ხურამიტები, ხურამდინები (სპარს. ხურამდინ „ბედნიერი, სასიამოვნო სარწმუნოების მიმდევრები“) — რელიგიური მოძღვრების მიმდევრები და ანტიარაბული სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის მონაწილენი ადრე შუა საუკუნეების ირანში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიასა და სომხეთში. უკავშირდება მაზდაკიზმისა და მანიქეიზმის მოძღვრებას. ხურამიტები დუალისტები იყვნენ. სამყაროს საფუძვლად მიაჩნდათ სინათლე, სწამდათ სულის გარდასახვა, ნათელხილვის მუდმივობა და, რომ ყველა წინასწარმეტყველი შთაგონებულია ერთი ღვთაებრივი სულით; ერიდებოდნენ ადამიანის შეურაცხყოფას და სისხლის ღვრას. ხურამიტები მონაწილეობდნენ აბუ მუსლიმის აჯანყებაში 747-750 წლებში, სუმბატ მოგვის აჯანყებაში 755 წელს. ხურამიტების დროშით მიმდინარეობდა „წითელბაირაღიანთა“ აჯანყება 778-779 წლებში, მუკანას აჯანყება VIII საუკუნის 70-80-იან წლებში, ბაბექის აჯანყება IX საუკუნეში. უკანასკნელად იხსენიებიან XII საუკუნის I ნახევარში აზერბაიჯანსა და ჰამადანის მხარეში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოფურია ჰ., ქსე, ტ. 11, გვ. 517, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება