მთავარი მენიუს გახსნა

ბაბექის აჯანყება, დიდი სახალხო ანტიფეოდალური და ანტიარაბული აჯანყება აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში. ბაბექის წინამძღოლობით დაახლოებით 816-817 წლებში. მისი მთავარი მონაწილენი იყვნენ ხურამიტების მოძღვრების მიმდევარი გლეხები და ხელოსნები, რომლებიც იბრძოდნენ არაბთა ბატონობის, ფეოდალური ექსპლოატაციისა და გაბატონებული რელიგიის — ისლამის წინააღმდეგ. მათ ბევრი წვრილი მიწათმფლობელიც მიემხრო. შეიქმნა ძლიერი ლაშქარი, რომლის ცხენოსანი ჯარი 20 ათას მხედარს ითვლიდა. 819-827 წლებში აჯანყებულებმა დაამარცხეს არაბთა 6 ლაშქარი. მტრის გარნიზონების განდევნის შემდეგ ისინი დაეუფლნენ მთელ აზერბაიჯანს და ირანის ზოგიერთ პროვინციას. აჯანყებამ სომხეთისა და საქართველოს ზოგი რაიონიც მოიცვა. ბაბექის მომხრეთა რიცხვმა 300 ათას კაცს მიაღწია. ერთ ხანს არაბთა სახალიფომ აჯანყებულებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან ბიზანტიასთან ომითა და ეგვიპტეში აჯანყების (830-833) ჩახშობით იყო დაკავებული. 833 წელს ბიზანტიასთან დაზავების შემდეგ, ხალიფა მუთასიმმა (833-842) მთელი ძალები აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართა. 834 წელს ქ. ჰამადანთან ბრძოლაში აჯანყებულებმა მძიმე დამარცხება განიცადეს (არაბული წყაროების მიხედვით, დაახლოებით 60 ათასი კაცი დაკარგეს). 835 წელს ხალიფამ არაბთა ჯარის სათავეში გამოჩენილი სარდალი, უსრუშანის მმართველი ჰაიდარ იბნ კავუს აფშინი დანიშნა. აჯანყებულები თანდათან კარგავდნენ ძალებს. ფეოდალები, რომლებიც პირველ ხანებში მიემხრნენ აჯანყებას, თანდათან ჩამოშორდნენ მას. ბაბექის მომხრეები ბოლოს ბაძის ციხეში (თალიშის მთები, ყარაბაღი) გამაგრდნენ. ბაბექმა ბიზანტიის იმპერატორს არაბების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. 837 წელს ბიზანტიის ლაშქარი შეება არაბებს, მაგრამ აჯანყებულთა მდგომარეობა ამით არ შემსუბუქებულა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, 837 წლის შემოდგომაზე არაბებმა ბაძი აიღეს. მიუხედავად დამარცხებისა, ბაბექის აჯანყებამ დაასუსტა სახალიფო და დააჩქარა მისი დაშლა.

ლიტერატურარედაქტირება

  • История Азербайджана, Баку, 1958, с. 117-125;
  • Томара М., Бабек, М., 1936;
  • Ямпольский З. И., Восстание Бабека, Баку, 1941;
  • ქსე, ტ. 2, გვ. 118-119, თბ., 1977