ჯენიფერ ფსაკი
ჯენიფერ ფსაკი, ინგ. Jennifer Rene Psaki (დაბ.1978 წ.) - ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტიკური მრჩეველი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი 2013-15 წწ., თეთრი სახლის პრეს-მდივანი 2021-22 წწ.
ჯენიფერ ფსაკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 დეკემბერი 1978 სტემფორდი, კონექტიკუტის შტატი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | საზოგადოებათან ურთიერთობის მენეჯერი |
მეუღლე(ები) | გრეგორი მეჩერი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯენიფერ ფსაკი დაიბადა კონექტიკუტის შტატის ქ.სტემფორდში. მამა უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა, დედა კი - ფსიქოთერაპევტად. მათ სამ შვილს შორის ჯენიფერი ყველაზე უფროსია. მამა ჯეიმზ ფსაკი (ფსაკისი) წარმოშობით ბერძნული პელოპონესიდან არის.[1]
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯენიმ ჩააბარა ვირჯინიის უილიამის და მერის კოლეჯში, რომელიც 2000 წელს დაამთავრა ინგლისური ენის და სოციოლოგიის განხრით.
როგორც დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი, ჯენიფერი 2001 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მისი წარმომადგენლების წინასაარჩევნო კამპანიაში. თავდაპირველად იგი მუშაობდა შტატის გუბერნატორის ტომ ვილსაკის და სენატის წევრობის კანდიდატის ტომ ჰარკინის გუნდებში, 2004 წელს კი სათავეში ედგა პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ ქერის საზოგადოებასთან ურთიერთობების ბიუროს. ქერის დამარცხების შემდეგ მომდევნო ორი წლის მანძილზე ჯენიფერ ფსაკი ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატის წევრის ჯოზეფ ქრაულის პიარ-სამსახურს.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან მიიპყრო კანდიდატ ბარაქ ობამას ყურადღება. როგორც პრეს-მდივანი, იგი ობამას თან ახლდა მთელი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომლის დროსაც იმოგზაურა 47 შტატში და 4 ქვეყანაში.[2]
გამარჯვების შემდეგ ფსაკი მიწვეული იქნა თეთრ სახლში პრეს-მდივნის მოადგილის და შემდეგ კომუნიკაციების ბიუროს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
2011 წელს მან მცირე ხნით დატოვა საჯარო სამსახური და მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივ ურთიერთობათა კვლევითი ორგანიზაციის Global Strategy Group ვაშინგტონის ოფისის დირექტორად.
2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ის კვლავ ბარაქ ობამას მრჩევლის მოვალეობებს ასრულებდა, 2013 წელი თებერვალში კი დაინიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნად ჯონ ქერის დროს. მომდევნო ორწლიანი პერიოდი დაემთხვა მსოფლიოში ვითარების გართულებას. როგორც საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ ბრიფინგებზე ფსაკი გადმოსცემდა აშშ-ს მთავრობის შეხედულებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით. 2014 წლის მარტში ყირიმის და მოგვიანებით დონბასის საკითხის გამო რუსეთის ფედერაციასთან მკვეთრად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე პრეს-მდივანი ერთ-ერთი პირველი აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას აშშ-ს პოლიტიკის შესახებ, რის გამოც ის რუსი ჩინოსნების და მედიის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ობიექტი გახდა. მის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი გეოგრაფიული თუ ტერმინოლოგიური უზუსტობა მით უფრო განსაკუთრებულ ქილიკს იწვევდა, მაგრამ ხშირად პრეს-მდივანის გამონათქვამების განზრახ დამახინჯება ხდებოდა.[3]
ორი წლის შემდეგ ჯენიფერ ფსაკი დაბრუნდა თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩევლად კომუნიკაციების სფეროში, სადაც ის მუშაობდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებამდე.
პოსტის დატოვების შემდეგ 2017-20 წწ. იგი მოღვაწეობდა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ზე პოლიტიკურ მიმომხილველად, აგრეთვე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ჯენიფერმა თეთრი სახლის პრეს-მდივნად მუშაობის შეთავაზება მიიღო. 2022 წლის 13 მაისს მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა ერთ-ერთ სატელევიზიო კომპანიაში საქმიანობის გაგრძელების მიზნით.[4]
მუშაობის სტილი
რედაქტირებაწინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ჯენიფერ ფსაკის წინამორბედს, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მედიასთან. ბრიფინგები ხშირად ტოქსიკურ გარემოში ურთიერთთავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც გაწონასწორებულმა პროფესიონალმა, ფსაკიმ პირველივე გამოსვლისას ისაუბრა თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან ცივილიზებული ურთიერთობის არსებობის აუცილებლობაზე ამერიკული საზოგადოების სწორი ინფორმირების საერთო მიზნიდან გამომდინარე.[5]
ასეთი მიდგომა აშკარა კონტრასტი აღმოჩნდა იმ პერიოდთან, როცა იგივე ტრიბუნიდან მედიის გარკვეული სეგმენტი ხალხის მტრად და ყალბი ინფორმაციის გავრცელების რუპორად ცხადდებოდა. რეპორტიორებთან უშუალო ურთიერთობის წყალობით ბრიფინგების ოთახში ნდობის და გამჭვირვალობის დაბრუნება ახალმა პრეს-მდივანმა თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.[6]
გადადგომის შემდეგ ჯენიფერ ფსაკის საქმიანობა მრავალმა ექსპერტმა შეაჯამა. შეფასებების უმრავლესობა პოზიტიური აღმოჩნდა მათი მხრიდანაც კი, ვინც ადმინისტრაციის მიმართ ზოგადად კრიტიკული განწყობით იყო ცნობილი.[7]
ფინანსური მდგომარეობა
რედაქტირებამაღალანაზღაურებადი პროფესიული საქმიანობის წყალობით, ჯენიფერს ფინანსური თვალსაზრისით უზრუნველი ცხოვრება აქვს. 2020 წლის მონაცემებით, მისი ქონების ღირებულება შეადგენს 2 მლნ დოლარს.[8]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირება2010 წელს დაქორწინდა გრეგორი მეჩერზე, რომელიც ერთ-ერთი კონგრესმენის მრჩეველი იყო. ჰყავს ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Biden selects Greek-American Jen Psaki as White House Press Secretary keeptalkinggreece.com, 2020 წლის 30 ნოემბერი
- ↑ Jen Psaki leaving White House politico.com, 2011 წლის 20 სექტემბერი
- ↑ DISINFO: "PSAKING" MEME BECAME A SYMBOL OF STUPIDITY OF AMERICAN DIPLOMACY DURING THE OBAMA ADMINISTRATION დაარქივებული 2021-04-23 საიტზე Wayback Machine. euvsdisinfo.eu, 2020 წლის 29 ნოემბერი
- ↑ Jen Psaki signs off as White House press secretary: 'Thank you for making me better' cnn.com, 2022 წლის 13 მაისი
- ↑ No meltdowns: Jen Psaki’s first briefing as Biden press secretary was a breath of fresh air vox.com, 2021 წლის 20 იანვარი
- ↑ Biden's press secretary has embraced normalcy. Is it working? msn.com
- ↑ Why Jen Psaki will be missed as White House press secretary. It's 'the end of an era' yahoo.com, 2022 წლის 14 მაისი
- ↑ Biography, Jen Psaki featurebiography.com