში და საერთაშორისო სწავლების სკოლაში ბრატლებოროში (ვერონტი). 1972 წელს დაამთავრა ვერმონტის უნივერსიტეტი. სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობაში.

სწავლის პარალელურად, 1980-იან წლებში ჩაერთო ლათინური ამერიკის დახმარების, განსაკუთრებით სალვადორის შინაომით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის ღონისძიებებში: 1984-1986 წლებში იყო ნიკარაგუა-ჰონდურასის განათლების პროექტის თანაკოორდინატორი, 1986-1992 წლებში კი — ელ სალვადორისთვის სამედიცინო დახმარების პროგრამის დირექტორის მოადგილე. მის მოვალეობებში, სხვათა შორის, შედიოდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დასახიჩრებული ბავშვების კიდურების პროთეზებით უზრუნველყოფა. 1992 წლის ოქტომბერში, ექვს საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო კამპანიას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის მოთხოვნით (International Campaign to Ban Landmines, ICBL). მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო 1997 წელის დეკემბერში, როდესაც ოტავაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებას. შემდგომ წლებში ხელშეკრულების რატიფიცრება მოახდინა 150-მდე ქვეყანამ (ხელმომწერთა შორის არ არიან ნაღმების უმსხვილესი მწარმოებლები, მაგ., აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ასევე სხვა ქვეყნები, მ.შ. საქართველო). 1997 წელს უილიამსს ICBL-თან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[1][2]

უილიამსი აქტიურადაა ჩართული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და ქალთა უფლებათა დაცვის შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობაში, 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლენილი აქვს ათობით მილიონი აუფეთქებელი ნაღმი, რომელიც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.[1] 2006 წლიდან არის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ნობელიანტ ქალთა ინიციატივის თავმჯდომარე.[3]

უილიამსი არის თანაავტორი წიგნისა „როდესაც ქვემეხები დუმდება: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მყარი მემკვიდრეობა“ (After the Guns Fall Silent: The Enduring Legacy of Landmines, 1995), რომელიც ეხება მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში ნაღმებით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტებს. უილიამსი ასევე არის თანარედაქტორი ნაშრომისა „ნაღმების აკრძალვა: განიარაღება, სახალხო დიპლომატია და ადამიანთა უსაფრთხოება“ (Banning Landmines: Disarmament, Citizen Diplomacy, and Human Security, 2008). უილიამსს მიღებული აქვს არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა შორის დაასახელა. მისი მოგონებები „ჩემი სახელია ჯოდი უილიამსი: ვერმონტელი გოგონას ხვეული გზა ნობელის მშვიდობის პრემიამდე“ (My Name Is Jody Williams: A Vermont Girl’s Winding Path to the Nobel Peace Prize) 2013 წელს გამოქვეყნდა.[1][2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Jody Williams, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
  2. 2.0 2.1 Jody Williams, Nobel Media AB. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
  3. Jody Williams, Nobel Women’s Initiative. ნანახია 15 თებერვალი, 2020.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნობელის პრემია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვისათვის / ბელა ჩეკურიშვილი // არმია : საგანმანათლებლო-ანალიტიკური ჟურნალი / დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. - თბილისი, 2012. - N3. - გვ.21-25.