დრისის ჯავახაანთ ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან ჯავახაანთ ციხე)

დრისის ჯავახაანთ ციხე – ციხესიმაგრე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე. მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. საბუთებში იხსენიება ქვენადრისის ციხის სახელწოდებითაც, რადგან მდებარეობს ყოფილი სოფლის ქვენადრისის მახლობლად.

XVII საუკუნეში დრისის „ციხე და ნახევარი ჭალა“ ეკუთვნოდათ ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებს. 1624 წელს ზაქარია და იესე ჯავახიშვილებმა გიორგი სააკაძეს გაერთიანების პირობა დაუდეს, რომლის თანახმად დიდ მოურავს სხვა მამულებთან ერთად მიართვეს „ქვენადრის სახასო ციხე და სასახლე მისის ქვევრითა და გარეშემოთი“. ქვენადრისში მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესიის საკუთარი ყმები სახლობდნენ, რომლებიც თავისუფალი იყვნენ სამეფო გადასახადებისაგან.

1721 წელს მანგლელმა ეპისკოპოსმა ძამუტაშვილებს განუახლა საყდრის ყმების სამკვიდროდ ნაქონი მოურავობა საჯავახიანოს სოფლებში, მ. შ. ქვენადრისშიც. XVIII საუკუნის II ნახევარში სოფ. ქვენადრისი აოხრებულა. ამჟამად მხოლოდ სოფ. ზენადრისია შემორჩენილი.

არქიტექტურა

რედაქტირება

კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ჩრდილოეთით კოშკი დგას, ხოლო სამხრეთით სასახლე მდგარა, რომელიც ამჟამად საკმაოდ დანგრეულია. ეკლესია, რომელიც ციხის ზედა იარუსზე დგას, დარბაზულია და ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსი. კომპლექსში ასევე შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.

დრისის ციხეზე ასვლა შესაძლებელია აღმოსავლეთის მხრიდან ტყეში მიმავალი ბილიკის საშუალებით, ასევე დასავლეთიდან, თუმცა ეს გზა გაცილებით რთულია. ციხის აღმოსავლეთით, ხევის გადაღმა ცოტა მოშორებით, სოფ. ჭყოპიანის მოპირდაპირე მხარეს დგას პატარა ეკლესია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს.

დრისის ჯავახაანთ ციხეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება